მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი ოცდამეშვიდე)
„უეცრად კარი გაიღო, რკინით, კლიტით დაჭედილი; ორი ვიღაც შემოვიდა ფეხაკრებით, როგორც ჩრდილი. მოვიდნენ და თაყვანი სცეს მეფესა გაოცებულსა… მერე იცნა, მისნი იყვნენ, და ჩაიკრა ორივ გულსა. მოახსენეს: — „შევისყიდეთ და გავტეხეთ ქრთამით კარი… ყველა მზაა!.. თავს უშველე, აწ შენი ხსნა შენს ხელთ არი. ნუღარ იცდი… თუ არ ეხლავ, მერე გვიანღა იქნება: ხვალ თავს გჭრიან, — ასეაო ყეინისა თურმე ნება“. უბრძანა თუ: — „ადრეც მითქვამს, არ გადვირჩენ სხვისით თავსა, ჩემ-მაგიერ არ დავღუპავ ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხსა. ჩემს გაქცევას ხომ ზედ მოჰყვა ხალხის სრვა და ქვეყნის რბევა! არა, არ ვიქ!.. ტყუილია თათბირი და ყველა რჩევა!“ ბევრს ევედრნენ და არ გაჰყვა მეფე თავის ერთგულ ყმათა… ნეტა რა გულმა გაუძლო მათ ხვეწნას და მუდარათა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი