მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი ოცდამეხუთე)
„მიჰგვარეს ყეინს ურჯულოს, სისხლმსმელს ადამიანისას… საღერღელი აეშალა, ვით კრავის წინ მხეცსა ტყისას. გაწყრა: — „როგორ გაბედეო, არ გადუდეგ ჩემს მოსისხლეს? სთქვი პასუხი და იცოდე, შენი განკითხვის დღეა დღეს. იცოდე, რომ წინვე მითქვამს: თავი უნდა მოგეკვეთოს! ამის შეცვლა თითონ ღმერთმაც ჩემმაც მე ვერ შემომბედოს. მინამ მოგკლავ, მსურს აქ ჩემ-წინ შეინანო ბრალი შენი, აქ ჩემ ფეხთ-წინ აღიარო შენვე შენი სიმუხთლენი…“ მეფემ უთხრა: — „შენისთანა ჩემი რა გამკითხველია! ნუ მოგაქვს თავი იმით, რომ ძალა აღმართის მხვნელია. შენ-წინ მოთქმა რას მიქვიან? რას მიქვიან შენანება? ჩემი გამკითხველი არი ნამუსი და ჩემი ნება. ჰქმენ რაც გინდა!.. მე არ გკითხავ, — რად გწადს მომკვეთო თავიო… სვავს ვინ ჰკითხავს, სისხლს რადა ჰსვამ, სვავო, რადა ხარ სვავიო?..“ გაწყრა ყეინი ამაყი, ეს როგორ გამიბედაო! უბრძანა: — „ჰგვემეთ და სცემეთ, ბნელეთს ჩააგდეთ ეგაო“. წაიყვანეს მეფე ჩვენი და საბნელეთში ჩააგდეს; შემოარტყეს გარს მცველები, კარს კლიტეები დაადეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი