ქვათა ღაღადი (თავი მეოთხე)


სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერთა ამბავი დიდს მდინარე წყალსა ჰგავს: რამოდენადაც ნაპირიდამ შიგ შეტოპავთ, იმოდენად უფრო ღრმაში შედიხართ, უფრო მეტს სიგრძე-სიგანესა ჰხედავთ. თანდათან მათი სილაღე, კადნიერება და თავგასულობა მატულობს და უფრო გაბედვით თავს იქებენ, უფრო გულახდილად გვექცევიან ჩვენც. მათ მიერ ერთხელ დადგინებული პროგრამა მოქმედებისა, ერთხელ და ერთხელ შეთვისებული თვალთმაქცური ხერხი და ოინები ისე აშკარად, ისე ცხადად, ისე ვრცლად არსად არ იხატება, როგორც ერთს ევროპულ გაზეთში, საცა დაწყობილად მოთხრობილია ყოველივე ის, რაც საქებ-სადიდებელია სომხისა, გასაბათილებელია ქართველისა და რაც აშკარად ჩაგონებულია თვით ამ მწიგნობარ-მეცნიერთაგან. აქ ეს ვაჟბატონები აღარა ჰმალავენ, არა სახსარს აღარ თაკილობენ, აღარას მორცხვობენ. პირდაპირ და გულახდილად იმისთანა ხერხითა და სახსრებით საქმობენ, რომელთ ხელის მოკიდება და სირცხვილის ალმურის მოდება სახეზე ერთი უნდა იყოს ყოველ სხვა კაცისათვის სომეხი იქნება, თუ სხვა მილეთისა.

უკანასკნელ ოსმალთან ომების დროს, სახელდობრ 1877 წელს, ერთმა საფრანგეთის გაზეთმა – „Temps“ აქ ჩვენკენ ერთი კორესპონდენტი გამოგზავნა, სახელად კუტული. ამ კუტულმა აქედამ კორესპონდენციები უგზავნა ხსენებულ გაზეთს და თითქმის მთელი ორი თვე აბეჭდვინა.

ეს ბ-ნი კუტული აი რასა სწერს იმის თაობაზე თუ, ვის ჩაუვარდა ხელში ჯერ მაშინ, როცა ვლადიკავკავიდამ ჩვენკენ წამოსულს, ერთი სადგური ფოსტისა ძლივს გამოევლო. ჯერ კიდევ ბალთაში დაჰხვედრია, განგებ თუ შემთხვევით, ერთი აფიცერი არტილერიისა, შუშელი სომეხი. ამას ჩაუსვამს იგი თავისს „პოვოზკაში“ და მოუყვანია ტფილისს. რა უამბია მისთვის ამ აფიცერს გზადაგზა, ამისი არა ვიციო-რა. იმედი-კია, ბევრს კარგს ეტყოდა ჩვენდა შესამკობლად. ამ იმედს იმაზე ვამყარებთ, რომ ამ ბ-ნს აფიცერს მოსვლისავე უმალ ტფილისში წაუყვანია თავისი ახალი სტუმარი აწ განსვენებულ გრ. არწრუნთან, „მშაკის“ რედაქტორთან, რომელიც, კუტულის სიტყვით, „ლიბერალთა დასის წინამძღომია და თუმცა სასულიერო წოდებისა არ არის, მაგრამ სომხებ შორის იმავე როლს თამაშობს, როგორსაც დელინგერი და მამა გიაცინტე კათოლიკეთა შორის, და რომელსაც უკეთ ესმის სომეხთა საღვთო წერილი ვიდრე თვით კათოლიკოზსაო“.

რა თქმა უნდა, კუტული ეგზამენს ვერ გაუკეთებდა კათალიკოსს სომხებისას, მაგრამ მაინც გადაჭრილად ამბობს, ეს ასეაო. საიდამ შეუტყვია ეს ასეთი უპირატესობა არწრუნისა და ასეთი ქვეითად ყოფნა პატივცემულ კათოლიკოზისა? აშკარაა, ან თითონ არწრუნს გაუბერია თავისი თავი, ან სხვას ვისმე მაღლა თაროზე შეუსკუპებია განგებ, რომ უცხო კაცს თვალები ჰბმოდა და თავისის თვალით არა მოეჩხრიკა რა. აშკარაა, ან თითონ არწრუნი, ან ვიღაცა ცდილა ეს ამისთანა უცნაური ამბავი ჩაეწვეთებინა ყურში ამ ახალ მოსულ ფრანგისათვის, რომ აბრუ არწრუნისა განედიდებინათ მის თვალში და ადვილად მინდობოდა ამისთანა ბრძენს კაცს და ის დაენახა, რასაც დაანახვებდა ეს დელინგერი და გიაცინტე სომხებისა. რომ კარგად დაანახვებდა, რა თქმა უნდა, ეჭვი არავის ექნებოდა.

ისიც უამბიათ, რომ არწრუნი ჯერ მოსკოვში განათლებულა და გამეცნიერებულა, მერე პეტერბურგში, და სულ ბოლოს ჰეიდელბერგში და ძალიან განვითარებულია ფილოსოფიაშიო. რომ უფრო მაღლა ასწიონ ეს ძალიან განვითარებული ფილოსოფოსი, ერთი დიდი ღირსებაც ზედ დაუმატებიათ, სახელდობრ ისა, რომ მისი ძმა გერმანიაში პროფესორიაო. თუმცა ძმის პროფესორობა არა-პროფესორისათვის დიდი თამასუქი არ არის, მაგრამ ესეც-კი არ დავიწყებიათ არწრუნის განდიდებისათვის.

ესე გაუბერიათ არწრუნი, თუმცა ტიკს მაშინ ჰბერვენ, როცა შიგ არა დგა-რა. ასე მოუმზადებიათ უცხო სტუმარი, რომ მერე ყოველივე სიტყვა არწრუნისა ბაჯაღლო ოქროდ მიეღო. ფუქსავატი ფრანგი, რა თქმა უნდა, მახეში გაება, და რაც ჩასძახეს, ის ამოიძახა გაუჩხრეკლად, გამოუძიებლად. აბა დაუკვირდით ბალთაში დახვედრასა და მთელს ამ ამბავს, თუ არ დაინახოთ – რა ხერხები სცოდნიათ უცხო კაცის გაბრიყვების და ჩათრევისათვის. ეს ჯერ ყვავილებია, ხილი მერე იქნება.

რაკი ამისთანა შარავანდედით შემოსილა განსვენებული არწრუნი, აუღია და კუტული წაუყვანია ჯერ ტფილისის საქალაქო საბჭოში, რომელიც კუტულისათვის „პატარა პარლამენტად“ დაუნახვებია, საცა გამგეობის წევრნი მინისტრებად მოსჩვენებია ბ-ნს კორესპონდენტს და არწრუნი, თავისის ლიბერალურ დასით, ოპოზიციად. მერე გასძღოლია არწრუნი და დაუტარებია სომხის ეკლესიები.

აქ კუტულის დაჰკვირვებია ტერტერების მშვენიერი და ძვირფასი სამოსელი. აბა რა დღისათვისღა შეინახავდნენ!.. შემდეგ წაუყვანია ეს უცხო სტუმარი სომხის სკოლებში. კუტული ქებით იხსენიებს მშვენიერ თვალებს სომხის მოსწავლე ქალებისას, თუმცა სახის ერთობ სილამაზეზე-კი ბოდიშს იხდის, უკაცრაოდაო.

განსვენებულ არწრუნს შეჰყავს კუტული სომეხთა ინტელიგენციის წრეში. კუტული გვისახელებს ვინ გაუცვნია არწრუნის წყალობითა, ხოლო საჭირო არ არის ჩვენ აქ ჩამოვთვალოთ. საკმაოა ვიცოდეთ, რომ სომეხთა ინტელიგენციის წრეში არწრუნს დაუტრიალებია თავისი ახალი მეგობარი, ანუ მწე-მქებარი, როგორც უწინ იცოდნენ.

გაუმართეს სადილ-ვახშმები, ალხინეს, შეაქციეს შინა, თუ გარეთ ბაღებში, უმღერეს სიმღერები, რომანსები, და კუტული სხივის, ერთ ამისთანა ლხინიდამ ისე შეზარხოშებული დავბრუნდი შინაო, რომ კალმისათვის ვერ მომიკიდია ხელი, ისე ამერია თავში აზრებიო. ყველგან, საცა კი ლხინს დასწრებია, სულ სომხური საჭმელები მიურთმევიათ და ეს საჭმელები ძალიან მოსწონებია ხელიხელ სატარებელ სტუმარს არწრუნის ლიბერალურ დასისა. მერე გაუწვევიათ შინდისში, რაღაც დღეობა ყოფილა. აქ ხომ მთლად აღტაცებაში მოუყვანიათ. მხოლოდ ერთს რასმე გაუოცებია. თურმე ნუ იტყვით, ვინც-კი მეჯლისსა და დღეობაში ქალი უნახავს, ისეთი „დიდი ცხვირი ჰქონდათო, როგორც მთის ქედიო“. რა თქმა უნდა, არწრუნის ლიბერალური დასი ამისთანა წუნს არ აკადრედა თავისიანებს და არც კუტულს მოაფენინებდა მთელს ქვეყანაში, და რომ ეს უწყინარი და უტკივარი წუნიც-კი არ შეამჩნევინონ უცხო კაცს, დაბალი ღობეც მალე უპოვნიათ.

ჭკვიანურად, გულმართლად აუხსნიათ, რომ ეგ დიდ ცხვირიანები სულ ქართველები არიანო. ესეც კარგია!., რაც მეტი აქვთ, ის მაინც ჩვენთვის არა შურთ, გულუხვად გვთავაზობენ. მეტი ტრფიალებაღა გინდათ, ჩვენის სიყვარულით ცხვირებსაც-კი იჭრიან.

რა უნდა ექმნა ამისთანა მახეში გაბმულს ქარფშუტა ფრანგსა? პარლამენტია-და სომხებისაა, სკოლებია-და სომხებისაა, ეკლესიებია-და სომხებისაა, ინტელიგენციაა-და სომხებისაა, შექცევაა, ლხინია-და სომხებისაა, დღეობაა-და სომხებისაა, დელინგერებია-და გიაცინტები-და სომხებისაა, ფილოსოფოსებია-და სომხებისაა, საჭმელებია-და სომხებისაა და მერე სად? ტფილისში. აშკარაა, აქ სომხეთია და ტფილისი სომხეთის ქალაქი. სხვა რა უნდა გამოეყვანა ასეთის ოსტატობით თვალახვეულს გუშინდელ მოსულს კაცს! აკი სომეხთა სტუმარმოყვარეობით აღტაცებული კუტული საქვეყნოდ იძახის, როცა ჯერ ტფილისში ზის და აქედამ ფეხი გარეთ არ გაუდგამს, უთუოდ ედემი აქ, სომხეთში, ყოფილაო“. ამ სახით საქართველო, ტფილისითურთ, სომხეთად მოაჩვენეს ევროპელ კორესპონდენტს და ეს ამბავი ქვეყანაში მოაფენინეს უცხო კაცს იმისთანა დარბაისელ და გავლენიან გაზეთის პირით, როგორიც „Temps“-ია.

ოინი არ არის, მაშ რა არის?

ერთი ეს ვიკითხოთ: რა აზრია ამისთანა სასაცილო ცუღლუტობასა და თაღლითობაში? ამისი პასუხი შეიძლება გამოიჩხრიკოს ერთის გარემოებისაგან, რომელსაც თითონ კუტული გვანიშნებს. იგი თურმე ეშურებოდა „დაესწროს ყარსის აღებას“, მაგრამ რადგანაც თითონ კუტულს და მის ახალ მეგობრებს ჰსურვებიათ დიდ აღმოსავლეთის საქმესთან ფეხზე წამოაყენონ სომხების საქმეც, იგი ტფილისში ყოვნდება, რომ აქაურ ხალხების ვითარება შევიტყოო. შეატყობინეს კიდეც: ტფილისი და საქართველო ჩვენი ბინააო, ჩვენი ქვეყანააო, და რადგანაც მართლა ესეა, ვიღა გვეტყვის, რომ სომხები დაქსაქსულნი არიან და ბინის მოსაკიდებელი ადგილი არა აქვთო. აბა ერთი გაუსისწვრიეთ ქედამ თვალი სენკოვსკის მიერ თქმულსა, თუ ის არ დაინახოთ, რასაც ვეძებდით, თუმცა ქედამ იქამდე დიდი მანძილია და თუმცა აქ ახალნი არიან და იქ ძველნი. ვინ იცის? ადვილად საფიქრებელია, რომ დელინგერები და ფილოსოფოსები სენკოვსკის დროსაც იყვნენ. ყოველი მსგავსი მსგავსსა შობსო, ნათქვამია. მამა რომ შვილსა გვანდეს, ან შვილი მამას – აქ დაუჯერებელი არა არის-რა.

ახლა გამოვიკვლიოთ, რა შთააგონეს კუტულს აქაურ ხალხების ვინაობისა და ავკარგიანობისა. ჩვენ ვამბობთ შთააგონეს, იმიგომ რომ კუტული ისე ცოტა ხანს იყო ტფილისში, რომ ერთის ქუჩის სახელსაც ვერ დაისწავლიდა და აქაურ ხალხების ვინაობას და ვითარებას საიდამ გამოარკვევდა, თუნდ არწრუნისავით „ძალიან განვითარებული“ ფილოსოფოსიც ყოფილიყო. რომ ყოველივე მის მიერ გაზეთს „Temps“-ში მოთხრობილი ჩაძახილია მის ახალ მეგობართაგან, ამას თითონ ტენდენცია მოთხრობილისა გვიმტკიცებს, თუ კაცი ჩაუკვირდება.

კუტულის სიტყვით, ამიერკავკასიაში ოთხის თესლის ერია: სომხები, ქართველები, თათრები და რუსები. გგონიათ, ვითომც ამ ოთხს სხვადასხვა გვარს ერზე გეტყვით რასმე კუტული? თქვენც არ მომიკვდეთ. ნიშანში ამოუღებინებიათ მარტო ქართველები, რადგანაც, კვლავ ვიტყვით, „ალიას დარდი ფლავია“. მარტო ქართველებისა და სომხების დაპირდაპირებაა იგი კოჭი, რომელიც განგებ მუდამ ალჩუდ მოჰყავთ.

ხომ წამოაყრანტალებინეს, რომ ტფილისი სომხეთიაო, ხოლო მარტო ტფილისი რას ეყოფათ. საქმე იმაშია, რომ წამოაროშვინონ, ვითომც მთელი ამიერკავკასიაც იმათია და წადილიც, როგორც ნახავთ, აისრულეს კიდეც.

კუტული აუწყებს-რა ევროპას, რომ კავკასიაში ოთხის თესლის ერია, შემდეგ ამბობს, – თუმცა სომხების რიცხვი ეხლა ქართველებზე ნაკლებია, სულ 600 ათასიო (?), მაგრამ ამ საუკუნის დასასრულამდე სომხები მალე გამრავლდებიან და ქართველებზე მეტნი შეიქმნებიანო. სხვები? თათრებსა და რუსებზე არას ამბობს, თითქო ესენი სახსენებელნიც არ არიან, თითქო ესენი-კი სათვალავში მისაღებნი არ არიან. განა აშკარა არ არის, რომ მარტო ქართველების ნამეტანობა ამიერკავკასიაში თვალში ეკლად გასჩრიათ და მარტო ამ ეკლის გამოღებას ლამიან ეს „ძალიან განვითარებულნი ფილოსოფოსები“, ეს სომხების არამკითხე დელინგერები და გიაცინტები!.. სხვას ვის მოუვა ფიქრად ეს საცუღლუტო ანგარიში სომხების მაღლა ასაწევად და ქართველების დაბლა დასაწევად იქ, საცა ამათ გარდა თათრები და რუსებიც არიან.

