მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი ოცდამერვე)
„გათენდა დღე ზართ-ამხდელი, ვაი იმა დღის დამსწრესა! ტყვე მეფე გამოიყვანეს მოედანსა თავთ-საკვეთსა. ხალხი, თამაშად მოსული, ვით ჯინჭველა ირეოდა, თვით ვეზირიც ყეინისა იქ იყო და რიგს აწყობდა. ვეზირს გვერდთ ედგა ჯალათი ერთი რაღაც საზარელი, იღლიამდინ დაემკლავა ძარღვიანი ტლანქი ხელი. ამ ორ შუა ჩააყენეს ფერმიხდილი წვალებითა… დადგა მეფე… ღმერთს შეხედა ნაღვლით სავსე თვალებითა. მერე თვალი იმავ ნაღვლით მოედანს შემოატარა… ის ყოფა და ის ჯალათი სანახავად შეეზარა… შეჰკრთა როგორც ხორციელი, უმისოდაც ქანც-წყვეტილი, დასუსტდა და წაბარბაცდა, როგორც ერთი დაბნედილი. მაგრამ ისევ თავს უშველა, არ დაუთმო ხორცსა სული… ამ დროს ტირილიც მოესმა, ქვითინი გამწარებული… გაოცდა და მიიხედა, ჰნახა თვისნი დიდებულნი!.. სულ მთლად იქ მოგროვილიყვნენ, ვინც კი იყვნენ თან ხლებულნი. მღვდელმთავარიც მათთან იყო, თავთ იცემდნენ, პირს იხოკდნენ, მათი ცოდვით და ვაებით ქვებიც კი ატირდებოდნენ. თავისიანთ დანახვაზედ მოაგონდა ყველაფერი, სახლი, კარი, თვისი, ტომი, ქვეყანა და თავის ერი… ეჰა, გატყდა რკინის გული, მეფე მაგითი იძლია! ამას კი ვეღარ გაუძლო, აქ კი ხორცმა სულსა სძლია!.. მობრუნდა და ორსავ თვალზედ კვნესით ხელი მიიფარა… ვეზირს უთხრა: — „დამიხსენი!.. რაც გადამხდა, ისიც კმარა!..“ სთქვა და თქმული თვით შეჰზარდა… სახელი არ წაიხდინა… — „ჰა ჯალათო!“ — დაიძახა და კისერი გაიწვდინა. მანც აიღო ხელთ ნაჯახი, ერთს წამს კისერს დაუსწორა, დასცა და ერთის დაკვრითა თავი ტანსა მოაშორა“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი