მგზავრის წერილები
ვლადიკავკასიდამ ტფილისამდე I დილის ექვსი საათი შესრულდა თუ არა, იმ სასტუმროს წინ, რომელიშიაც მე წინა ღამეს ჩამოვხტი, რუსის პირდაუბანელმა და თავდაუვარცხნელმა „იამშჩიკმა“ ფოშტის პოვოსკა მოაყენა. ეს იყო ვლადიკავკასში. საკვირველია! რუსის მხატვრების სურათებზედ რა ლამაზად არის ხოლმე გამოყვანილი ამ სქელკისერა „იამშჩიკის“ ბრიყვი სახე, იმისი ოყრაყული სანახაობა, იმისი მიდუნ-მოდუნებული ზლაზვნა, უადამიანო და პირუტყვული მიხვრა-მოხვრა. რამოდენადაც სურათია კარგი, ორ იმოდენად საძაგელია ნამდვილი. მაგრამ ამბობენ: И дым отечества нам сладок и приятен. კვამლის სიტკბოებაზედ კი უკაცრავად, და სიამოვნებაზედ კი ამას მოგახსენებთ, რომ კვამლი ფრიად სასიამოვნოა, - პირველი იმისათვის, რომ კვამლი თვალს ეფარება და მართლჭვრეტას უშლის, მეორე იმისათვის, რომ კვამლი ხშირად თვალიდამ ცრემლს გვაყრევინებს ხოლმე. ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ: ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარს უბედურებასაც ვერა ვხედავთ. როცა ავიბარგე, ესე იგი ჩემი ერთადერთი ბოხჩის ოდენა ტყავის ხურჯინი ჩავაგდე პოვოსკაში, მივუბრუნდი ჩემს ახლად გაცნობილს ფრანსიელს გამოსასალმებლად. - ეგ ეტლი ვისი მოგონილია? - მკითხა მან და მიმიშვირა ხელი ფოშტის პოვოსკაზედ, რომელზედაც ჯერ არგამოფხიზლებული „იამშჩიკი“ უგემურად სთვლემდა. - რუსისა, - ვუპასუხე მე. - მგონი, არა ხალხი მაგაში არ შეეცილოს. მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულ-მუცელი. - არა უშავს-რა. მთელი რუსეთი მაგით დადის და მე რა ღმერთი გამიწყრება, რომ დამიშავდეს რამე. - მაგით დადის?! იმიტომაც შორს არის წასული!.. ღმერთმა მშვიდობის მგზავრობა მოგცეთ. მე კი, სწრედ გითხრათ, თავს ვერ გამოვიმეტებდი, რომ მაგაში ჩავმჯდარიყავ. მშვიდობით! თუ შევხვდეთ ერთმანეთს კიდევ როდისმე, გთხოვთ მიცნობდეთ. ამ სიტყვებზედ მომაწოდა ხელი გამოსასალმებლად და ისე მჭიდროდ მომიჭირა ხელი, როგორც მარტო ევროპელმა იცის ხოლმე. პოვოსკაში ჩავჯექ. პოვოსკა ჩემს ჩაჯდომაზედ შეტოკდა. „იამშჩიკმა“ თვალები აახილა და ბღვერა დამიწყო. მერე აკრიბა სადავეები, „მწუო, მწუო“, დაუწრუწუნა უჭმელობისაგან გადალეულს და ყურებჩამოყრილ ცხენებს და მოუღერა შოლტი. ცხენები მიდგნენ-მოდგნენ, მაგრამ ალაგიდან არ დაიძრნენ. Ну, чо-о-орт; трогай што-ли! დაიყვირა „იამშჩიკმა“, აიქნივა სადავენი და ფეხებითაც ტყაპუნი დაიწყო. შენც არ მომიკვდე, ცხენებმა ყურიც არ გაიბღერტეს. ამ ყოფას ის ჩემი ნაცნობი ფრანსიელი ფანჯრიდამ უყურებდა და სიცილითა სკდებოდა. რა უხაროდა იმ სულელს? - მაგით დადის!.. ხა, ხა, ხა! - ხითხითებდა იგი, - ვიღა დაეწევა! თუმცა მე სამხიარულო არა მჭირდა-რა, მაგრამ მეც გამეცინა. „იამშჩიკმა“ თავისი ძროხის თვალები ჩემკენ მწყრალად მოაბრუნა და ისე მრისხანედ შემომიბღვირა, თითქო მემუქრებოდა: შენც ეგრეო. მერე ისევ ცხენებს მიუბრუნდა და ყოველს მათგან თითო შოლტი გადაუჭირა. ცხენებმა ამის პასუხად ტყუპ-ტყუპი ტლინკი აყარეს, როგორც იყო ადგილიდამ დასძრეს ჩვენი პოვოსკა და ძუნძულით გასწიეს. დანჟღრეულმა ზარმა დაიწყო თავისი უგემური ჟღარაჟღური, პოვოსკამ ქვებზედ ხტომა და ლაყლაყი ხან აქეთ და ხან იქითა. II ამ ყოფით განვშორდი ვლადიკავკასს და პირი ჩემის ქვეყნისაკენ ვქენი. თერგის ხიდი ისე გამოვიარე, რომ, არამცთუ წყალი დამელიოს, თვალიც არ ამიხილებია. მეშინოდა, თერგდალეულობა არ დამწამონ-მეთქი. თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს როგორცღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზედ ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ თერგდალეულები მართლა-და თერგდალეულები არიან, მეორე იმიტომ... იმიტომ, რომ მეორესაც თერგდალეულები არიან, მესამე იმიტომ... იმიტომ... იმიტომ, რომ მესამედაც თერგდალეულები არიან. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი სხვა საბუთით დაურღვიე ჩვენს დარღვეულს ქართველობას. ეგ დასაღუპავი თერგი! რა ორპირი ყოფილა! დახე, როგორ მიმკვდარა. რაკი ზურგი ჩვენსკენ უქნია და პირი რუსეთისაკენ, რაკი გაუმინდვრებია და გაუვაკნია, როგორღაც ის დევგმირული ხმა ჩასწყვეტია. ჩვენი დამთხვეული თერგი ვლადიკავკასთან ის თერგი აღარ არის, რომელზედაც ჩვენს პოეტს უთქვამს: „თერგი ჰრბის, თერგი ჰღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან...“ იქ ისე დამდოვრებულა, ისე მიმკვდარა, თითქო ან როზგქვეშ არის გატარებულიო, ან დიდი ჩინი მიუღიაო. მაგრამ იქნება თერგი იქ ეგრე იმიტომ მიჩუმებულა, რომ მობანე კლდენი გვერდით არ ახლავს, ის კლდენი, რომლის „კლდოვანთა გულთა ღრუბელნი შავადა ზედ დასწოლიან და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან“. მაგრამ მაინცდამაინც ვაი შენ, ჩემო თერგო! შენ, ჩემო ძმობილო, ზოგიერთ კაცსავით, საცა მისულხარ, იქაური ქუდიც დაგიხურავს. ცოდვა არ არის, შენი ჭექა-ქუხილი, შენი ზარიანი ხმაურობა, შენი შფოთვა და ფოთვა, შენი გაუთავებელი ბრძოლა ქვე-კლდე-ღრესთან, თითქო შენი განიერი წადილი შენს ვიწრო საწოლში ვერ მოთავსებულაო. ბევრი რამ საგულისყუროა შენში, ჩემო დაუმონავო თერგო, შენს ძლევამოსილს და შეუპოვარს დენაშია. აქ კი მიმრჩვალხარ დამარცხებულ და ნათრევ ლომსავითა. ცოდვა ხარ და ცოდვას შვრები!.. „ჰე, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?“ შუადღე იყო, რომ ლარსის სტანციაში მოვედი. ლარსამდი ჩემმა გულმა ვერაფერი განსაკუთრებითი სიამოვნება ვერ მიიღო-რა, გარდა იმისა, რომ რამოდენადაც ჩემს სამშობლოს ქვეყანას ვუახლოვდებოდი, იმოდენად გარემო ბუნებას ჩემის ქვეყნის ფერი ემატებოდა და თერგს შფოთვა და ღელვა. შევედი სტანციის ცარიელს ოთახში, ჩაის დალევა მინდოდა და ამის გამო სამოვარის დადგმა შევუკვეთე ერთს ფეხმოტეხილ სალდათსა, რომელიც ბოლო სტანციის გუშაგად გამოდგა. მანამ სამოვარს შემოიტანდნენ, მივწექ გაფიცრულ ტახტზედ და თავი ფიქრებს მივეცი. ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი წელიწადი!.. იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასთვის კი არა, მარტო იმათთვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, - ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა. ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა. III რაკი ვლადიკავკასიდამ გამოვედი და ჩემის ქვეყნის სიომ დამკრა, გულმა სხვაგვარად დამიწყო ფეთქვა. პოვოსკაში ქვებზედ ხათქა-ხუთქი უკეთესთა ფიქრთა დამიბნევდა ხოლმე. ახლა კი, როცა სტანციის ოთახის ტახტზედ მამაპაპურად გავიშოტე, ღვთის წყალობა შენ გქონდეს, რომ მე ფიქრს მივეცი სრული ჩემი გულისყური და ყურადღება. ჯგუფად მომიგროვდა ყოველიფერი, რაც კი დამეტოვა ჩემს მშვენიერს პატარძალსავით მორთულს ქვეყანაში, რაც კი მენახა, მეცადნა და მეცნო უცხოეთშია. მრავალნაირი ფიქრები ერთად, რეულად, გონების თვალწინ წარმომიდგნენ, მაგრამ ელვის უმალეს ერთი ფიქრი მეორეზედ მეცვლებოდა, ასე რომ ჩემი გონების თვალი ერთ და იგივე საგანზედ ერთს წუთსაც ვერ გავაჩერე - ერთის სიტყვით, ჩემს ტვინში სრული რევოლუცია მოხდა: ძირს მილაგებულნი ფიქრები მაღლა მოექცნენ, მაღლა დალაგებულნი - ძირსა და მერე აირივნენ ერთმანეთში. სიტყვამ „რევოლუციამ“ არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ. ამ ყოფაში ვიყავ. ბოლოს ჩემთა ფიქრთა, ყოველმა თვითვეულად, თავისი შესაფერი ადგილი დაიჭირა ჩემს გონებაში. მათ შორის ერთი უფრო ბრწყინვალედ გამომეხატა. იმ ერთს მოჰყვა მეორე, მეორეს - მესამე, ასე ბოლოს ერთ განუწყვეტელ გრეხილად შემექმნენ. როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, - ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმითვისოს კიდეცა, რადგანაც ჩემში მაინცდამაინც ჩემის ქვეყნის დვრიტაა დადებული. მაგრამ მაშინ რა ვქმნა, რომ ჩემმა ქვეყანამ მამიყოლოს და მიამბოს თავის გულისტკივილი, თავისი გლოვის ფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე კი, მის ენას გადაჩვეულმა, ვერ გავიგო მისი ენა, მისი სიტყვა? იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი, გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური, მაგრამ მე შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო; იმ სიტყვით ვასმინო, რომ არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად გაჩენილნი, მაგრამ უფრო ბედნიერად მცხოვრებნი; და ის თვითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შევაგროვო ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად. შევიძლებ კი? შევიძლებ გასაგონის ღვიძლის სიტყვის თქმასა? გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მიმითვისებს კიდეც, იმიტომ, რომ იმისი სისხლი და ხორცი ვარ; იმის სიტყვასაც და ენასაც გავიგებ, იმიტომ, რომ მამულს შვილი ყურს უგდებს განა მარტო ყურითა, გულითაცა, რომლისთვისაც დუმილიც გასაგონია; ჩემს სიტყვასაც გავაგებინებ, იმიტომ, რომ შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის. მაგრამ ამას სულ სიტყვაზედ ვლაპარაკობ, საქმე კი საქმეშია. შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ? - ვკითხე მე ჩემს თავს და გავჩერდი კიდეც. ვიგრძენ, რომ ამ კითხვამ შესწყვიტა ის ზემოხსენებული ჩემი ფიქრების ფერადი გრეხილი. - მართლა-და რა უნდა ვქნა? - ვკითხე მე ჩემს თავს ხმამაღლივ. - ჩაი უნდა მიირთოვო, - მიპასუხა სტანციის გუშაგმა, რომელმაც ამ დროს შემოიტანა სამოვარი და ჩემს სტოლზედ დადგა. - ჩაი!.. - სამოვარი იმისთვის არ მიბრძანეთ? - მიპასუხა სულელმა გუშაგმა და გავიდა გარეთ. არ გასულა ამის შემდეგ რამდენიმე წუთი, რომ კარი ისევ გაიღო და ერთმა რუსის აფიცერმა შემოჰყო თავი. იმისი სახის მეტყველება ამჟღავნებდა, რომ ღვინოსა და არაყს ძალიან დაახლოვებით იცნობდა. თვალად ერთი ოცდაათის წლისას ჰგვანდა. ზედ ეტყობოდა, რომ მგზავრი არ იყო. - ნება მომეცით, - მითხრა მან რუსულად, - გაგაცნოთ ჩემი თავი: მე გახლავართ პადპარუჩიკი N. აქ ლარსში ვდგავარ, როტა მაბარია. - ძალიან მოხარული ვარ, - ვუპასუხე მე, წამოვუდეგ ფეხზედ და ჩამოვართვი გამოწვდილი ხელი. - საიდამ მობრძანდებით? - პეტერბურგიდამ. - ფრიად სასიამოვნოა. ამ უდაბურსა და ვერანა ადგილას ერთი ეგ სიამოვნებაღა მაქვს, რომ შევხვდები ხოლმე მგზავრს განათლებულის ქვეყნიდამ. კაცი, რომელიც გონებითა სცხოვრობს, მოვალეა ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეხვდეს განათლებულს კაცს საბაასოდ გონების გასაფხიზლებლად. დიდად მოხარული ვარ. ბაასი ჭკვის საზდოა. მითხრა ესა და კიდევ გამომიწოდა ხელი, მეც ხელმეორედ ხელი ჩამოვართვი. - თქვენ ვინა ბრძანდებით? - მკითხა მან. - მე გახლავართ ერთი სომხის სოვდაგრის დახლიდარი. - დახლიდარიო!.. - სთქვა და ტუჩები აიპრუწა. - დიაღ, ბატონო! ჩემმა ახალმა ნაცნობმა რომ ეს გაიგონა, მყისვე დიდკაცური სანახაობა მიიღო: მხრები მოიმარჯვა, ის პირველად მორიდებული ლაპარაკი სხვა ჰანგზედ შესცვალა. - საიდამ მოდიხა-ა-ართ?! - მკითხა გაკვირვებით და დაცინებითაცა. - პეტერბურგიდამ. -ჰმ, - ჩაიცინა აფიცერმა, - პეტერბურგიდამ. კარგია, გღირსებიათ პეტერბურგის ნახვა. პეტერბურგი!.. ძალიან კარგი ქალაქია, - სთქვა ესა და არხეინად ჩამოჯდა სკამზედ: - პეტერბურგი!.. ო, ო, დიდი ქალაქის პეტერბურგი!.. ვრცელი ქალაქია!.. არა ჰგავს თქვენ წიტიან ქალაქსა. აბა რა ქალაქია თქვენი ქალაქი? ერთი თავიდამ რომ გადააფურთხო, ფურთხი ქალაქის ბოლოს დაეცემა. პეტერბურგი კი... ხომ გინახავთ პეტერბურგი? რუსეთის გულია. მართალია აქამდისინ მთელი რუსეთი ჰფიქრობდა, რომ მისი გული მოსკოვია, მაგრამ მთელს რუსეთს მე გავუფანტე ეგ ცრუ და უგუნური აზრი: მე მწერალი გახლავართ. გთხოვთ, რომ მიცნობდეთ. ეგრე კი ნუ მიყურებთ. მე დავამტკიცე, რომ პეტერბურგია მთელი რუსეთის გული. იზლერის ბაღი ხომ გინახავთ? დავუგდევი ყური ამ აფიცერს და გულში კი ვფიქრობდი, ხომ არ გაგიჟებულა-მეთქი, მაგრამ გარდა ამ გადარეულის ლაპარაკისა არა შევატყვე-რა. - არა, იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? - მკითხა კიდევ იმან. - პეტერბურგის გულობა რით დაამტკიცეთ? - ვკითხე მე და არ მივეცი პასუხი მის უკანასკნელ კითხვაზედ. - არა, ჯერ მე მითხარით: იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? თქვენ, აქაურები, ესე იგი ქართველები თუ სომხები, სამეცნიერო ლაპარაკს ჩვეულნი არა ხართ, ამიტომაც ერთის საგნიდამ მეორეზედ გადახტებით ხოლმე. თქვენ ზედმიყოლებითი, რიგიანი სჯა არ იცით. ეგ, რასაკვირველია, გაუნათლებლობისაგან მოგდით. მგონი, თქვენ არც კი იცით, - რა არის ცივილიზაცია, ასოციაცია, არღუმენტაცია, ინტელიგენცია, კასსაცია და ფილოლოღია. მაგრამ ესე არაფერი, წარმავალია. თქვენც გაიწურთნებით. მადლობა ღმერთს, აფიცრობა და ჩინოვნიკობა ბევრი მოდის რუსეთიდამ თქვენს გასანათლებლად. არა, ჯერ მითხარით, იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? თუ ეს არ გინახავთ, პეტერბურგიც არ გინახავთ. - მინახავს. - გინახავთ? მაშ თქვენ განათლებულებში ფეხი ჩაგიდგამთ. ფრიად მოხარული ვარ, ფრიად მოხარული ვარ. იზლერის ბაღი? როგორი ბაღია, ჰა? ფერიებით სავსე სამოთხე ის არის, აი! ფერიები, ხომ იცით, რა არის? ეგ სამეცნიერო სიტყვაა, იქნება არ იცოდეთ. ეგ მდაბიურად რომ ვთარგმნოთ, იმასა ჰნიშნავს, რომ ის ბაღი სავსეა ჟუჟუნათვალებიან ქალებითა. გინდა ერთს ჩაავლე ხელი, გინდა მეორეს. აი, განათლებას რა შეუძლიან. თქვენი ქალები კი კაცს დაინახავენ თუ არა, იმალებიან. არა, პეტერბურგი... დიდი ქალაქია, ფრიად განათლებული, და იზლერის ბაღი განათლების გვირგვინია, ასეთი ბაღია, რომ „მწუ“. ამ სიტყვებზედ მეცნიერმა აფიცერმა თითებზედ იკოცა. - მე იმედი მაქვს, რომ ეს სამოვარი ამ სტოლზედ თქვენთვის სდგას. - თქვენმა იმედმა არ მოგატყუათ თქვენ. - მე იმედი მაქვს, რომ თქვენ, როგორც განათლებულის ქვეყნიდამ მოსული კაცი, მეც მითავზებთ ჩაისა. - არც მაგ იმედს გაგიმტყუნებთ. - რომიც, რასაკვირველია, გვექნება. - მაგაზედ კი უკაცრავად. - ეგ ვერაფერი ნიშანია. თქვენ სომეხი ხართ, თუ ქართველი? - ქართველი. - ძალიან მიამა, რომ ქართველი ხართ. თუმცა ჩვენი ლერმონტოვი ამბობს, რომ бежали робкие грузины, მაგრამ მაინც ქართველები სჯობიან იმ პოიებსა. პაპიროზები კი, რასაკვირველია, გექმნებათ. - გახლავთ. - იმედი მაქვს, რომ მითავაზებთ. - დიდის სიამოვნებით, ინებეთ. - აბა, მაშ თქვენ ჩაი დაასხით და მერე მოვყვეთ სამეცნიერო ლაპარაკსა. თუმცა თქვენთვის ძნელი იქნება სამეცნიერო ლაპარაკის გაგება, მაგრამ მე შიგადაშიგ სამეცნიერო სიტყვებს მდაბიურად გითარგმნით და ამრიგად სამეცნიერო ლაპარაკის გაგებაც გაგიადვილდებათ. მე ჩაი დავასხი და ერთი ჭიქა იმას დავუდგი. ჩაი რომ მოსვა, გამოაბოლა პაპიროსი და მოჰყვა ლაპარაკსა. - თქვენი ქვეყანა, მეცნიერის ენით რომ ვთქვა, განათლებული არ არის, ესე იგი, მდაბიურის ენით რომ ვთქვა, გაუნათლებელია. ხომ გესმით? - ძალიან კარგად. - აკი მოგახსენეთ, გაგიადვილებთ-მეთქი სამეცნიერო სიტყვების გაგებასა. ახლა დავიწყოთ იქიდამ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის, ესე იგი, გაუნათლებელია. ეს ჩაი მოსკოვისა უნდა იყოს? - არა, სტავროპოლში ვიყიდე. - სულ ერთია. ახლა დავიწყოთ, როგორც წეღანა ვთქვით, იქიდამ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის. ეგ იმასა ჰნიშნავს, რომ თქვენი ქვეყანა ბნელია. ხომ გესმით? - დიაღ, კარგად. - ახლა რაკი იქიდამ დავიწყეთ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ განათლება რა არის. მე ამას მაგალითებით აგიხსნით: წარმოიდგინეთ ბნელი ოთახი. წარმოიდგინეთ, თუ არა? - წარმოვიდგინე. - არა, იქნება სადმე ერთი ფანჯარა ღია დაგრჩათ, ისიც დაკეტეთ. - დავკეტე, - ვუპასუხე მე და სიცილი მომივიდა. - ძალიან კარგი. რაკი ის ფანჯარაც დაკეტეთ, ფარდაც ჩამოაფარეთ. - ჩამოვაფარე. - რაკი ფარდაც ჩამოაფარეთ, ოთახიც დაბნელდება, ვეღარაფერს დაინახავთ. უეცრად შემოიტანეს სანთელი, განათდა ოთახი. განათლებაც ეგ არის. სწორედ მოგახსენოთ, არც ეს პაპიროზია ურიგო. პეტერბურგიდამ იქნება? - არა, ვლადიკავკასში ვიყიდე. - სულ ერთია. ახლა ხომ გესმით განათლების მნიშვნელობა? - ძალიან კარგად. - ახლა, რადგანაც აგიხსენით განათლების მნიშვნელობა, თქვენ უნდა ერთი რამა გკითხოთ: თქვენში ცივილიზაცია როგორ მიდის? - მაგისას ვერ მოგახსენებთ: დიდი ხანია ჩემს ქვეყანაში არა ვყოფილვარ. - ეგ არაფერი, მე ეხლავ შევიტყობმ როგორ მიდის: რამდენი გენერლები გეყოლებათ თქვენ, ქართველებს? - იქნება ერთი ოციოდე მოგროვდეს. - რაო, ოციოდეო!.. ო, ო, ეგ დიდი საქმეა, - წარმოსთქვა დიდის ყოფით ჩვენმა მეცნიერმა აფიცერმა, - ოციოდეო!.. ამ ერთ მუჭა ხალხში და ოცი გენერალი!.. ეგ, ბატონო, დიდი ცივილიზაცია გქონიათ. ვერ უყურებთ, ოციოდე გენერალი! არა მჯერა. იქნება თქვენ, მეცნიერების ენით რომ ვთქვათ, დეისტვიტელნი სტაცკის სოვეტნიკებსაც მართალ გენერლებშია სთვლით, ესე იგი, მდაბიურის ენით რომ ვთქვა, იქნება შტაცკის გენერლებსა, ანუ უფრო მდაბიურად რომ ვთქვა, უეპოლეტო გენერლებსა, ანუ ამაზედ უფრო მდაბიურად რომ ვთქვა, უულვაშო გენერლებსაც მართალს გენერლებში სთვლით? უთუოდ ეგრე იქნება. - არა, თქვენმა მზემ, - დავუფიცე მეც, - არა, თქვენმა მზემ, სულ მართალს გენერლებს მოგახსენებთ. - ოციოდ მართალი გენერალი! ბარაქალა მართლმადიდებელ რუსეთს! სახელი და დიდება! საცა ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას. სულ რამდენი წელიწადია, რაც რუსეთი აქ შემოვიდა? - იქნება სამოცდაათი. - შვიდს წელიწადში ორი გენერალი? დიდი საქმეა, დიდი ცივილიზაცია არის. მერე როგორი გენერალი?! მართალი გენერალი! თუ ღვთის ძალით თქვენში ცივილიზაციამ ეგრე იარა, სამოცდაათ წელიწადს უკან კიდევ ოცი გენერალი მოგემატებათ და სულ ორმოცი შეიქნება. დიდი საქმეა. მე ეგ არ ვიცოდი. ან საიდამ უნდა შემეტყო? სულ არ იქნება სამი წელიწადი, რაც ამ ქვეყანაში ვარ. სწორედ მოგახსენოთ, არც მოცლა მქონდა, რომ თქვენის ქვეყნისათვის მეცნიერი თვალი დამეკვირვებინა. მე ერთს დიდს საოსტატო საგანს მოვეკიდე, მრავალი ვიძიე, ისტორიები წავიკითხე და ჩემი დრო სულ ამ სამეცნიერო საქმეზედ გადავაგე. მაგრამ ცუდად არ წახდა ჩემი ღვაწლი, შთამომავლობა მოიგონებს ჩემს სახელსაცა. - რა იმოქმედეთ? - რა ვიმოქმედე? ადვილი სათქმელია! აი, ბატონო, რუსეთში მებატონეებს ყმები ჩამოართვეს. მებატონეს ბიჭი აღარ შერჩა. მოჯამაგირეს ანაბარა დარჩა. შეწუხდა ქვეყანა, მოჯამაგირეებმა დაუწყეს ყველაფერს სახლში პარვა. მე, როგორც გულმტკივნეული შვილი, ჩავუფიქრდი ამ ჩემის ქვეყნის მწუხარებას, - ვთქვი: ქვეყანას შველა უნდა-მეთქი. მადლობა ღმერთს, ვუშევლე კიდეც. ასეთი რამ მოვიგონე, რომ მოჯამაგირეს სახლში პარვა აღარ შეუძლიან. ერთმა უბრალო შემთხვევამ კი მაპოვნინა წამალი. ჩემი დენშჩიკი ფრიად დიდი ქურდი იყო, საშაქრეში შაქარს აღარ უშვებდა. ვიფიქრე, ვიფიქრე, როგორ ვუშველო ამ საქმეს-მეთქი. დავიწყე ყუთის დაკეტა, მაგრამ ხან დაკეტა დამავიწყდებოდა ხოლმე, ხან გასაღები სტოლზედ დამრჩებოდა ხოლმე, და როცა სახლიდამ გავიდოდი, დენშჩიკი შაქარს მომპარავდა. ბოლოს ავიღე, ორი ბუზი დავიჭირე და ჩავსვი საშაქრეში, თავი დავახურე და არ დავკეტე კი. ახლა მკითხავ - რისთვისაო? იმისთვისა, რომ თუ დენშჩიკი კიდევ შაქრის მოპარვას დააპირებდა, ხომ ყუთი უნდა გაეღო. რაკი ყუთს თავს ახდიდა, ბუზები მაშინვე ამოფრინდებოდნენ. მერე, როცა შინ მოვიდოდი, ავხდიდი ყუთს და შიგ რაკი ბუზებს აღარ ვნახავდი, აშკარა იქნებოდა, რომ ყუთის თავი აუხდია ვისმე. ვინ ახდიდა, თუ არა ჩემი დენშჩიკი. რაკი ეს გამოვიგონე, მე დენშჩიკი შაქარს ვეღარ ვპარავს.ეხლა, ყოველ დილას, ჩაის გავათევებ თუ არა, ოთახში ბუზებს ვიჭერ. დავიჭერ ბუზებს, ჩავსვამ შაქრის ყუთში და მთელი დღე არხეინადა ვარ. ვიცი, რომ არავინ მომპარავს. როგორ მოგწონთ ჩემი აზრი? იაფი და ქურდობის უებარი წამალია. ეგ წამალი ყველაფერში იხმარება, რასაც კი ჩვენს ოთახში ყუთებში ვინახავთ ხოლმე. ეს აზრი ჯერ არავისათვის არ გამიმჟღავნებია, მაგრამ თქვენი ქვეყანა ისე მიყვარს, რომ თქვენ ეგ გაცნობეთ და გთხოვთ - თქვენც გაუნათლებელს მებატონეებს აცნობოთ. ერთი ეგ არის, რომ არყის ქურდობას ჯერ ვერა ვუშველე-რა. არყის ბოთლშიაც კი ვცადე ბუზების ჩასმა, მაგრამ ეგ წყეულები შიგ იხრჩობიან - губа не дура. მაგრამ მაგის წამალსაც მალე მოვიგონებ. არა, როგორ მოგწონთ ჩემი ოსტატობა? გრანცუცებმაც იციან ხოლმე მაგისთანა ეშმაკობის მოგონება, მაგრამ იმათის მაშინების ყიდვა ძვირია, ეს ჩემი ოსტატობა კი გროშიც არ დაჯდება. აბა რა არის ორი ბუზის დაჭერა და ყუთში ჩასმა? დიდი არაფერი. აბა ეხლა ჰნახეთ, რა შედეგი ექნება ამ ჩემ მოგონილ საქმეს: ეს ჩემი ოსტატობა რომ გავრცელდება, მაშინ შეიძლება რომ ბუზების სყიდვა დაიწყონ. აი, ქვეყანაში ახალი აღებ-მიცემობაც გაჩნდება: ჩაივლით ერთს მშვენიერ დილას თქვენს ქალაქში და დაინახავთ ბუზების მაღაზიასა. ცუდია თუ? რამდენი მშიერი კაცი ლუკმას იშოვნის ბუზების მეოხხებითა. ეხლა კი ბუზები რანი არიან? არაფერი. რის გამოსადეგნი არიან? არაფრისა. აი, მეცნიერის და ჭკვიანის კაცის ნამოქმედებსა და ნაღვაწლს რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის. მე აქ არ მოვდიოდი, თუმც კი ბევრს მეხვეწებოდნენ. ჩემს გულში ვამბობდი: ღმერთს თუ ნიჭი მოუცია რამე ჩემთვის, ისევ ჩემებს გამოვადგე-მეთქი, მაგრამ ამ ახლად დაჭერილ ქვეყნებს უფრო განათლება უნდა-მეთქი; აქ განათლებული კაცები საჭირონი არიან. აბა ცოტა ხანი მოიცადეთ, რა მოხდება. მე ხომ, ზევით, რომ ვთქვი, ის მოვიგონე, ახლა სხვა ჩემისთანა სხვას მოიგონებს, იქნება იმისთანა კაციც გამოვიდეს, რომ თქვენს ქალაქშიც იზლერის ბაღი გამართოს: მეცნიერის კაცისათვის ყველაფერი შესაძლოა. ამ ყოფითა მთელი პეტერბურგის განათლება აქ გადმოვა. მაშინ ჰნახავთ, რომ ერთს მშვენიერ დღეს სეირნობა გაიმართება იზლერის ბაღში, იმ ბაღში თქვენი ქალები თამამად სიარულს დაიწყებენ, გინდა ერთს უთხარ „შენი ჩირიმე“, გინდა მეორეს, ხმასაც არ გაგცემენ. აბა ხალხი მაშინ დაინახავს თავისს სამოთხეს, როგორც მეცნიერნი იტყვიან, ესე იგი, სამოთხე რომ მდაბიურად ვთქვათ... მაგრამ რა ვთქვათ, მდაბიურადაც სამოთხე სამოთხეა. ხომ გესმით? - ძალიან კარგად. IV იმ საღამოს სტეფანწმინდას ამოვედი. მშვენიერი საღამო იყო, ასე რომ იმ ღამეს იქ დავრჩი, რათა თვალი გამეძღო მშვენიერის ხილვითა. ოხ, საქართველოვ! „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა?“ ოთახიდამ გარეთ გამოვედი და შევხედე სტეფანწმინდის პირდაპირ აყუდებულ მყინვარსა, რომელსაც ყაზბეგის მთას ეძახიან. დიდებული რამ არის ეგ მყინვარი. აბა მაგას შეუძლიან სთქვას: ცა ქუდადა მაქვს და დედამიწა ქალამნადაო. ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად. ერთის მუჭისოდენი ღრუბელიც არა ჰფარავდა მის მაღალ შუბლსა, მის ყინვით შევერცხლილს თავსა. ერთადერთი ვარსკვლავი, მეტად ბრწყინვალე, ზედ დაჰნათიდა, ერთს ალაგს გაჩერებული, თითქო მყინვარის დიდებულ სახეს განუცვიფრებიაო. მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, - ერთის სიტყვით, მყინვარია. მყინვარი მთელის თავის დიდებულებით საკვირველია და არა შესაყვარებელი. აბა რად მინდა მისი დიდება? ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა. დალოცა ღმერთმა ისევ თანზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი, მღვრიე თერგი. შავის კლდის გულიდამ გადმომსკდარი მიდის და მიბღავის და აბღავლებს თავის გარეშემოსა. მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული ბრძოლა, დრტვინვა და ვაი-ვაგლახი. თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსსაცნობი სახეც არის: იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა. მყინვარი კი უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა: ცივია - როგორც უკვდავება და ჩუმია - როგორც განცხრომა. არა, მყინვარი არ მიყვარს, მით უფრო, რომ მიუკარებლად მაღალია. ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა. ამიტომაც მე, როგორც ქვეყნის შვილს, თერგის სახე უფრო მომწონს და უფრო მიყვარს. არა, მყინვარი არ მიყვარს: მისი სიცივე ჰსუსხავს და სითეთრე აბერებს! მაღალიო! რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება. არა, არ მიყვარს მყინვარი. მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს და თერგი კი მრისხანე და შეუპოვარს ბაირონსა. ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი... V ჩემოღამდა. თერგისა და მყინვარის ყურებაში და ზოგიერთ ფიქრების გართკაში დრო ისე გამეპარა, რომ თითქმის ვერ შევიტყე, მზე როგორ გამოესალმა მისგან გამთბარ ქვეყნიერებასა და როგორ მიეფარა მთებსა. დაღამდა, თვალწინ აღარა სჩანს-რა, მისწყდა ხმაურობა ქვეყნისა, ქვეყანა დადუმდა. დაღამდა, მაგრამ არ ვიცი, რას ვიქმოდი, რომ იმედი არა მქონდეს კვლავ გათენებისა. სიცოცხლე სიცოცხლედ-ღა ეღირებოდა?.. მიყვარს, ბუნებავ, შენი დაწყობილობა, რომლის მეოხებითაც ყოველი ღამე თენდება ხოლმე. დაღამდა, მაგრამ მე მაინც სტანციის გარედა ვარ და დაჟინებით ყურდაცქვეტილი გონებას ვადევნებ თერგის თავზედ ხელაღებულის დენის ხუილსა. ყველა დადუმდა და შენ არ სდუმობ, თერგო! მერწმუნეთ, მე მესმის ამ ხმაგაკმენდილს ქვეყანაში თერგის დაუჩუმარი ჩივილი. არის ადამიანის ცხოვრებაში იმისთანა წუთნი მარტოობისა, როცა ბუნებას შენ თითქო შენსას აგებინებ და იგი თავისას შენ გაგებინებს. ამიტომაც შეგიძლიან სთქვა, რომ მარტოობაშიც არსად მარტო არა ხარ, ჰოი, ორფეხო ცხოველო, რომელსაც ადამიანს გეძახიან. ამ ღამეს ვგრძნობ, რომ ჩემის ფიქრებისა და თერგის ჩივილის შუა არის რაღაც იდუმალი კავშირი, არის რაღაც თანხმობა. გული მიტოკს და მკლავი მითრთის. რისთვის? დროს დავაცალოთ ამის პასუხის მიცემა. დაღამდა. მისწყდა ადამიანის ფეხის ხმა, მისწყდა ადამიანის მორჭმული ხმაურობა, აღარ ისმის მისის დაღლილის ზრუნვლისა და წადილის გუგუნი, ქვეყნის ტკივილმა დაიძინა, ადამიანი აღარა სჩანს ჩემს გარშემო. ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!.. არა, წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალიბითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა! ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე! შენ რომ არ დაარსებულიყავ ქვეყნისათვისა, მე მგონია, რომ ნახევარი უბედურობაც ადამიანისა ქვეყანაზედ არ იქნებოდა. შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის გონებასა და დააფრთხეს იგი. მას აქეთ შეშინებულსა გზა თვისი ვერ უპოვნია, - და აჰა, იბრძვის ადამიანი და დღევანდელამდე ათასში ერთსა თავისი ერთხელ დამფრთხალი გონება ფრთხოლას ვერ გადაუჩვევია. აი მიზეზი ქვეყნის უბედურობისა. ჰოი, ბნელო ღამევ! მეჯავრები შენ მე. შენის კალთის ქვეშა, ვინ იცის, რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა ეხლა თავს იმალავს? ვინ იცის, ამ ბნელ ფარდის ქვეშ, რომელიც ეხლა ჩემს თვალს ჩამოაფარე, რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა სჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად? შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალს გონებასა უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე; შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერბოსა, საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა. ჰოი, ბოროტო, წარველ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!.. VI სტანციაში შევიტყვე, რომ მთებში დიდი დაბრკოლებაა ფოშტით მიმავალისათვის, რადგანაც სტანციებში ცხენები ხშირად თურმე აკლდებათ. მირჩიეს ფასანაურამდე ცხენი მექირავნა და ცხენდაცხენ გადავსულიყავ. მე ეს რჩევა ჭკვაში დამიჯდა. იმ ფიქრით მივეცი თავი ძილს, რომ ხვალე საჯდომს ცხენს ვიქირავებ და ისე გადვივლი მთებსა. გათენდა. რა მშვენიერი რამა ხარ, დილის რიჟრაჟო! რა მშვენიერი რამა ხარ, დილის ცვრით პირდაბანილო ქვეყანავ! მე მგონია, რომ ამ დილას ყოველი ტკივილი ქვეყნისა უნდა დაყუჩებულიყოს, მაგრამ თერგი მაინც ჰბღავის და იბრძვის. სჩანს, ქვეყნის ტკივლი დაუყუჩავია. გათენდა და გაიხმაურა ქვეყანამ ადამიანის ხმითა. დღემ დაიწყო თავისი დაუდეგარი ფაციფუცი. კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანანი შენში? მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები. გავედი სტანციის გარეთ და ერთს მოხევეს შევხვდი. ვიქირავე მისგან ცხენი იმ პირობითა, რომ თითონაც ცხენით გამომყოლოდა. ბოლოს არამც თუ ვინანე, დიდად კმაყოფილის დავრჩი, რომ ჩემი საქმე ეგრე მოეწყო. ჩემი მოხევე ძალიან კაცი გამოდგა. იგი იყო ჭაღარამორეული, ხანში შესული კაცი. ბოლოს გამოჩნდა, რომ თვალყურმადევარიც ყოფილა იმ პატარა ქვეყნისა, რომელიც მის გარშემო ბედს შემოეხაზა და რომელიცა იმის უფერულის ცხოვრების მისაქცევ-მოსაქცევად დაენიშნა. შევსხედით ცხენებზედ და წამოვედით სტეფანწმინდიდამ. უკანასკნელად შევხედე მყინვარს. იგი როგორღაც დიდკაცურად იბღვირებოდა თავის სიმაღლიდამ. ამან ამირია იმ დილით დამშვიდებული გონება. გულმა კიდევ ტოკვა დამიწყო და მკლავმა თრთოლა. სრულის მძულვარებით მოვაშორე თვალი მყინვარის დიდებულებასა და უფრო დიდის პატივით გამოვეთხოვე მის ფეხთა ქვეშე გაგიჟებით მავალს თერგსა. ჩემი მოხევე სანახავად ღირსი იყო. იგი, თვითონ ზორბად მოსული, იჯდა ერთს პატარა მთის ცხენზედ, რომელიც თითქმის მთელს გზას მგლურის ძუნძულით სასაცილოდ მოძუნძულებდა. ჩემს მოხევეს ჩამოეფხატა ბანჯგვლიანი ქუდი თვალებზედ და ისე გარინდებული იდვა განიერ უნაგირზედ გადაბოტებული, ისე არხეინად და გულამღვრეულად აყოლებდა თავის ახოვანს ტანს ცხენის ძუნძულს, ისეთის დამშვიდებით და განცხრომით აბოლებდა თავის ჩიბუხსა, რომ გეგონებოდათ - ამისთანა ქეიფში სხვა კაცი ძნელად თუ იქნება დედამიწის ზურგზედაო. - რა გქვიან, ძმობილო? - ვკითხე მე. - ...ლელთ ღუნიას მიხმობენ, - მომიგო მან. - სადაური ხარ? - სადაველ? გაიბოტნიდამ, აქაივ მთაჩია, თერგ-კიდურზედ. - ქართველი ხარ, თუ ოსი? - ოვსი რაიდ ვიქნები?! ქართველ ვარნ, მახევე. - კაი ადგილია ეს თქვენი ადგილი. - არაა გონჯაი: ჩვენს ბეჩაობას შეჰფერობს. - ამისთანა წყალი, ამისთანა ჰაერი სწორედ ბედნიერებაა. - ჰმ! - ჩაიცინა მოხევემ. - რას იცინი? - საცინალს ვიცინი. ცარიალ სტვამაქი მაგნით ვერ გაძღების. - აქ ძალიან მოსავალი უნდა იცოდეს?! - რაიდ არ ეცოდინების? ადგილ არაა გონჯაი, პატარ გვაქვნ: თვითვაულს კაცს ორ-ორ შაბადის ყანა არ ექმნების. ვიწროდ ვარნ. - ეს დიდი გზა დიდ ხელს მოგცემთ. - რაი ბედანაა გზაი? იგ მისთვის ვარგობს, ვისეც თვის ნაშვრელ-ნამუშევერ გასატან-გასასყიდ აქვნ. - მაშ ქირაზედ არ დადიხართ? - რაიდ არ დავდივართ? დავდივართ. - მაშ ქირით ფულს იშოვნით. - ვშაულობთ. ჯიბეჩი არ რჩების: მთის კაცი მახევე სვამეხის კერძია. ჭამადი, სმადი არაა სახლჩი, ნაშოვერ დუქანჩი მიდის. - მაშ ისევ ბარი სჯობნებია: იქ ხალხი უფრო მაძღარია. - ვინ უწყის? იქაითაც საჭირბოროტოია დარჩენა. ადგილ ჰხაშმობს. იქაველ კაცს ფერი არა აქვნ, ჯანი არა აქვნ. აქაველ ჯანმრთელნი არნ. ცარგვლის გამჩენმა განაგო იქაით-მაძღრობა, აქაით - სიმრთელე. - რომელი ქვეყანა სჯობია, მაძღარი თუ მრთელი? - ორივენ ერთადა. უერთურთოდ ქვეყანაი გონჯაა. - ორში რომ ერთი ამოგარჩევინონ? - ორჩიდა? არჩევანზედ? ამ ღორღიან კლდეთ ვიჯობდი, ჯანმრთელია. ადამის ძეი ბალახითაც, გაჭირდის, გაძღების, სატკივარს რაი ეყვის? ამ დროს ჩემს მოხევეს უეცრად თოკის უზანგი ჩაუწყდა, თავი ვერ დაიმაგრა და ცხენს გვერდზედ მოექცა. მერე ისევ გასწორდა, ჩამოხტა ცხენიდამ და დაიწყო უზანგის გამართვა. - საჭირბოროტოია შეკაზმულ ცხენ, - წამოიძახა ღიმით მოხევემ, - დაილოც შიშვალ ცხენ: ფეხ გადაწვდიდი და გადაჯდიდი. მე აღარ მოვუცადე მოხევეს და წინ წავედი. VII - ერთი მითხარ, თუ ღმერთი გწამს, - ვითხარი მოხევეს, როცა მე დამეწია, - აი, სტეფანწმინდას პირდაპირ რა მონასტერია? - თერგ-გაღმით? - დიაღ. - გიწყალობნოსთ ცოცხალთა, შეგინდნოსთ მკვდართა, წმიდა სამების სახტარი არნ, უწინდალთ განძთა საფარი, ერთა საბჭო. - როგორ თუ განძთა საფარი, ერთა საბჭო? - ქართველთა მეფეთა განძი აქაიდ უფარვან მტრიანობას, მცხეთაიდ საუნჯეი საფარად აქ ზიდულა მრავალჯერ, - საბჭო რაღა არის? - საბჭოი? იქაიდ არნ სენაკ, სად სამართალი ბჭეთაგან იბჭოდის. რაიც მძიმა საქმე ხევჩი ავარდის, მუნ იბჭობიდნეს. - ვერ მეტყვი, როგორ იყო ეგ ბჭობა და რაზედ უფრო მოხდებოდა ხოლმე? - რაიდ ვერ გეტყვი? რაიც ვუწყი შეგასმენ. როდეს ასტყდის ერობაჩი დიდ-დევა, დიდ-საქმე, დიდ-არჩევანი, ერობას იქაიდ გამართვინ, აირჩივინ ბჭედა ბრძენ-ბერკაცნი, პეიტრობით სახელდებულნი, დასხმიან მათ იმ სენაკჩი საბჭობად. რაიც მერედ სამების სახელით, ხთისგან მათხავნილ მადლით იგნ ბჭენი სთქმიან, გადასჭრიდიან, არვინ შეშლიან, არვინ გადავლიან. - შენ მოსწრებიხარ მაგისთანა ბჭობას? - რაიდ შავესწროდი? ადრინდალ თქმულობას გიზრახავნ. - ეხლა რატომ აღარ არის ეგა? - აწინა?.. ჩაფიქრდა ჩემო მოხევე და პასუხი კი არ მომცა. ცოტა ხანს შემდეგ თვითონ მკითხა მე: - შენ რაი მილეთის ხარნ? - ქართველი ვარ, განა ვერ შემატყვე? - რაიდ შეგეტყვის? ტალავარ არა გაქვნ ქართველთა: რუსად მორთულხარნ. - განა კაცს ქართველობა მარტო ტანისამოსზედ შეეტყობა? - თვალთათვის ტყობად სამასელ არნა. - ენა და საუბარი? - ქართველთ ენად ბევრი საუბრობს: სვამეხიც, ოვსიც, თათარიც, სხვა მილეთიც. - ტანისამოსს ქართველისას კი ცოტანი იცმენ? - ქართველის ტალავარის იერი სრულად სხვაია. რუსულჩი ქართველ კაც მეუცხოების. - ქართველი გულით უნდა ქართველობდეს, თორემ ტანისამოსი რა არის? - მართალ ხარნ. მაგრამად გულჩი ვინ ჩაიხედნის? გული შიგნიდ არნ, უხედველ, ტალავარ გარედ არნ, სახედველ. - თუმცა მე რუსული მაცვია, დამიჯერე, რომ გულით ქართველი ვარ. - იქნების. არ ვიცი, ჩემმა მოხევემ დამიჯერა, თუ არა. ეს კია, რომ ამის შემდეგ ამისთანა ბაასი გავაბით. - წეღანდელ სიტყვაზედ რომ პასუხი არ მომეცი, - დავიწყე კვლავ მე, - მე გკითხე, ეხლა რატომ აღარ ბჭობენ-მეთქი სამების სენაკში. - აწინა?.. ერობა სადა არნ? რუსობაჩი ვართ. აწინა ყველაი გაცუდდის, ყველაი გაუქმდის. სამების ძირჩი სოფელ გერგეთ არნ. იქაველ კაცთ მეფეთა შეუთქვეს სახტრის დარაჯობაი. მის სამაგიერ მეფეთა თარხნობა მიანიჭის სრულ სოფელს, გუჯარიც მაჰსცის საშვილიშვილოდ. ყვაველ ღამ აწინაც გერგეთიდ სამ-სამ კაც დარაჯად იგზავნების. გერგეთელნ აწინაც სახტრის დარაჯობას თავ-დებულობენ, მაგრამად რუსობაჩი თარხნობა გაცუდდის, მეფეთ გუჯარს რუსობამ ყური არ ათხოვის. გერგეთი აწინა სხვავითა ბეგრობს. გაუქმდის ადრინდალ დაწყობაი, ხთის მათხავნილ მადლით ბჭობაიც სამებაჩი გადავარდის. - მაშ უწინდელი დაწყობა და დრო უკეთესი იყო? - რაიდ არა? - რით იყო უკეთესი? - ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! ერთურთს დავეყუდნით, ერთურთს ვიხვეწებდნით. ადრიდა?! ქვრივ-ობოლთ ვიფარევდით, შინ მიწრიელს, გარეთ მავნეს დავულაგმნდით, ხთისა და ბატონის იასაულს მის ყუდროს არ მივკერძდნით, ერთურთს ლაღ მტერთან ჩავეფარვიდნით, დაცემულ ვიურვებდნით, ატირდომილს ვიხოიშნიდით და ესრეთ იყვის ბრალება კაცისა, ერთურთობა. აწინა ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი, ანგარი გვერივნის, ერთუსლობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდის. აწინა ქვრივ-ობოლ ვინა განიკითხის, ატირდომილ გააცინის, დაცემულ ვინ აღადგინის? აწინა არა არნ კაცნი და თუ არნ - პირად და გულად ჯუღურ არნ. ერი დავარდნილ, გალახულ არნ. ვრდომილ-კრთომილ. წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წესთ-წყობაი. ადრიდა ჩვენობა იყვის. წარხდა, მოისრა ქვეყანაი, რაია აწინა ჩვენი დარჩენა? ჭამად-სმად სასყიდვალ, ტყეი სასყიდვალ, გზაი სასყიდვალ, ლოცვა-კურთხევაი სასყიდვალ, სამართალ სასყიდვალ, რაიდ დარჩების ბეჩავი მახევე?.. - ეხლა რომ მშვიდობიანობა არის? - რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბას ცარიალ სტვამაქით. რაი არნ მშვიდაბა? უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის. უდეგარ, უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის! რაი არნ მშვიდაბა ცოცხვალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის. - მტერი რომ დაგეცემოდათ, აგიკლებდათ და ცოლ-შვილს გიწიოკებდათ ხოლმე? - აწინა მევალე სვამეხი უფროს გვაწიოკებს, უფროს სახლს გვიკლებს. ადრიდა მტერს მაინც ფარ-ხრმალით შევეთამაშით, ვიგერიებდით, სვამახს რაი ეყვის, ვერ მოსაგერიებელ, ვერ შესათამაშებელ? ადრიდა მტერთან ბრძოლაჩი, სწორების ჯობინობაჩი, სახელ ვშაობდით, სვამეხთან ვაჟაი რაი სახელ ჩამორჩების? ადრიდა, მართალ ხარნ, მტერ იყვის, ერთგულთა ვაჟათა ჩუქებაც დიდ-იყვის: ადგილ-მამულ ებოძვის, თარხნობაი მიეწყვებოდის. აგერნა თერგკიდურზედ ხელთუქმნი ციხეი ჩნდების. იგ ციხეი არშისა ციხედა ცნობილ არნ. - როგორ ხელთუქმნი? - ხთით არნ ციხედა, არ შეუვალ, არ შეულეწ. - მერე რა უნდა გეთქვა? - იქაიდ ადრიდა კახთ ლაშქარ მისევოდის. ელაშქრნათ, იგ ციხე ხელთ ეპყროთ. ხევსა შეძრწუნებულს ბატონთან შველაი ეზრახნა. მან შველაი ვერ მასცის. შაწუხდის უშველი ერი. კახთა ვაჟანი ხევისანი მრავალნი მოხოცნეს, მავიდნენ ციხეჩი, ალამნი დასცის. ერთი ყაფილა პეიტარბერ-კაცი, მახევე. ქალაი ჰყოლია უთხოვარ, მზედუნახველ. მან, მახევემ გაისაურნა კახთ ლაშქრის დათრობად. მაზიდნა ღვინოი, შაგზავნა ციხეჩი. თვისა ქალსა მზედუნ<ამცნის მოღორნა კახთ ლაშქრის. მოვეს მოხევენი, შავეს უგებრად ციხეჩი. დასცის კიჟინა, კახნი სრულ მთვრალნი მახოცნის. ხელთ იგდის მახევეთ კვლავადა ციხე. არაგვთ ერისთავს იგ ამცნეს, მან მაჰსცა წყალობად იმ ქალაის მამას იგ ციხე, გუჯარიც მაჰსცა... - ეგ რა ვაჟკაცობა ყოფილა? - რაიდ არა? ჭკუიანი ვაჟკაცობაი ეგე არნ. სად ღონეი ვერ ჰღონობს, იქაიდ ხერხს ემუდვნის. - მაგ კახელების ამოხოცვის ამბით რა უნდა გეთქვა? - აწინა ყაველნი ქართველნ ძმანები ვართ. არ მტრობით ვისაუბრე კახთათვის. იგ უნდა შემესმინა, რომ ადრიდა სამსახურს თავვიდევდით, საჩუქარიც, ბოძებაც დიდ იყვის; სახელით, ვაჟკაცობით სარჩო-საბადებელთ მაშოვერ ვიყვენით, კაცი უბრალოდ არ წარხდის. აწინა ტყუობით, მეძავ-მრუშობით, ფიცთა გატეხვით, ერთურთ ღალატით სარჩო-საბადებელ საშოვერ გაგვიხდნის. VIII მართალია თუ არა ჩემი მოხევე, მე მაგის გასინჯვაში არ შევალ. ან რა ჩემი საქმეა ეგა? მე გაკვრით, როგორც მგზავრი, მიხსენებ მას, რაც მისგან გამიგონია. ჩემი ცდა მარტო იმაშია, რომ იმის აზრისათვის იმისივე ფერი შემერჩინა და იმის სიტყვისათვის იმისივე კილო. თუ ეს შევასრულე, ჩემი განზრახვაც შემისრულებია. ჩემმა მოხევემ მე კიდევ ბევრი რამ სხვა მითხრა, მაგრამ ყოველი მისი ნაამბობი დასაწერად არ გამოდგება შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა... მე მარტო ამას ვიტყვი, რომ იმან თავისის სიტყვით თავისს გულისტკივილს მიმახვედრა. მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტრითა ხარ ნაჩხვლეტი. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“ - სთქვი შენ და მე გავიგონე. მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი