სარჩობელაზედ
პატარა ამბავი
I შუა ზაფხული იყო. მინდვრები და ქედები გოლვას სულ მთლად გადაეჭკნო და ფერი ეცვლევინებინა. იმ დღეს, რა დღიდამაც ვიწყებთ ჩვენს ამბავს, ასეთი ცხარე მზე სწვავდა ქვეყანასა, ასეთი პაპანაქება იდგა, რომ დედამიწას ბუღი ასდიოდა, თითქო გახურებული თონეაო. კაცი სიცხისაგან დაოსებული ძლივს სულს იქცევდა. ამისთანა დღეს საქონელ-გამოშვებულნი ღვინის ურმები იდგნენ მწკრივად ლოჭინის ხევის პირას. ხევში წყალი გოლვისაგან ისე მილეულიყო, რომ ძლივსღა მოიპარებოდა ქვებთა შორის რიყეზედ. საცოდავი მეურმეები, ქანცგაწყვეტილნი სიცხისაგან, გულდაღმა გაშოტილიყვნენ კონკილაზედ აყენებულ ურმებ-ქვეშ. ყველას ეძინა; — მარტო ორიოდ ბიჭი, კალთებ-აწეულნი, იდგნენ გუბის პირას და ხის ჯამებით ასხამდნენ წყალს პირდაღებულს, დასიცხულს კამეჩებსა, რომელნიც გუბეში ეყარნენ. აქეთ, პატარა მოშორებით, თავი მოეყარნათ ხარებსა, ჩამდგარიყვნენ გუბის პირას, თვალებ-დახუჭვილნი იცოხნებოდნენ და კუდით იგერიებდნენ მოუსვენარ ბუზებსა. მზე გადიხარა: თბილმა შეგუბებულმა ჰაერმა მოძრაობა დაიწყო. იმ ენაჩავარდნილმა ადგილმა გაიხმაურა. აიშალნენ მეურმეები თვალების ფშვნეტითა; პირზედ წყალი შეისხეს და შესაბმელად მორეკეს საქონელი, რომელიც სიცხის გატეხაზედ მინდვრად გასულიყო და სცოხნიდა გოლვისაგან გამხმარს ბალახსა. „ჰოო, ხიო, პატრონ-ძაღლო.....“ და სხვა ამისთანა და ამაზედ უარესიც ისმოდა მეურმეების ხმაურობაში. როცა შეაბეს და წინა-მეურმემ შოლტი გამართა, რომ ხარებს გაუტყლაშუნოს და დასძრას ურემი, მაშინ უეცრად ხევის ყურედამ ორი ყმაწვილი გამოვიდა გზაზედ. ორივეს ტანზედ სალდათის მაუდის „კურტკები“ ეცვათ. ერთს მათგანს თავზედ ეხურა უშველებელი ჩერქეზული ქუდი. ქუდი ისე ჩამოფხატოდა თავზედ, რომ ცხადი იყო, ქუდის პატრონი სხვა ყოფილა და მხმარებელი სხვაა. მეორეს ეხურა სალდათური უწინდებური უკაზიროკო ქუდი. ჩერქეზულ-ქუდიანი თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლისა იქნებოდა, მეორე ან თოთხმეტისა, ან ხუთმეტისა. უფროსის სახე არ იყო ძალიან მარილიანი: იმისი სხარტე და ფირფიტა ნიკაპი, იმისი წვრილი, სწრაფი და მოუსვენარი თვალი, ჩქარ-ჩქარი თვალთა ხამხამი ცხადად ამბობდა, რომ ამ კაცის კანში რაღაც უფხო გულია დამალული. მეორე, უმცროსი, — უფროსსა ჰგვანდა კიდეც და არცა ჰგვანდა: ჰგვანდა ზოგიერთ სახის ასოს მოყვანილობაში, მაგრამ უფრო მარილიანი იყო. ამისი შავი და ღრმა თვალები მკვახედ გამოიყურებოდნენ. წარბშეკრული და გულდახურული, თითქო რაღაცას ითმენსო და თავისთავს ძალას ატანსო, შინაგანი ამღვრეულობა არავის ამცნოსო. პირველი იმისთანა იერის ყმაწვილი იყო, რომ კაი კაცის კვალზედ წავიდოდა, — შესამჩნევი არა იქნებოდა-რა, ავის კაცის კვალზედ დადგებოდა, — ქურდ-ბაცაცობის მეტს ვერაფერს ვერ შესძლებდა. მეორეს კი სხვა ნიშან-წყალი ჰქონდა. — გამარჯვება თქვენი, — უთხრა მეურმეებს უფროსმა. — აი, გაგიმარჯოთ, — მისცეს პასუხი. — თქვენ უთუოდ ქალაქს მიდიხართ. — გამოცანა გერგება, — დაუძახა დაცინებით ერთმა მეურმემ. უფროსმა ღიმილით ჩამოართვა ეს დაცინება და ლაქუცითაც. უმცროსმა უფრო წარბი შეიკრა და რისხვამ ელვასავით გაურბინა სახეზედ, მაგრამ თავი მალე შეიკავა. ეტყობოდა, რომ გულის მოძრაობას მოერია. — აი, დალახვრა ღმერთმა ავი კაცი! — წამოიძახა უფროსმა: — ჩვენ თუქურმიშის შკოლაში ვიყავით, ჩვენ ორნივ ძმები ვართ, თავადიშვილები... — ბეჟან! — დატუქსვის ხმით დაუძახა უმცროსმა თავის ძმას და ისეთის თვალით შეხედა, რომ სიტყვა გააწყვეტინა. ეტყობოდა, რომ უმცროსს რაღაც სიტყვა თავისის ძმისა არ მოეწონა და გაწყრა. ბეჟანმა, თუმცა პირველში სიტყვა გაწყვიტა, მაგრამ მალე მოუტრიალდა გაწყვეტილ ამბავს და ძმას ყური აღარ ათხოვა. — ჩვენ ორნივ ძმები ვართ, თავადიშვილები, — განაგრძო ბეჟანმა, — მამა-ჩვენმა ქალაქიდამ ერთი თუმანი გამოგვიგზავნა, — როცა დაგითხოვონო, ერთი რუსის პოვოსკა დაიჭირეთ და წამოდითო. ჩვენც, — აი, ამოაგდო ღმერთმა ავი-კაცის ქოქი, — ერთს რუსს გავურიგდით, რვა მანეთი