დავანებოთ ამასაც თავი და ერთი ეს ვიკითხოთ: რა უცნაური უნარია სომხების გაშენებისა და ქართველების გადაშენებისა, რომლის ძალითაც 23 წელიწადის განმავლობაში ცოტა სომეხი გაბევრდება და ბევრი ქართველი დაცოტავდება. ან ვისთვის რა საჭიროა ამისთანა სასაცილო თანხები გადმოუკეცოს ევროპას და გაიჭაჭოს, რომ დაიცადეთ, დღეს სომხები ცოტანი არიან და ოცდასამს წელიწადში იბარტყებენ და არწივის ნაბუდარზე თავისს ბღარტებს გაზრდიან და გამრავლდებიან.

ეს სომხების ბღარტობა და გაშენება და ქართველების დანელება და გადაშენება ვისთვის რა საჭიროა? განა აშკარა არ არის – ვისი ეშმაკობა უნდა იყოს, ვისი თვალთმაქცობა, რომ უცხო კაცი ასე გააბრიყვოს და ამისთანა რამ ქვეყნის სასაცილოდ წამოაროშვინოს: დაიცადეთ, სომხები გაშენდებიან და ქართველები გადაშენდებიანო. აი ამას ჰქვიან: „თვისისა ნების შედგომა, წადილი“.

რაკი ჯობინობის მოედანზე გაიყვანეს კუტული, რასაკვირველია მისმა ახალმა მეგობრებმა სხვა ლაზათებიც ჩასძახეს ევროპაში დასაძახებლად. კუტული ჩაძახილს ასე ამოიძახის, – სომხები შეადგენენ Tiers états (მესამე წოდებას) კავკასიაშიო. ამათს ხელშიაო ვაჭრობა, ყველაფრის ხელობა, წარმოება. ესენი არიან ექიმები, ადვოკატები, თავისუფალ ხელობისა და საქმის კაცებიო. იმათა აქვთ სკოლები, ჟურნალ-გაზეთები, პატარა ტფილისის პარლამენტი და სხვ.

ამ უკანასკნელ დროს იმათგანი სამხედრო სამსახურშიაც ბევრნი შედიანო. მადათოვი, ბებუთოვი, არღუთინსკი, ლორის-მელიქოვი, ლაზარევი, ალხაზოვი, ტერ-ღუქასოვი, – ეს გენერლები სულ სომეხთა ტომმა მისცა რუსის მხედრობასაო. წარჩინებული ღენერალი ლაზარევი ძლიერ შესანიშნავი სარდალიაო, მაგრამ ქართველ თავადების შურით იგი გადაყენებულია და ეხლა ბაქოში სცხოვრობს უმსახუროდაო. მერე კუტული ჩამოთვლით ასახელებს ყველა სომხებს, ვინც-კი გამოჩენილად უჩვენებიათ მეცნიერებასა და ხელოვნებაში, თუ სხვა რაიმე ასპარეზზე, მისს ახალ მეგობრებს.

თუმცა ეს გამოჩენილნი სომეხნი მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში გოლიათებად არავის მიუჩნევია, მაგრამ ჩვენ რა დავა გვაქვს. წინათაცა ვთქვით: სომხის კარგი, თუნდაც გადაჭარბებული, ღმერთმა სომეხსვე მოახმაროს საქებ-სადიდებლად. ხოლო ყოველ ამითი აღფრთოვანებული კუტული ასე წინასწარმეტყველობს, მომავალი კავასიაში სომხებს ეკუთვნით და მის მეზობლებს – ქართველებსა და თათრებს – სხვა არა დარჩენიათ-რა, რომ უნდა გასომხდნენო“.

აი სად არის დასასრული დასაწყისისა. კაი ნუგეშია, თუ თქვენც იტყვით. განა ჭკუა არ არის, იმისთანა გავლენიანი გაზეთი, როგორიც „Temps“-ია, კაცმა ასე აყვიროს!.. ერთი გვიბრძანეთ, – ვინ გაასულელებდა საცოდავს კუტულს ამის თქმად, თუ არ სომეხთა ძალიან განვითარებულნი ფილოსოფოსნი, დელინგერები და გიაცინტები. „ხე ხილისაგან, ხილი ხისგან, – ნათქვამია, – იცნობებაო“.

„ჩვენს ხალხს პოეზია არ უყვარს“, უქადაგნია კუტულისათვის არწრუნს და მისს ამქარს, რომელსაც კუტული სკოლას ეძახის არწრუნისას: „ჩვენ უფრო მსჯელობა და კრიტიკა გვიყვარსო“. არ ვიცით რამოდენად თავმოსაწონებელია ეს არა სიყვარული პოეზიისა.

დიდმა გიოტემ კი სთქვა: „ვისაც პოეტის ხმა არ აუძგერებს გულს, იგი ბარბაროსიაო“. თუმცა არწრუნს და მის სკოლას პოეზია არა ჰყვარებია, მაგრამ ფანტაზია-კი დიდი ჰქონია. ამ ძალიან განვითარებულ ფილოსოფოსის აზრით, სომხები მომავალში შეადგენენ სახელმწიფოს, რომელსაც 30 მილიონი ქვეშევრდომი ეყოლებაო, ამბობს კუტული. არა გვგონია ყოველი გონიერი სომეხი არ მოერიდოს ამისთანა თავდაუჭირავს ბოდვას განვითარებულ ფილოსოფოსისას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ არც ერთი ჭკუათამყოფელი სომეხი ამას არც იტყვის და არც გულში გაიტარებს. ეს მოშლილ წისქვილის რახარუხია და სომხებ შორის ამისთანანი ან სულ არ არიან, ან თუ არიან, სახსენებლადაც არა ღირან, ასე ქვეყნის სასაცილოდ პირის დაღება ნაცარქექიას საქმეა: წყლიან ყველს უჭერს ხელს და ქვყყანას-კი ეფიცება, ქვას ვადენ წყალსაო. ყოველივე ეს ერთის კაცის დამთხვეული ბოდვაა და იმ ერთს კაცსვე შეენდოს.

ვთქვათ, კუტულის წინასწარმეტყველებისამებრ, ქართველები და თათრები გასომხდნენ და ეყმნენ სომხებსა, – ეს ხომ წვეთია 30 მილიონის შესადგენად და საიდამ დაუპირებია არწრუნს ამოდენა საყმოს მოგროვება? ამისი პასუხი უსათუოდ თან გაიყოლა განსვენებულმა ფილოსოფოსმა. აკი ვამბობთ, ჩვენ ეს სასაცილო ამბავი იმიტომ-კი არ მოგვყავს, ვითომც გვჯეროდეს, რომ ჭკუადამჯდარს სომეხს ეს ფიქრად ოდესმე მოსვლოდეს, ან აწ მოუვიდეს, არამედ იმიტომ რომ, იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვეულებადა აქვს ამისთანა საყვირი აყვიროს. თვითონ კუტული ამტკიცებს ამას. იგი გვეუბნება, რასაკვირველია სომეხთა ფილოსოფოსების ჩაძახებით, რომ არწრუნს და მის ლიბერალურ სკოლას დევიზად მიუღია ჟირარდენის დევიზიო: „უნდა იყვიროო“. სამართალი ითხოვს ვთქვათ, რომ მართლა „ჰყვირიან“ და კარგადაც ჰყვირიან. მეტი ყვირილიღა გნებავთ, როცა მათი ბამბაცა ჩხრიალებს და სხვისა არც კაკალი.

საყვირს ხომ აყვირებენ და აყვირებენ, ხოლო ზოგჯერ იმისთანა უშველებელს დააძახებინებენ ხოლმე, რომ, თუ სადმე სამართალია, თითონვე უნდა დაიცონ ყურებში თითი, – ეს რა გვესმისო.

უსათუოდ იმისათვის, რომ კუტული დააჯერონ – სომხობა რა ჭკვიანი ხალხია, რა ასლად და ზედგამოჭრილად ჩამოსხმულია დღევანდელის დღის ყალიბზე, რამდენიმე სომხური ანდაზა დაუსწავლებიათ და, სხვათა შორის, ეს ორი: „რად ჰკითხულობ, ვისი გამომცხვარია ეს პური? გინდ ურიისა იყოს, თუ გემრიელია, სჭამეო“. ანუ: „სადაც ნახო პური, იქ დაბინავდიო“. მართალია, ამისთანა ანგარიშიანს სიბრძნეს დღეს დიდი ბაზარი აქვს, მართალია დღეს ბურთი იმას გააქვს მოედნიდან, ვინც ამ მოძღვრებას მისდევს, მაგრამ თავმოსაწონებელი და საქებარი-კი აქ არა ჰყრია-რა. პირიქით, რაცა ჰყრია, ძირიანად ამოსათხრელია და წყალში გადასაყრელი.

დიდი ხანია, სარწმუნოება ჩვენი გვასწავლის; „არა გული გიქმნიდეს… მისთვის, რაიცა იყოს მოყვასისა შენისაო“. დიდი ხანია ქვეყნიერებაზედ ამ ანდაზების მხარდამხარ ერთი სხვა მორცხვი, მაგრამ კაცთა საკადრისი და გამაპატიოსნებელი მოძღვრებაც დადის; „ნუ ძღები სხვისა რძითა, ნუ იმოსები სხვისა მატყლითაო“.

სხვისა ნურა გინდა-რა, შენი იკმარე, – ეს არის კაცთა ურთიერთობის ქვაკუთხედი, ეს არის დედაბოძი ზნეობისა,

მართალია, ამ ანდაზებს რომ გვერდით მოვუყენოთ ქართველთა ანდაზა: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია“, ან: „უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების“ – პირველნი ახლანდელს დროში ჭკვათამყოფლობას მოასწავებს, და მეორენი ბედოვლათობას, მაგრამ, ღმერთმა იცის, – კაცურ კაცობისათვის რა უფრო სანატრელია, სხვისის პურის ჭამა, თუ თავისისა გაცემა. ვინ იცის: ზნეობა უფრო მაგარი ქვითკირია კაცთა ცხოვრებისათვის, თუ საცა ვისი რამ მოახელო, ჭამე, რაკი გემრიელიაო.

ასეა თუ ისე, ჩვენ რომ არწრუნის და მისის ლიბერალურ სკოლის ადგილას ვყოფილიყავით, ხსენებულ სომხურ ანდაზებს საქებ-სადიდებლად-კი არ გავიხდიდით, სხვასაც დავუშლიდით: დაივიწყეთ ესეთი ანდაზები, საკადრისი არ არის არამც თუ მაგეების ხმამაღლა ძახილი, არამედ გულში გატარებაც-კი. განა რას იზამ? კაცია და გუნებაო. აი, რა ყრილა თურმე იმ ლიბერალობაში, რომლის დროშა ხელთა სჭერიათ სომეხთა ძალიან განვითარებულ ფილოსოფოსებს, დელინგერებს და გიაცინტებს: „სადაც პური ნახო, იქ დაბინავდიო“… მაშ მამული, სამშობლო, მამა-პაპათა მიწა-წყალი, მამა პაპათა ბინა უქმი სიტყვებიღა ყოფილა ადამიანისათვის! ჩვენ ამას მთელს სომხობას არ შევწამებთ, მხოლოდ მეტი არ იქნება მისთა მწიგნობარ-მეცნიერთ იცოდნენ, რომ „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი