ბედნიერი ერი
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივარი, ქედდრეკილი, მადლიერი; უშფოთველი, ქვემძრომელი, რიგიანი, წესიერი; ყოვლად მთმენი, ვით ჯორ-ცხენი, ნახედნი და ღონიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! ყველა უნჯი, ყველა მუნჯი, გულჩვილი და ლმობიერი; თვალაბმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი; ყველა ყრუი, ყველა ცრუი, ჭკვადამჯდარი, გულხმიერი; მცირე, დიდი - ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! მტვერწაყრილი, თავდახრილი, ყოვლად უქმი, უდიერი; უზღუდონი, გზამრუდონი, არგამტანი და ცბიერი; მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი; არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი. ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
ილია ჭავჭავაძე ქართულ ცნობიერებაში არ არის უბრალოდ „ერთ-ერთი პოეტი“. ის არის „ერი-მამა“, კულტურული და ეროვნული არქიტექტორი. როდესაც ტექსტს ხელს აწერს ილია, საზოგადოებასა და სკოლაში ავტომატურად ირთვება წინასწარი აპრიორული აღფრთოვანება.
ენობრივი/პოეტური შეზღუდულობა: ლექსი არის „-იერი“ დაბოლოების ტყვეობაში (რითმული მონოტონურობა) და მასში თითქმის არ არის სიღრმისეული, შრეობრივი მეტაფორები.
ტექსტი შედგება პირდაპირი ეპითეტებისა და პირდაპირი ბრალდებებისგან: „ყველა ცრუი“, „ყველა ფლიდი“, „მანკიერი“, „უზრუნველი და მშიერი“.
თუ ლექსს ჩამოვაშორებთ რიტმულ სტრუქტურას, მივიღებთ პუბლიცისტურ ჩამონათვალს: „ჩვენი ერი არის უჩივარი, ქედდრეკილი, ქვემძრომელი, ფლიდი, ცბიერი, მშიერი და უმეცარი“.
თუ პოეზიას ვზომავთ მეტაფორული სიღრმით, ენობრივი ვირტუოზულობითა და რთული პოეტური სახეებით : ლექსი ტექნიკურად ერთფეროვანია და მხატვრულად საკმაოდ პირდაპირი (ლანძღვითი).