მივეცით, რომ ქალაქში ჩავეყვანეთ. წამოგვიყვანა, გზაზედ დუქანში დაგვეთრო, გადმოგვყარა პოვოსკიდამ, თითონ შინ დაბრუნდა და ჩვენ ასე გამოგვისტუმრა. ჩვენი ბარგი და რვა მანეთი ფული თან გაიყოლა იმ სულ-ძაღლმა. უმცროსი მთლად აირია. მიტრიალდა, ზურგი მეურმეებს და თავის ძმას შეაქცია, დაიწყო უაზროდ ყურება და მერე დაჟინებით დააცქერდა ჩამავალს მზესა. — ერთი ასეთი ბუზმენტიანი ჩოხა გაიყოლია თან ჩემი, რომ ხუთ თუმნადა ღირდა, — დაიწყო ისევ უფროსმა, — ჩოხას ჯანი გავარდეს, ის ძველი და სხვა ახალი: მამა-ჩვენი შემძლებელი კაცია... უმცროსი მოუტრიალდა ძმას უფრო გულამღვრეული და გაჯავრებული, ვიდრე წინად. — ბეჟან, გეყოფა, კარგი!.. — უთხრა უმცროსმა, თითქო წყრომითაც და ვედრებითაც. ბეჟანმა მაინც კიდევ ყური არ ათხოვა და მოჰყვა ისევ თავისებურად: — ორი დღის უჭმელები ვართ. ცუდი საქმე დაგვმართა იმ ოჯახდაქცეულმა. აბა ეხლა რა უნდა ვქნათ ამ უცხო ქვეყანაში? — ვაი ჩემს გამჩენს! — უპასუხა ერთმა დროულმა მეურმემ. — უცხო ქვეყანაში რად იქნებით!.. ასე გონია, სათათრეთში იყვნეთ!.. ეს ქვეყანა საქრისტიანო საქართველოა. პურსაც გაჭმევთ, ღვინოსაც დაგალევინებთ და კაი ქეიფსაც გაგაწევინებთ. ვაი ავ-კაცს, რომ თქვენი ცოდვა აუღია, თორემ თქვენ რა გიჭირთ? ასე ჩაგიყვანთ ქალაქშია, რომ ქარიც არ მოგადინოთ. უმცროსს წარბი გაეხსნა, მოღრუბლულს სახეზედ რაღაც სიამოვნების ფერმა გადაჰკრა. ერთობ მისის სახის მეტყველებამ განცვიფრებული სიხარული გამოსთქვა, თითქო ადამიანის გულკეთილობას პირველად შეხვდაო და უკვირსო. იმ დროულმა კაცმა გახსნა ხურჯინი, ერთი შოთი ერთს მისცა, მეორე — მეორესა და ერთი ჩარექა ღვინოც ჩამოუსხა პატარა ტიკჭორიდამ. — ვაი შენს პეტრეს! — დაიწყო იმავ დროულმა. ჩვენ დალოცვილს ქვეყანაში შიმშილით ლეკიც არ მომკვდარა, თქვენ რად შეგშინებიათ? შეექეცით, შვილო! ეხლა კი ამ მშრალს პურს პურადძვირობაში ნუ ჩამოგვართმევთ, ამაღამ კი ასეთს ცხვრის მწვადებს გაჭმევთ, რომ ხონთქარმაც კი ტუჩები ილოკოს. პეტრემ დაისო ორნივე თავის ურემზედ; წასვლა უთხრეს წინამეურმესა. დაიძრა ქარავანი ურმებისა. ამტვერდა მშრალი გზა. იმავე დღეს, გლეხის ვახშმობის დროს, ამ მეურმეებმა ქალაქის პირში გამოუშვეს ურმები, რადგანაც ღამე იყო, და ქალაქში ღამის ხარჯს საქონელისას მოერიდნენ. მეურმეებმა თითო-თითო ღერი შეშისა, შორიდამ წამოღებული, გადმოიღეს ურმებიდამ და ცეცხლი დაანთეს. პეტრემ შესწო მწვადი თავის პატარა სტუმრებისათვის და როგორც შეეძლო გაუმასპინძლდა. ვახშამი სჭამეს. დაღალულნი მეურმეები დაეყარნენ და ძილს მიეცნენ. საქონელი მინდორზედ საძოვნელად გაიშალა; ღამის მეხრეები გვერდით ედგნენ ყარაულად. პეტრემ ყმაწვილებს ქვეშ გაუშალა თავისი ნაბადი და უთხრა: — თავადიშვილები ხართ, ჩვენსავით ცარიელ მიწაზედ გდებას ვერ აიტანთ. ყმაწვილები დაწვნენ, პეტრეც შორი-ახლო მიეგდო და მკვდარსავით დაეძინა. გათენდა მტრედისფრად. მეურმეები აიშალნენ, მაგრამ ჩვენმა პეტრემ თავისი სტუმრები თავის ადგილას ვეღარა ნახა. მიიხედ-მოიხედა და თვალი ვეღარსად ვერ მოჰკრა. — ვაი შენ ჩემო თავო! — დაიძახა ბებერმა პეტრემ, რაკი გული დააჯერა, რომ ყმაწვილები გაპარულან, — აკი არ მომატყუეს ეს დროული კაცი! გაპარულან!.. წაიღებდნენ რასმეს!.. იკრა პეტრემ ჯიბეს ხელი და ორივე მოჭრილი ჰქონდა. კეთილმა ბერიკაცმა გულნაკლულად ჩაიცინა: — აკი იმ ძუძუმწოვრებმა არ გამქურდეს ეს დროული კაცი! — სთქვა ღიმილით და თაკილითაც პეტრემ. — ჩემზედ ახია: ისე როგორ დავიძინე, რომ ვერც კი გავიგე. აი დალახვრა ღმერთმა სიბერე! არა, შვილო, ეხლა ჩემი შვილდი უნდა ძირს დავდო. ტყუილად კი არ მეუბნებოდა ჩემი უფროსი შვილი: მამი, — დაჰბერდი, შორს გზაზედ მეურმეობაში ვეღარ გამოდგებიო. აკი ვეღარ გამოვდეგ, მე კი მეგონა აღზევანსაც წავალ-მეთქი კიდევ მარილზედ. ჰაი ტა, ტა, ტა... დავბერდი, დავჩაჩანაკდი... სირცხვილით შინ როგორღა მივიდე. მეურმე კაცი, ქალაქს მიმავალი ღვინის ურმით, გამქურდეს! მერე ვინა? ძუძუთა ბავშვებმა!.. ჯიბე მომჭრეს, ჯიბე. ვაი შენ, ჩემო თავო! — ბევრი წაიღეს? — ჰკითხა ვიღაცამ. — სამი და ათი შაური, — მიუგო პეტრემ. — აქ შვილო, სავალალო ეგ კი არ არი, მაგას ვინა სჩივის. ეს სირცხვილი როგორა ვჭამო, როგორ! უსუსურმა ბავშვმა გამქურდა. ვისაც ვეტყვი, დამცინებს, ჯალაბსაც კი სიცილად არ ვეყოფი, მეზობლები ჯავრით გამხეთქენ, ბიჭო, მძინარეს ჯიბეები დამაჭრეს!.. არა, შვილო, რაკი ქართველმა რუსული შლაპკა დაიხურა, იმის საქმე წასულია. ფუ, ეშმაკს! მერე ვინა? ჯერ ტუჩებზედ დედის რძე არა ჰქონდათ შემშრალი... ეს დროული კაცი... აი ტაი, ტაი, ტაი! ღმერთმა იმათ კი შეარგოთ და მე კი ეს სირცხვილადაც მეყოფა და სიცილადაც. გაიქნივა თავი ისეთის ღიმილით, თითქო ხუმრობაში ატარებსო ამ საქმეს, მაგრამ გულში კი მართლა სცხვენოდა. II გავიდა ოთხი წელიწადი. გაზაფხულის პირი იყო. პეტრე, უწინდელზედ უფრო მიბერებული, ქალაქს მოდიოდა, წისქვილის ქვები უნდა ეყიდნა. მაგრამ როგორ მოდიოდა? იმავე თავმოწონებით, როგორც უწინ, ხოლო ეხლა სხვა მიზეზი ჰქონდა თავმოწონებისა. მას აქეთ, რაც ის ხიფათი შეემთხვა, ხელი აიღო მეურმეობაზედ — ვხედავ, აღარ ვარგივარო, ეუბნებოდა ხოლმე თავის შვილს გულის ტკენითა. ეხლა ამის ღვინის ურემზედ მისი უფროსი შვილი უჯდა და ხარ-კამეჩს ისა ჰხმარობდა. თითონ კი გადაებოტნა უშველებელ სავსე რუმბზედ და ყეინსავით გამოჭიმული იჯდა. გზის მამალი∗ ამის შვილის ურემზედ დაესვათ, პირველობაც ურმის ქარავანში ამის შვილისათვის მიეცათ. პეტრეს ეს ამისთანა პატივი შვილისა და ტოლებში თავგამოსაჩენი ამბავი ძალიან უხაროდა და თავი მოსწონდა. უხაროდა და ჰფიქრობდა: შინ რომ მივალ, ჩემს ბებრუცუნა ჯალაბსაც ვახარებო ჩვენის შვილის გაპატიოსნებასაო. პეტრეს ქალაქში ერთი ორიოდ დღე მოუგვიანდა. ქარავანიც დაბრკოლდა რაღაც საქმეზედ და ჯერ არ აპირობდა ქალაქიდამ დაძვრას. ბოლოს სთქვეს: დღეს საღამოზედ, მზე რომ გადიხრება, უნდა ქარავანი დაიძრასო. პეტრემ ნაყიდი წისქვილის ქვები დაუდო ურემზედ და ბაკში მიიტანა, საცა ქარავანი იყო გამოშვებული. შუადღეც მოტანებული იყო და იმ საღამოს გასვლას აპირობდნენ. პეტრემ სთქვა: მაინც საქმე არა მაქვს-რაო, მოდი, ერთი ავლაბრის მოედანზედ გავალ, ქვეყანაა, შევიტყობ რასმესო. მოედანზედ ხალხი ირეოდა, როგორც ყოველთვის. ბევრგან ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ჟრიამული და ყაყანი გაჰქონდათ. პეტრეც ერთს ამ ჯგუფში გაერია, ერთი შევიტყო, რას ყაყანებენო. აქ გაიგო, რომ ზარბაზანი გავარდება თუ არა, მახათაზედ ერთს კაცს ჩამოარჩობენო. პეტრეს თავის დღეში არ ენახა ეს ამბავი. გულმა ძალიან გაუწივა იქით. „ბევრი ვაი-ვაგლახი მინახავს ჩემს სიცოცხლეშიო, — სთქვა გულში, — მოდი, ერთი ესეცა ვნახოო“. სთქვა და გაჰყვა ხალხს, მახათაზედ მიმავალს. მახათაზედ ბუზსავით ხალხი ირეოდა. იქ თავში, ერთს განაპირებულს ადგილს, სარჩობელა გაემართათ და გარშემო ჯარი ედგა. წინ ფართო მოედანი ხალვათად იყო, არავის არ უშვებდნენ ახლო. პეტრემ მიიხედ-მოიხედა, ნახა ამოდენა ხალხი, კაცი თუ დედაკაცი, და გაუკვირდა. „ვთქვათ, კაცები ჩემსავით თამაშად მოსულანო, ამ დედაკაცებს რაღა ღმერთი გასწყრომიათო, ეგრე თავი მოუყრიათ! რა მაგათი საქმეაო“. ბოლოს ამაზედ დადგა, რომ სწორედ ტყუილი რამ თვალთმაქცობა იქნება ჯამბაზისაო. „არც ეგ არის ურიგოო, — სთქვა გულში პეტრემ, — ეგ უფრო კარგიც იქნება, თორემ მართლა კაცის ჩამორჩობა აბა რა სანახავიაო? კატა ხომ არ არის, აიღო და ჩამოჰკიდო; რაც უნდა იყოს, ღვთის სული ადამიანია. კიდეც იმიტომ ამოდენა მანდილოსანს თავი აქ მოუყრია. დედაკაცის თვალი მსუნაგია თვალთმაქცობაზედ... ახლა იმ სომეხმა რომ მომატყუა, კაცს არჩობენო, რა გაიტანა? აქაო და სოფლელია, მალე მოტყუვდებაო. ვთქვათ, რომ მოვტყუვდი, მითამ რაო? თამაშას ხომ ვნახავ... ღვთის წინაშე კი, იქავ რომ მცოდნოდა თვალთმაქცობას ითამაშებდნენ, იქნება არც წამოვსულიყავ, აი! ჰაი, ჰაი, კაცის გული მალია, მალი ცოდვის საქმეზედ. კაცის დარჩობის სანახავად გამოუქნელ მოზვერსავით კი გამომიწია და!.. ამ პატარა გულში რამოდენა ცოდვა და მადლი ტრიალებს“. ბევრს რაღაცაებს მოსთქვამდა გულში ჩვენი უსაქმო პეტრე, სრულად დარწმუნებული, რომ აქ თვალთმაქცობა რამ იქნება. თორემ დედაკაცებს აქ ან რა ხელი აქვთო, ან ვინ მოუშვებდაო. ბოლოს ვიღაცამ გაიხმაურა: „მოჰყავთ, მოჰყავთო“. მიიხედა პეტრემ, ნახა, რომ სალდათებს ერთი ვიღაცა რუსულ ფარაჯაში გახვეული კაცი მოჰყავთ. — ჰა, პეტრევ!.. — არიგებდა პეტრე თავისთავს, — არ გაბრიყვდე, ეშმაკმა არ გაცდინოს, მართალი არ გეგონოს!.. ეგ სულ მაცდურობაა, დაგცინებენ, იტყვიან, სოფლელია და მოტყუვდაო. მაინც კი გაიწია, რომ ახლო ნახოს. იმდენი მიძვრა-მოძვრა ხალხში, რომ გაინაპირა თავი. სალდათებმა ზედ გვერდზედ ჩამოუარეს და ჩამოუტარეს ფარაჯაში გახვეული კაცი. — აი, დალახვრათ ღმერთმა! — სთქვა თავისთავად პეტრემ. — მართლა სალდათებს არა ჰგვანან, ე! რა-რიგ ჩაუცმევიათ! ი თოფების ჭერაც რომ უსწავლიათ!.. რას არ მოიგონებენ ე ქალაქის ბიჭები! დახე, სულ რუსის ბიჭებსაც რომ ჰგვანან. ამ ლაპარაკში რომ იყო, თვალი მოჰკრა ფარაჯაში გახვეულს. ის იყო ოცისა თუ ოც-და-ერთის წლის ყმაწვილი ბიჭი. წვერ-ულვაში ახლად გამოშვებული ჰქონდა და ლეკურად დაყენებული. სახეზედ ზაფრანის ფერი ედო. პეტრეს რაღაც ფიქრმა გაურბინა გულში. — რა ვქნა! ეს ბიჭი მეცნობა. ღმერთო, მომაგონე: სად უნდა მენახოს? — ჰკითხა ამაოდ თავისთავსა, ამაოდ იმიტომ, რომ ვერ მოეგონა, სად ენახა. — ეჰ, ქალაქის ბიჭი იქნება ვინმეო, — სთქვა ბოლოს. — ბაკებში დღეში ათასი კაცი შემოდის და გადის, იქნება იქ მენახოს და გულში ჩამრჩენოდეს, ვინ იცის? არა, რა-რიგად გაფითრებულა, მითამ და მართლა არჩობენ. ჯამბაზი თითონ ეს იქნება სწორედ. არა, შვილოს, ვერ მომატყუებთ!.. — ვუი, ვუი შენს დედას!.. — იძახოდნენ მანდილოსნები. — რა ახალგაზრდა ბიჭი ყოფილა!.. პეტრეს გაუკვირდა ეს ძახილი. — აი, დედაკაცები არ არიან, თმაგრძელი და ჭკუამოკლე! — სთქვა თავისთავად პეტრემ, — რა მალე მოტყუვდნენ. ხომ თითონაც სუყველანი თვალთმაქცები და კუდიანები არიან, მაგრამ აჰა... ეგენიც კი ტყუვდებიან. მაგრამ იქნება ამათ ჩემი გაბრიყვება უნდათ, სოფლელიაო. ჰა, პეტრევ!.. თავს გაუფრთხილდი, არ გაბრიყვდე!.. არ შერცხვე ეს დროული კაცი; ამოდენა ჯარ-ჯამაათის სასაცილოდ არ გაიხადო თავი. დასწყევლოს ღმერთმა ეს ქალაქელები, კაცი თუ ქალი, რა მალე შეგვატყობენ ხოლმე სოფლელ კაცს, თითქო შუბლზედ გვეწეროს. — რა გენაღვლებოდა, შე უბედურის დღისავ! — ამბობდა ერთი დედაკაცი ჩადრში გახვეული, — შენთვის ყოფილიყავ და ამ დღეში არ ჩავარდნილიყავ. ვაი შენს დედასა, შე საცოდავის შვილო! — დიაღ, მოჰყევ ენაჭარტლობას, — ამბობდა გულში პეტრე. — სწორედ დაგიჯერე, აი, არა, აქაო და სოფლელი ვარ, არ გამაბრიყვო კი, თუ ღმერთი გწამს... — ეგა სთქვი, ეგა და! მაგრამ კაცის წერა რაც იქნება, ის არის, — უპასუხა მეორე დედაკაცმა, — საცოდავი წერას აუტანია. მაგრამ ეგ ხომ მოკვდება და წავა, ვაი მაგის მშობლების ბრალი, რა ცეცხლში ჩაცვივიან! ღმერთო, დაიხსენ ყველა ქრისტიანი. — ბიჭოს! — სთქვა გულში პეტრემ, — პირობა შეუკრავთ, თუ რა ღმერთი გასწყრომიათ. აქედამ მოვშორდე, თორემ ერთს სირცხვილს მაჭმევენ ეგ კუდიანები, მე და ჩემმა ღმერთმა. სთქვა და ადგილი გადინაცვლა. მივიდა და ჩადგა ახლა სულ სხვა ჯგუფა ხალხში, აქაც დედაკაცები ბლომად იყვნენ. ერთი გული ეუბნებოდა, მოდი ვკითხავ, რა ამბავია, მეორე კი ეუბნებოდა, სირცხვილია, დამცინებენო. — რა ახალგაზრდაა ეგ უბედურის შვილი! — სთქვა ერთმა დედაკაცმა, — ჯერ დღე სწორედაც არ გასთენებია და ეგრე ადრე და მალე კი უნდა მზე დაუბნელდეს. — რა თონეში უნდა იწოდეს ახლა ამისი დედის გული, ღმერთო, მაგისთანა დღეს ნუ შემასწრობ! — დაუმატა მეორემ და ჩაიკრა გულში ხელი. — აბაიმე, აბაიმე!.. — სთქვა გულში პეტრემ, ეხლა კი ცოტა წყენითა. — ჩემზედ მოიცალა ამოდენა ხალხმა, თუ რა ამბავია ჩემს თავს. ესე მალე როგორ შეკრა ყველამ პირობა!.. ახა ღმერთო ჩემო! კარგია, არა ვკითხე. აბა კიჟინას დამცემდნენ, აი! ჰა, პეტრე, გაფრთხილდი, არ გაგაბრიყვონ, სასაცილოდ არ გაიხადო თავი. აი უსაქმურ ხალხს რომ იტყვიან, ეს ქალაქელები არიან: დასწყევლოთ ღმერთმა, ყველამ ჩემზედ არ მოიცალა! ამბობდა ამას თავის გულში პეტრე და ეგონა, რომ მართლა-და ეს ხალხი ამისათვის არის მოცლილი, სოფლელია და გავაბრიყვოთო. ამათაც გაექცა და ხელახლად გადინაცვლა ადგილი. ძნელი რამ არის, როცა გუნება თავში გამწევ ცხენსავით დაღოჯავს ჭკუის ლაგამს და ცალმხრივ გაიწევს. III ამასობაში ის ფარაჯაში გახვეული ბიჭი მიიყვანეს და სარჩობელას ქვეშ დააყენეს. ცალმხრივ მღვდელი მოუდგა, მეორე მხრივ ვიღაცა ჩინოვნიკი. წითელპერანგა ჯალათი უკან ედგა. — ე მღვდელი რაღას გაუგიჟებია, — ეუბნებოდა თავისთავს პეტრე, — ტერტერა იქნება, თორემ მართალი მღვდელი ამას რად იკადრებდა. ის წითელპერანგა ვინ უნდა იყოს? იქნება თავი-და-თავი ჯამბაზი ეს იყოს. ჩინოვნიკმა ქაღალდი ამოიღო და წაიკითხა. — ეს თილისმის ლოცვა იქნება, — სთქვა პეტრემ თავისთავად, უთუოდ ჯადოს იქმონენ, თორემ აი ვნახოთ. მაშ კაი ამბავი იქნება. მერე მღვდელი რაღასაც ეუბნა ფარაჯაში გახვეულს. პეტრემ თუმცა ყურები აცქვიტა, ფეხის თითებზედაც შედგა, მაგრამ შორს იყო და ვერა გაიგო-რა. ფარაჯაში გახვეულს გახადეს ფარაჯა, გადააცვეს თეთრი პერანგი თავიდან ფეხებამდე, ასე რომ პირის-სახე აღარ უჩანდა. წითელპერანგა ჯალათმა გაასწორა სარჩობელაზედ ყულფი, მერე კიბე მიადგა სარჩობელის ბოძს. მოუბრუნდა უბედურს, ხელის კვრით წინ წაიგდო, აიყვანა კიბეზედ, მოსწია ყულფი, რომ თავი გააყოფინოს. ხალხს ხმა ჩაუწყდა, თითქო სული შეეხუთაო, თითქო ამოდენა ხალხის გულის ძგერა შედგაო. ჯალათმა თავი გააყოფინა ყულფში, გამოაცალა კიბე და ჰკრა ხელი. ხალხმა ერთი ღრმად და ყრუდ ამოიქშინა, ისე, როგორც ამოიქშენს ხოლმე უეცრად ცხელ-წყალ თავგადასხმული. უბედური სარჩობელაზედ ჩამოეკიდა, ქანაობა დაიწყო და ფორთხალი. დიდხანს იქნია საწყალმა ფეხები. — დილამდი რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ, — ამბობდა თავისთავად პეტრე. ხალხი, წუთის წინად სულგანაბული, ეხლა მხიარულად ჰყაყანებდა და ლაზღანდარობდა კიდეც. დაირღვა ხალხის გროვა, დაიშალა და გაიშალა მინდორზედ. ყველამ თავის სახლისაკენ გასწია სრულიად კმაყოფილმა, რომ ეს სამარცხვინო და გულის ამაზრზენი თამაშა ნახა. პეტრემ მიიხედ-მოიხედა და ნახა, რომ აღარავინ რჩება აქ. ჯარიც წამოვიდა, მარტო ორი ყარაული-ღა დარჩა სარჩობელასთან. იმ წითელპერანგა კაცმაც გადიცვა რაღაც სხვა ტანისამოსი და გამოსწია. სარჩობელაზედ დარჩა უძრავად დაკიდებული ის უბედურის შვილი. პეტრე გაოცდა. — ბიჭოს, ეს იყო! — სთქვა თავისთავად, — ვერაფერი თამაშა იყო. იქნება თვალთმაქცობა იმაში იყო, რომ შეცვალეს, კაცის მაგიერ ტომარა ჩამოჰკიდეს, ფეხებს რომ იქნევდა?.. მართულებს ვერ გაუკეთებდნენ თუ!.. მართულებით თუნდ ლეკურსაც ათამაშებენ. მაინც ვერაფერი ამბავია, ტყუილად მოვცდი. აი, აქ კი მოვტუვდი. აბა ვგდებულიყავ ჩემთვის ბაკში, ერთი ლაზათიანად გამომეძინა, ის არა სჯობდა? მე ვთქვათ ჰო, ეს ამოდენა ხალხი რაზედ გაბრიყვდა? ბიჭო და, იქნება მართლა ჩამოარჩეს!.. ნეტავი მეკითხნა. ეჰ, დამცინებდნენ... ჰა, ვინ იცის? ე ხალხი რომ ასე ქეიფის გუნებაზეა, მიდის და მიყაყანებს მხიარულად! ეს რომ მართლა დარჩობა ყოფილიყო, ქვები ხომ არ არიან, ოჯახდაქცეულები ერთ ცვარ ცრემლს მაინც ჩამოაგდებდნენ. რაც უნდა იყოს ღვთის-კერძო ადამიანია, კატა ხომ არ არი. მაგრამ ე დედაკაცობას რომ სულ ერთიანად თავი აქ მოეყარა!.. გულში დიდი ეჭვი ჩაუვარდა. ეხლა მარტო იმის დარდი ჰქონდა, შეეტყო — რაში ტყუვდება: იმაში, რომ ეს მართალი თვალთმაქცობაა და ტყუილი ჩამორჩობა, თუ მართალი ჩამორჩობაა. სწორედ გითხრათ, პირველში მოტყუებას, უფრო ჰთაკილობდა მისი გული: აბა თვალთმაქცობამ ტყუილი მართლად როგორ უნდა მაჩვენოს ამ დროულ კაცსაო. და მართალი-კი რომ ტყუილი გამომდგარიყო, ეგ არაფერი; მაგას როგორღაც უფრო ადვილად ჰყაბულდებოდა ჩვენი პეტრე. მაინც კი ძალიან უნდოდა შეეტყო მართალი. ბევრჯელ გაუწია გულმა, მოდი დავეწევი ვისმე და ვკითხავო; ბევრჯელ მივიდა კიდეც და უნდოდა ეკითხნა თუ არა, შეფერხებულა: — არა, შვილოსა, დამცინებენო, ისევ ჩემს ჭკუას ავყვე, ისა სჯობიაო. ამ ფიქრებში გართული მიბარბაცებდა ჩვენი პეტრე ავლაბრის ბაკებისაკენ. გზაზედ დუქანი დაინახა. დუქნიდამ ხალხის ჟრიამული გამოდიოდა. — მოდი, შევალ, ერთი ვნახოთ, რას იტყვიან დღევანდელ ამბავისასო. იფიქრა: თანაც ცოტად დავნაყრდები, დილას აქეთ არა მიჭამია-რაო. შევიდა, მოითხოვა ნახევარ ჩარექი ღვინო, მოათლევინა გამხმარი ზურგიელი, მიჯდა კუთხეში და ქეიფს მიეცა. დაჯდა თუ არა, თითქო ფეხ-და-ფეხ მოჰყვაო, შემოვიდა ერთი ნაბადში გახვეული ყმაწვილი კაცი. ამ ახლად მოსულმა მოითხოვა საწერ-კალამი, ქაღალდი, დაეყრდნო დაზგას და წერა დაიწყო. ჩვენი პეტრე ხელახლად დააცქერდა ახალს სტუმარს. რა ვქნა, სად მინახავს ეს ბიჭიო, იძახდა გულში. თითონ ბიჭი თავაუღებლად სწერდა წიგნსა. ამ ყოფაში კარგა ხანმა გაიარა, პეტრეს დაგვიანება აინუნშიაც არ მოსდიოდა და იმ ბიჭის ცქერაში ისე ნელა ილოღნებოდა, რომ საღამომდისაც თავის საუზმეს ვერ გაათავებდა. მისი ფიქრი სულ ის ბიჭი იყო: რა ვქნა, მეცნობა და რატომ არ მაგონდებაო, წამ-და-უწუმ ეკითხებოდა თავისთავს და თვალს არ აშორებდა. მზემ კარგა გადიხარა ჩასავალისაკენ და პეტრე კი იმ ბიჭის ვინაობით გაკვირვებული არ იძროდა ადგილიდამ. ბოლოს, რომ მეტი გზა აღარ იყო, პეტრე წამოდგა და, იმ ბიჭის უამბობით წყურვილ-მოუკვლელი მივიდა, მედუქნეს გაუსწორდა, ერთი კიდევ გადაავლო თვალი იმ ბიჭს და ფუსფუსით გაექანა ავლაბრისაკენ. ჯერ ბაკებამდე კიდევ კარგა მანძილი იყო, რომ უეცრად უკანიდამ ვიღაცამ მხარზედ ხელი დაჰკრა. პეტრე მობრუნდა. დაინახა ისევ ის ნაბადში გახვეული ტანად მაღალი ყმაწვილი ბიჭი, თვალებზედ ქუდჩამოფხატული. — აჰა, ჩამომართვი ეს წიგნი, — უთხრა ყმაწვილმა ბიჭმა და მიაჩეჩა ხელში ქაღალდი, — თუ შენ კითხვა არ იცი, წააკითხე ვისმე და ყური კარგად დაუგდე. დღევანდელს ამბავს ამ წიგნიდამ შეიტყობ. სთქვა ესა თუ არა, მაშინვე გამობრუნდა ყმაწვილი ბიჭი, და თუმცა ნაბიჯით წამოვიდა, მაგრამ ისე ჩქარა კი, რომ ჩვენი პეტრე სირბილითაც კი ვერ დაეწეოდა. პეტრემ გაოცებულმა მარტო ესღა მოასწრო ეკითხნა წარმავალისათვის: — ბიჭო, ვინა ხარ? სახელს მაინც მეტყოდი. — წიგნი გეტყვის, წიგნი, — დაუძახა ნაბდიანმა და გასწია ისე, რომ უკან აღარ მოუხედნია. ეხლა მოაგონდა პეტრეს, რომ წეღან სარჩობელაზედ ერთი ნაბდიანი ბიჭი სულ გვერდით აეტუზებოდა ხოლმე, საითაც კი წავიდოდა. — განა არა, — სთქვა თავისთავად, — მაშინვე მივხვდი, რაღაც ამბავია, როგორც კრუხი წიწილას, ისე გარს დამტრიალებდა. ნაბდიანი იყო, მაგასავით თვალებზე ქუდი ჩამოეფხატა. სწორედ ისევ ის ბიჭია, თუნდაც დაგენაძლიო. ვის ენაძლევებოდა, ეგ არ ვიცი, ხოლო ეგ კი იყო, რომ წიგნი აიღო-დაიღო, გადაატრიალ-გადმოატრიალა, ჩაიდო ჯიბეში და სთქვა ნატვრითა: — ახ, ნეტავი წიგნი კი ვიცოდე და! დღევანდელს ამბავს ამ წიგნიდამ შეიტყობო. იქნება მატყუებს კიდეც, მაგრამ რაო? თავისთავს მოატყუებს, მე რა? თითონ წავიდა, ხომ ვერ დამცინებს. IV უფრო გამალებული წავიდა პეტრე ავლაბრის ბაკებისაკენ. გული არ უთმენდა, უნდოდა მალე გაეგო რა ეწერა წიგნში. ამის შვილმა წიგნი კარგად იცოდა. მღვდელთან იყო ნასწავლი. პეტრე მიდიოდა, მაგრამ გული ფეხს უსწრობდა. — რა-რიგ გაგრძელდა ეს ოხერი გზაო, — ამბობდა გულში, — მივდივარ და ვეღარ მივსულვარო. ბოლოს, როგორც იყო მივიდა. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და სულს ძლივს იბრუნებდა დაღალულობისაგან. მიათვალ-მოათვალიერა იქაურობა, ნახა, რომ არავინ არის. მეურმეები დაქსაქსულიყვნენ, ბაზარში გასულიყვნენ, ზოგს რა უნდა ეყიდნა საშინაოდ, ზოგს რა. პეტრეს იამა, რომ არავინ იყო ბაკში, იამა უფრო იმიტომ, რომ ამისი შვილი მარტოკა აქ სადმე უნდა ყოფილიყო, რადგანაც ქალაქში იმას არაფერი საქმე ჰქონდა. მართლადაც, იქავ დერეფნის გრილოში იპოვნა შვილი; მიწოლილიყო გრილოში და ეძინა. გააღვიძა. — ერთი ადეგ, ეს წიგნი წამიკითხე, — უთხრა პეტრემ და მიაწოდა წიგნი. შვილმა თვალები მოიფშვნიტა, გაიზმორა და წიგნი ჩამოართვა. — სად გიპოვნია, მამი? — ჰკითხა შვილმა. — მიპოვნია კი არა! მოვდიოდი და ხელში მომაჩეჩეს, — უპასუხა პეტრემ. სხვა რამის დამატება მეტი ეგონა. შვილმა წიგნი გახსნა, გადაშალა და ასიგნაციები გადმოცვივდა. გაოცდნენ შვილი და მამა, ეს რა ამბავიაო. შვილს ფულის დათვლა უნდოდა, მამა გაუწყრა და ტუქსვით უთხრა მოთმინება-დაკარგულმა: — რა დროს ეგ არის ერთი წაიკითხე-მეთქი, რა სწერია. ლამის გული ბუდიდამ ამომვარდეს, ვეღარ მომითმენია. შვილმა დაიწყო კითხვა: — „დღეს რომ ყმაწვილი ბიჭი დაარჩვეს, ჩემი ძმა იყო...” — რაო? — გააწყვეტინა კითხვა ზარდაცემულმა პეტრემ და ელდისაგან გაფითრდა. — ჩამოარჩესო!.. მაშ მართალი იყო ის ამბავი!.. მაშ ხალხი რაღას ჰხარხარებდა მერე!.. წაიკითხე, წაიკითხე. ნეტა არ მენახა. — მამი, რას ამბობ? — ჰკითხა გაოცებულმა შვილმა, — რატომ ეგრე დამთხვევით და გადარეულად ლაპარაკობ! — წაიკითხე-მეთქი, მე ვიცი რასაც ვლაპარაკობ, — უთხრა პეტრემ წყრომით და გულის აღელვებით. საწყალი ბერიკაცი სულ თრთოდა, თითქო ციება აცახცახებსო. შვილმა გაიქნივ-გამოიქნივა თავი, — მამა-ჩემს ეს რა დამართვიაო, და დაიწყო ისევ კითხვა: „მამა-ჩვენი ერთი ღარიბი აზნაურიშვილი იყო. როცა მოკვდა, ჩვენ ორი ძმანი პატარები დავრჩით. დედა მალე გაგვითხოვდა, შეირთო ერთი ვიღაც აზნაურიშვილი, ქალაქში მსახურობდა. რაც მამისაგან დედულ-მამული გვქონდა, — ცოტა, მაგრამ იმოდენა, რომ ტკბილის ლუკმის ილაჯი გვექნებოდა — სულ მამინაცვალმა წაგვართვა, დაგვიყიდა, მიცვალ-მოცვალა და ჩვენ ცარიელზედ დაგვსვა. მინამ პატარები ვიყავით, ჩვენ სოფლად ვეყარენით უპატრონოდ და ისინი კი ქალაქში იყვნენ. როცა მოვიდოდნენ, ჩვენ საწყლებს სულ ტყავს გვაძრობდნენ ცემითა. შიშველ-ტიტველნი, მშიერ-მწყურვალნი ვეხეტებოდით სოფლის ორღობეებში უპატრონოდ. ბიჭი იყო შინა-მოსამსახურე, ჩვენა გვცემდა, მამინაცვალი იყო, ჩვენა გვცემდა, ყველანი შინაურები, ვისაც კი შეეძლო, გვიტყაპუნებდნენ თავში. ბევრს უცხოს, მართალია, ვეცოდებოდით, საწყალი ობლები, მაგრამ შველა კი არსად იყო. ბოლოს, რომ ცოტა წამოვიზარდენით, მამინაცვალმა მოგვიშორა თავიდამ, მიგვაბარა სალდათის შკოლაში თუქურმიშაზედ, ვაიდამ ვუიში ჩაგვაგდო. აგვიყროლეს სული რუსულის ლანძღვითა და თრევითა, ამოგვართვეს სული ცემა-ტყეპითა. ვითმინეთ და ვეღარ ავიტანეთ. დავკარით ფეხი და გამოვიქეცით. შევიარეთ ჩვენს სოფელში, ჩვენის ძველის სახლიდამ ბიჭებმა გამოგვყარეს, ერთის ღამის ბინაც არ მოგვცეს. გამოვედით ორნი ობოლნი ამ ტრიალ დედამიწაზედ უპუროდ, უფულოდ, უბინაოდ, უნუგეშოდ, უთვისტომოდ. ვის შესტკივდებოდა ჩვენთვის გული? ჩვენ ყველასათვის უცხონი ვიყავით, ყველანი ჩვენთვის. გამოვწიეთ ქალაქისაკენ, გაბოროტებულნი, მთელს ქვეყანაზედ გულამღვრეულნი. გადავემტერეთ უსამართლო ქვეყანას, გადავემტერეთ ყველას, მამინაცვალს, დედას, ავსა, კარგსა, შენა და სხვასა. პატარები ვიყავით, ყველა ხედავდა — რომ თვალნათლივ გვძარცვავდნენ, არავინ არ გამოგვესარჩლა, არავინ მოგვეშველა, არავინ ხმა არ ამოიღო. ჩვენი ცოდვა ყველამ დაიდო კისრად. მამინაცვალმა კი არა, თქვენ ყველამ გაგვძარცვეთ ჩვენ, თქვენ ყველამ მოგვიღეთ ბოლო. მინამ ცოცხალი ვარ, ყველას გადვუხდი და როცა აღარ ვიქნები, იქ, ღმერთს გავცეთ ყველამ პასუხი. სულ ყველანი იქ მივალთ და იქ დავუდგებით ერთმანეთს პირისპირ. ვნახოთ, ვინ გამოვა მართალი, ვინ მტყუანი. ღმერთი გულს უფრო სინჯავს, მინამ საქმეს; იქ სამართალი არ გაბრუნდდება. ...გახსოვს, ამ ოთხი წლის წინად ლოჭინის ხევის პირს რომ ურმები გამოშვებული გქონდათ? გახსოვს, ორი ყმაწვილი რომ მოგადგათ? ისინი ჩვენ ვიყავით, ორის დღის უჭმელები. საწყალმა ჩემმა ძმამ, ბეჟანს რომ ვეძახოდი, ბევრი ტყუილი ილაპარაკა მაშინ... მე მწყინდა ეგ, მე მაგას ვთაკილობდი, მაგრამ ვერა გავაწყე-რა. ჩემი საცოდავი ძმა უჯათი იყო, თვითრჯული, და ვაი რომ ამასთანავე გულნამცეცაც იყო. ღმერთმა მიპატიოს ის ერთად-ერთი სული, ის ერთად-ერთი ჩემი სისხლი და ხორცი, ის ერთად-ერთი ძმა-კაცი, ის ერთად-ერთი ადამიანი ჩემი კეთილის-მყოფელი, ჩემთვის თავდადებული, ჩემი მოსიყვარულე და ერთგული. დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ კატასავით დამირჩეს!.. განა ამას შევარჩენ ქვეყანასა, მინამ კაცი მქვიან, მინამ თავზედ ქუდი მხურავს, მინამ პირში სული მიდგა! „შენ მაშინ გულის-ტკივილით დაგვიურვე. შენმა გულკეთილობამ კინაღამ მადლის შუქი არ ჩააწვდინა ჩემს ბნელს გულამდე, კინაღამ შენმა გულკეთილობამ არ მომინადირა. მთელი ღამე არა მძინებია, გამიკრთა მაშინ ძილი. თუმცა ძალიან დაღალული ვიყავ. როცა ჩემი ძმა წამოდგა და შენ ჯიბეების ჭრა დაგიწყო, გული დამეთანაღრა, ავიმრიზე, თმა ყალხზედ შემიდგა. მაგრამ ხმა არ გავე, არ დავუშალე. გაწყდეს, საცა წვრილია-მეთქი!.. ეგეც ჩემი მძარცველია, ეგ რომ კაცი ყოფილიყო, მე არ გამაძარცვინებდა-მეთქი. „გაგქურდეთ და ჩამოვედით ქალაქს. აქ ცოდვაც და მადლიც უფრო ხალვათად დადის. ორივეს დიდი შარა-გზა აქვს. მას აქეთ დღე არ გამოსულა, რომ არავინ არ გაგვეძარცვოს. ჩვენი დანაკარგი, ვინც შეგვხვდა, ვაზღვევინეთ. ამით ვირჩენდით თავსა, ამითვე ვიფხანდით ისარნაკრავს, გამწარებულს და გაბოროტებულს გულსა. გული მაინც არ დაგვიცხრა, რაღაცას ლამობდა, საითღაც იწევდა. ვერ დავაამეთ და ვერა... „ამ ორის წლის წინად ისე მოხდა, თითქო თითონ ბედმა მიგვიყვანა მამინაცვლის სახლშიო. დედა-ჩვენი მაშინ შინ არ იყო, სოფელში გაესტუმრებინა ქმარს. შევუცვივდით ღამე ორნივ ძმანი, მამინაცვალი შემოგვაკვდა, გვინდოდა აგვეკლო იქაურობა და ვეღარ მოვასწარით. შეგვიტყვეს, პოლიცია თავს დაგვესხა, მე კი გამოვასწარ და ჩემი საწყალი ძმა მოემწყვდიათ და დაეჭირათ. ბოლო ხომ იცი: დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ ჩემი ერთად-ერთი ძმა, ერთად-ერთი კეთილის-მყოფელი კატის კნუტსავით ჩამომირჩეს. თქვენ იდექით და სეირს უყურებდით, მე კი ვუყურებდი და ვიწოდი... არ შეგარჩენთ, არა, ამ ამბავს!.. ყველამ უნდა მიზღას ჩემი დანაკარგი. ძმის სისხლს, მინამ ცოცხალი ვარ, ავიღებ. მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო. ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით. განკითხვის დღემ გამოაჩინოს, საით არიან მართალნი და საით მტყუანნი. ღმერთი გულთამხილავია: მინამ საქმეს სასწორზედ დასდებდეს, ჯერ გულში ჩახედავს ადამიანს. მე ჩემი გზა მართლის გზა მგონია. მართალი ვარ, თუ მტყუანი, — არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა. ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანასა, როგორც წინადვე მოტეხილი ტოტი უკანასკნელ ძაფზე-ღა დაკიდებული. მშვიდობით!.. თუ როდისმე ჩემი ნახვა მოიწადინო, მოდი და მეც ჩემ ძმასავით სარჩობელაზედ მნახე. ჩემი ბოლო ეგ არის. „არ ვიცი რად და ჩემი გული კი იწევდა, რომ შენ წინ გადაშლილიყო. — აჰა, გადაგიშალე და ლოდი ამეცალა. „შენ სამს და ათ შაურს ერთი ათად გიბრუნებ. შენმა გულკეთილობამ რომ ტკბილი ნაღველი ჩამისახა გულში და კინაღამ არ დამიმორჩილა, აქამდის კიდევ გულში მიღვივის, როგორც ნაცრის ქვეშ შენახული ნაღვერდალი. ისიც გაქრება, ვიცი. განა შენ კი ამხანაგი არა ხარ ჩემის მამინაცვლისა! განა შენ კი არ დამირჩე ერთად-ერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდე!“ შვილი გაოცდა, მამას ცივმა ოფლმა დაასხა. — მე რა შუაში ვარო! — დაიძახა კვნესით და თრთოლვით შეშინებულმა პეტრემ. პეტრე მთლად ცახცახებდა. მართლა-და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს... ∗ ურმის ქარავანი რომ წავა შორს მანძილზედ, ერთ-ერთს ურემზედ მამალს დასმენ ხოლმე, რომ მამლის ყივილმა გათენება შეატყობინოს ქარავანსა. მეურმეების საათი გზაზედ — მამალია. უფრო ხშირად ვისაც პირველობა აქვს ქარავანში, მამალიც იმას უზის ხოლმე. ურმის ქარავანში პირველობა, ესე იგი წინა ურმის მეურმეობა, გლეხობაში სასახელოა, რადგანაც მარტო კარგს, გზის მცოდნეს, ფხიზელს, სანდო მეხრეს და კაი ხარ-კამეჩის პატრონს ანდობენ ხოლმე მაგ პირველობას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი