ქვათა ღაღადი (თავი მეხუთე)


ეს ქება-დიდება სომხებისა ხომ ვნახეთ რა ოსტატობით ჩაუგონებიათ უცხო კაცისათვის სომხების მეცნიერთა, რომ ევროპას მოჰფინოს.

ახლა ყური დავუგდოთ, რა წკეპლებში გავუტარებივართ ქართველები. უამისოდ სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერნი რაღა სახსენებელნი იქნებოდნენ, ბარაქალას ვიღა ეტყოდა? კუტული ამბობს, რომ წარსული ქართველებისა ყოვლად უნუგეშო სურათს წარმოადგენსო. ღონემიხდილს ცუდის ქართველობით, ერთმანეთის შურითა და მტრობით, არა ჰქონია ერთი წუთიც მოსვენებული ცხოვრებაო.

მართალია, არა ჰქონია, მაგრამ არა მარტო იმ მიზეზებით, რომელიც არწრუნს და მის ლიბერალურს დასს ყურში ჩაუწვეთებია. ვისაც საქართველო დაუვლია და უჩხრეკია არა სომეხთა მეცნიერთა წინამძღოლობით, არამედ თავისით, ვისაც თითონ თავისის ღვაწლით უკვლევია საბუთები ქართველების წინანდელ ცხოვრებისა, ისინი არც ისე გვხვევენ მჩვარში, როგორც კუტული და მისნი შთამგონებლნი. პირიქით, გაკვირვებულნიც არიან – ამ პატარა საქრისტიანო ქვეყანამ, ამ ერთმა მუჭა ერმა, როგორ გაუძლო იმდენს ბრძოლას ბარბაროსებთან. „თუ ერთობ მხნე, თავგანწირული და მამაცი ერი არა ყოფილიყო ქართველობა, ეს შეუძლებელი იქნებოდაო“, ამბობს აღმოსავლეთის მცოდნე მეცნიერი დელორიე, თანამემამულე კუტულისა.

განა მარტო ეს ამბობს!.. ხოლო არწრუნს, ამ ძალიან განვითარებულს ფილოსოფოსს, ისე შეუკრავს და შეუბოჭავს საცოდავი კუტული, რომ დავთრები სულ მთლად დაჰბნევია, აღარც იქით მიუხედნია, აღარც აქეთ, მართლის გამოსაძიებლად და მარტო არწრუნს და მის დამქაშებს მისცემია თავით ფეხამდე.

კუტული თუმცა მთელი ორი თვე ბუკსა და ნაღარასა სცემს სომხების ქება-დიდებისათვის გაზეთს Temps-ში, მაგრამ ქართველებს არც წინანდლებს, არც ახლანდელებს, არა გვზოგავს, ძირიანად გვთხრის და ქართველების სახელგანთქმულს ვაჟკაცობასაც კი თითქმის უარობს. სომეხთა მწიგნობარნი და ფილოსოფოსნი დღეს-აქამომდე ვაჟკაცობას არ შეგეცილებიან, რადგანაც, იმათის აზრით, ვაჟკაცობა სულელობაა, გიჟ ვრაცუას საქმეა. აბა, თუ არ სულელი, ვინ გიჟი იქნება ტყვიას გული მიუშვიროსო, და ამ სახით ვაჟკაცობას, ვითარცა ჩვენის სულელობის ნიშანსა და საბუთს, ჩვენ გვითმობდნენ და არ გვედავებოდნენ. მაგრამ სჩანს უანგარიშიათ, რომ ასეთი ფილოსოფია მათი ვერ გასჭრის იმის თვალში, ვინც, როგორც კუტული, ეკუთვნის იმისთანა ერს, რომელსაც თავმოსაწონებლად, სხვათა შორის, თავისი ვაჟკაცობა მიაჩნია და სამართლიანადაც. აი მიზეზი, რად მოუწადინებიათ აქაც ჩვენის სახელის წახდენა კუტულის თვალში.

კუტული უმჟღავნებს ევროპას, რომ არაფერი არ მოიპოვება სასიქადულო საქართველოს ისტორიაშიო. ვთქვათ, იმ ორიოდე დღეში, რაც კუტულმა ტფილისში დაჰყო, ასე შიგჩახედვით გამოიძია და ისწავლა მთელი წარსული ისტორია საქართველოსი, რადგანაც კარგს მთქმელებს კარგი გამგონი შეჰხვედრიათ. ვაპატიოთ და შევუნდოთ მთქმელსაც და გამგონსაც მათი აშკარა ცუღლუტობა და ოინბაზობა. სჯობია ვიცოდინოთ, – რა წამოაყრანტალებინეს ამ საცოდავს ფრანგს ჩვენს დღევანდელ დღეზე მისმა ახლად მოპოებულმა მეგობრებმა. „ქართველები შეადგენენო გენერლების, მეურმეების და ჩალვადრების ნაციასაო“, ამბობს ბრძენთაგან გაბრძნობილი არამკითხე მოამბე. „თუმცა გენერლები ბევრი ჰყავთო, მაგრამ იმათი გენერლები გამოჩენილნი არ არიანო“.

როგორ მოგწონთ ეს ჩვენის გენერლების ჩაყენება მეურმეებისა და ჩალვადრების მწკრივში! ზემოთ ხომ ვნახეთ, რა საყვირით, რა ბუკ-ნაღარითა და რა თავმოწონებით ჩამათვლევინეს კუტულს სომხის გენერლები და აბა თუ ერთი ქართველი დაესახელებინათ გამოჩენილად.

ამას რად იზამდნენ? ეს ხომ ქართველების კაკალას ჩხრიალი იქნებოდა და მაშინ სომხების ბამბა ისე ვეღარ დააჩხრიალებდა, როგორც სომეხთა-ფილოსოფოსების სურვილია. რა თქმა უნდა, ჩვენს გენერლებს არც არწრუნის ქება ეჭირვებათ, არც კუტულისა და არც ჩვენი სარჩლი. ბაშკადიკლარი, კურუკ-დარა, ფარსი, დევაბოინე, ავლიარი, ბეგლი-ახმედი, არტიანი, ახალციხე, ჩოლოქი, მთელი დაღისტანი და ერთობ მთელი კავკასია იღაღადებენ მათთა სახელოვანთა საქმეთა და ამ ხმამაღალს ღაღადს ვერ დააჩუმებს ხრინწიანი წრიპინი და ჩხავილი სომეხთა გულნამცეცა მეცნიერებისა. მარტო იგი ჰხადის ღირსეულს უღირსად, ვინც თითონ უღირსია.

„თავად-აზნაურობა ქართველებისა გაკოტრებჟლიაო“, ამბობს კუტული. ქართველებმა არშიყობის მეტი არა იციან-რაო და მარტო სამსახურში შესვლას სცდილობენ, რადგანაც ეს ადვილი ხელობააო. ვაჭრობისა და ხელოსნობის ნიჭი არა აქვთო და თუ თითო-ოროლა ვაჭარი ჰყავთ, ისინიც-კი ფულს სომხურადა სთვლიანო.

საკვირველი არ იქნება დაეჯერებინათ, რომ ქართველებს საკუთარი თვლაც-კი არა ჰქონიათ. გლეხები საქართველოსი „ზარმაცნი და ლოთები“ არიანო. „ამათ ერთი მტკაველი მიწაც მებატონეთაგან არ შეუსყიდნიათო“, და სხვანი და სხვანი.

რასაკვირველია, აქ დაუმალეს კუტულს ის უეჭველი გარემოება, რომ ჯერ მაშინ ქართველს გლეხობას გამოსყიდული ჰქონდა თავიანთ მებატონეთაგან ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში მილიონნახევრის მამული, როგორც ამტკიცებს თვით მთავრობის ოფიციალური უწყებანი, ეს ამბავი თუმცა დიდი რამ არ არის, მაგრამ მაინც სომხების დელინგერებმა და ფილოსოფოსებმა საჭიროდ დაინახეს დაუმალონ ევროპელს და არ გამოამჟღავნებინონ საქვეყნოდ, – ვაი თუ ეს სიკეთე დავთარში ჩაუწერონ ქართველებს და ჩვენთვის რა სახეიროაო. ქართველების კარგი სომხისათვის ავია, ამ ვაჟბატონების აზრით. ამ სახით ტყუილი მართლად გაასაღეს.

ბევრი რამ სხვა საგალობელი უგალობეს თავისის-თავის შესაქცევრადა და სადიდებლად კუტულს სომეხთა ფილოსოფოსებმა.

ყველას ამას აქ არ მოვიყვანთ, რადგანაც უამისოდაც გრძელი საუბარი მოგვივიდა. საოცარი ყოველ ამაში ის არის, რომ ამ ოინბაზობამ სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერებისამ დიდ ხანს თავი ვერ დაიჭირა და იგი კუტული მერე მიუხვდა, რა აღდგომის კვერცხები არიან ქებულ-დიდებულნი სომეხნი კავკასიაში. საქმე ის არის, რომ მინამ კუტული ტფილისში იყო და აქ სომეხთა ფილოსოფოსების მიერ აყენებულ ბუქში ატრიალებდა თავბრუდასხმული, სომხების ქება-დიდებაში მოიღალა, ხოლო როცა წავიდა ერევნის გუბერნიაში და თავისის თვალით დააკვირდა სომხებს, მაშინ – ღვთის წყალობა თქვენა გქონდეთ – კაი საქმე იმათ დააწია. მიჰყო პირი და ბრე გაადინა. „სომხები ერთობ მხდალნი, ერთობ უვიცნი, უმეცარნი, ერთობ თავშეუდებელნი არიან თავისს სამშობლოშიო“- მაშ, როგორც ეტყობა, მარტო იქა ყოფილან მეცნიერნიც, თავშედებულნიც, ვაჟკაცნიც, საცა მათის ანდაზისამებრ, პურის სუნი მისდენიათ.

„სიტყვამან შენმა გამოგაჩინოს შენ“, ამაზეა ნათქვამი, თუ სხვა რაზედმე?

ამ სახით, არწრუნმა და მისმა ლიბერალურმა ამქარმა ხომ დააყვირა ევროპელი გაზეთი, რომ ქართველებს, სულიერად და ხორციელად ღონემიხდილებს, და მასთან ერთად ჩვენებურ თათრებს სხვა არა დარჩენიათ-რა – ან უნდა გასომხდნენ, ან სომხებს ყმად ეყმონო. ახლა ამ მეცნიერთა საბუთების გასაძლიერებლად მიეშველა ერთი სომხის გენერალიც, ან განსვენებული ქიშმიშოვი, რომ უფრო მაგარი რაზმი შეიკრას.

უღენერალოდ ჯარი რა ჯარია. რომ ესეც არ ჩამორჩეს სხვა თავისის ჯურის მწიგნობარ-მეცნიერთა, ერთი ზალაყინი ამანაც დაგვიზილა. გენერალმა ქიშმიშოვმა შეთხზა ერთი წიგნი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაბეჭდეს მისის სახელის მაოხრებელთა ამ სათაურით: „უკანასკნელნი წელნი საქართველოს სამეფოსნი“. რა ლამაზად გვამკობს ცხონებული ქიშმიშოვი, ყველას წაკითხული ექნება. „მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს, – ბძანებს ღენერალი, – საქართველო ჰგავდა ზღვიდამ რიყეზე გამოგდებულს ხომალდსა, და ვისაც ღონე ჰქონდა და მკლავი უჭრიდა, რაც უნდოდა, იმას ათლიდაო… მშიერ-მწყურვალს ბატონიშვილებსა და თავადებს ინახავდნენ, აჭმევ-ასმევდნენ, ტფილისის ბაყლები და მედუქნეებიო“.

დალოცვილს ეს მაინც მოჰგონებოდა, რომ მეთვრამეტე საუკუნის მთელი მეორე ნახევარი თითქმის მეფე ერეკლეს ხანა იყო და ამ ხანაში გაითქვა სახელი ამ სახელოვანმა მეფემ მტრებზე გამარჯვებით.

თვით სომხების დედაბუდე ერევანი და განა, საცა სახანოები იყო, საქართველოს ხარჯს აძლევდა, თუნდა იმას ნუღარ ვიტყვით, რომ თითქმის ყველა ახლო-მახლო ხანები ფიანდაზად ფეხქვეშ ეგებოდნენ ძლევამოსილს მეფესა და რუსეთიც იწვევდა საშველად ოსმალებთან ომებში. ერეკლე მეფემ შეაერთა დიდის ხნის გაყრილი ქართლ-კახეთი, იმერეთიც ლამობდა შემოერთებას, მაგრამ შინაურმა შოთებმა და წაჯეგ-უკუჯეგობამ ხელი შეუშალა უკვე მხცოვანსა და ღვაწლმოსილს ვაჟკაცს მეფეს. განა ისე უპატრონო, გარიყული ხომალდი იქნებოდა მაშინ საქართველო, როცა მის მეფეს ამოდენა შესძლებია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მეფე გიორგის დროს, ესე იგი 1798 წლის მერმეთ, საქართველო დიდს ბედნიერებაში იყო, მაგრამ არც ისეთი იყო, რომ ვისაც გინდა და არ გინდა, ხორცი ეგლიჯა. არც იმისთანა რამ ვიცით, რომ შესაძლო იყოს ვთქვათ, – აი საქართველოს ამან ეს ჩამოათალაო, იმან ესაო და საქართველო ასე წაიგ-წამოიგლიჯაო მეთვრამეტე საუკუნის უკანასკნელ წლებში, როგორც განსვენებულ ქიშმიშოვს მოუწადინებია.

მართალია, ერეკლე მეფე დაგვიბერდა, მართალია, იგი ბოლოს აღა-მაჰმადხანისაგან დაგვიმარცხდა კიდეც, მერე ხომ (1798 წ.) სამუდამოდაც გამოეთხოვა თავისს საყვარელს საქართველოს, მართალია, შეგვეხსნა იგი რკინის კარი, მაგრამ საიმისოდ-კი მაინც საქმე არ გაგვხდომია, რომ დიდსა და პატარას ხორცი ეგლიჯა საქართველოსათვის. თვით გამარჯვებულმა აღა-მაჰმად-ხანმაც-კი ვერ გაბედა წაგლეჯა რისამე. მართალია, მეფე ერეკლეს შემდეგ დავუძლურდით, ღონე მიგვეხადა შინაურ არეულობისაგან, მაგრამ საჭე ხომალდისა კვლად ხელთ გვეჭირა და ზღვის ღელვას არ დავამსხვრევინეთ, არ გამოვარიხინეთ, და გიორგი მეფემ, როგორც მიიღო მამისაგან, ისე ჩააბარა რუსეთს საქართველო, მთლად და დაუგლეჯელად, – უპატრონე და შეინახე შენი ერთმორწძუნე ერიო.

თუნდ დავიჯეროთ ქიშმიშოვის სიტყვა, რომ საქართველო გამორიყულ ხომალდსა ჰგავდა, და ნუ წავუხდენთ ამ პოეტურს სურათსა ჩვენის ღონემიხდილობისას. ეს ბატონიშვილებსა და თავადიშვილებს რომ ტფილისის ბაყლები ინახავდნენო, რაღაა? რომელი სიტყვის ნაწილია? ვინ ვისის მოწყალებით აქ, საქართველოში, ლუკმასა ჭამენ, ან ჭამდნენ წინათ, – ეს ღმერთმა იცოდეს, ადამიანის გულთამხილავმა ნამუსმა, ანდა ადამიანისავე გაბოროტებულმა უმადურობამ. ვთქვათ, მართლა ასეთნი ღარიბნი ვიყავით და ვართ კიდეც, – ამით მითამ რაო? თუ თაფლი არ იყო, ეს ამოდენა ბუზი რად მოვიდა ბაღდადიღამ? თუ პური არ იყო, ბინა აქ რად დაიდეს წინააღმდეგ წინათ-ხსენებულ ანდაზისა? საცა ასეთი სიღარიბე-სიღატაკეა, იქ ვაჭრობა და აღებ-მიცემობა რა წყალს დალევს, რით ამოივსებს კუჭსა? სჩანს, საქართველო არც თუ ისეთი ღარიბ-ღატაკი ყოფილა, როგორც არწმუნებენ დიდსა და პატარასა, რადგანაც არამც თუ თავის თავს ინახავს, სხვასაც ისე ასუქებს, რომ თავისს ტყავში აღარ ეტევიან. ღარიბ-ღატაკს ხომ უნდა ჰქონდეს რამ, რომ ვაჭარმა გამოსცინცლოს ქონის მოსაოხებლად. უამისოდ ღარიბი რა მუშტარია?

ან რა ნიშნის მოგებაა, ღარიბი და ღატაკი ხარო? რა წასაყვედრვბელია და საყვირი დღე-მუდამ ამისთანა ამბავი? რა საძრახისია სიღარიბე, თუმცა-კი არც ბედნიერებაა? რუსები იტყვიან: бедность не порок. განა კაცს კაცად ხდის მარტო სიმდიდრე და სხვა არაფერი? იესო ქრისტე ღარიბი იყო, თავშიშველი და ფეხშიშველი დადიოდა, ღმერთად-კი იწამა მთელმა განათლებულმა კაცობრიობამ. სჩანს, ღირსება და სახელოვანება მარტო სიმდიდრე არა ყოფილა.

სხვაც რამ სდომებია კაცის თავმოწონებას, სახელოვანებას, სახელდობრ ის, რაც, კაცთა საუბედუროდ, ბევრს თავმოწონებულს მდიდარს აკლია, და რას ჩაგვცივებიან და სულ იმას გვიკიჟინებენ, ღარიბნი ხართ და ჩვენ-კი მდიდრებიო. სიღარიბე მწიკვლი არ არის, ცოდვა არ არის. მწიკვლი და ცოდვა სხვისაგან გამომცხვარის პურის ჭამაა, სხვისა ოფლის სმაა, და ვისაც ეს ანდერძად და მცნებად გულში ჩაუწერია, იმან შეინანოს ეს ცოდვა, იმან ჩამოირეცხოს ეს მწიკვლი. ხმელის პურის ჭამა სჯობია სხვისის ოფლით დამბალსა და დასველებულს.

კიდევ კარგია და მადლობელნი უნდა ვიყენეთ, რომ ცხონებულმა ქიშმიშოვმა საქართველო სამეფოდ მაინც ახსენა და ეს ცოტად თუ ბევრად საპატიო ხარისხი შეარჩინა ჩვენს გაბრიყვებულს ქვეყანას. სხვა მეცნიერნი სომხებისა ამასაც კი არ იმეტებენ ჩვენთვის, თითქო იწყინეს, რომ ქიშმიშოვმა, ამ სომეხმა კაცმა, როგორ გაბედა და საქართველო და ქართველები საპატიო სახელით მოიხსენიაო. თუმცა დღეს ბავშვმაც-კი იცის, რომ საქართველო ცნობილი იყო ვითარცა სამეფო, და მისნი გამგენი – ვითარცა მეფენი, მაგრამ ბოლოს დროს გამოვიდა მოედანზე ერთი ახალი მეცნიერი სომხებისა, ბ-ნი გ.ა.ეზოვი, და ჩვენს ქვეყანას ჩამოართვა ხარისხი სამეფოისა და ჩვენს მეფეებს სამეფო გვირგვინი მოხადა, თითქო ერთიცა და მეორეც ქიშმიშოვისაგან იყო ბოძებული, ანუ თვით ბ-ნ ეზოვის მამა-პაპისაგან.

ამას უსაბუთოდ არ ვამბობთ. ბ-მა ეზომა ამ უკანასკნელ ხანებში გამოსცა მის მიერ შეთხზული უშველებელი წიგნი და უწოდა მეტად მაღლა მყვირალა სახელი: „Сношения Петра Великого с Армянским народом“. მაშ!.. თუ ყვირილია, ყვირილიც ასე უნდა!..

შუშხუნა ხომ გაუშვა ამაებში გაოსტატებულმა მეცნიერმა, ახლა ნახეთ, როგორ იხსენიებს ჩვენს საქართველოს და მის მეფეებს. იგი ამ უშველებელს წიგნში საქართველოს სპარსეთის სახანოდ ნათლავს და მის მეფეებს ხანებად და ამით, აშკარაა, იმის თქმა უნდა, რომ ვინ მოგახსენათ, ვითომც საქართველო სამეფო იყოო და მისნი გამგენი მეფეებიო.

ვთქვათ, ბ-ნ ეზოვს ღმერთმა იმოდენა უნარი მეცნიერებისა და მართლმოყვარეობისა არ მისცა, რომ ეს საქმე გამოერკვია უცხო ენით დაწერილ წიგნებიდამ, თავისი სომხური წიგნები მაინც წაეკითხა.

აქ რა იმისთანა ალალმა დაჰქროლა, რომ ჭკუა-გონება დაჰბნევია. სხვა არა იყოს-რა, სომხების მეისტორიეთაგან მაინც უნდა შერცხვენოდა!.. მოსე ხორენელს აღარ ვიტყვით და განა სტეფანოზ ასოღიკი და არისტაკეს ლასტივერი მეთერთმეტე საუკუნეში, მათეოს ედესელი მეთორმეტე საუკუნეში, ვარდან დიდი მეცამეტე საუკუნეში და ბევრნი სხვანი საქართველოს სამეფოდ არ იხსენიებენ და მისთა მპყრობელთ – მეფეებად, როცა აღტაცებით მოგვითხრობენ საქართველოს მეფეების მზრუნველობას სომხების კეთილდღეობისა და მათის მონასტრებისათვის? ახია ჩვენზე. ახია!

ესე გაბიაბრუება განა გაგონილა მეცნიერებისა, ესეთი გაყალბება მეცნიერისა!.. მართალია, საქართველო სამეფო იყო თუ არა – ეგ დღეს ჩვენთვის დიდი საძიებელი არ არის. ეგ წასული საქმეა. დღეს ის დღეა, რომ „ერთი მაქვს სჯობს ათას მქონდას“.

და თუ ეს შხამჩართული, გესლმორეული მაგალითი მოვიყვანეთ, მარტო იმისთვის ვჩადით ამას, რომ მკითხველმა დაინახოს, რა გაუწყვეტელი ლარი გაჰყავთ ჩვენს საყვარელ მწიგნობარ-მეცნიერებს თავიდამ ბოლომდე, ოღონდ ქართველს, საცა-კი მოასწრებენ, სახელი გაუტეხონ, ოღონდ ქართველი დაამდაბლონ, დააქვევთითონ, ყოველივე ღირსება, თუკი რამ გააჩნიათ, აჰყარონ და არარად გაჰხადონ ქვეყნის თვალში, და სხვა დარდი არაფრისა აქვთ. თითქო მართლა მარტო ქართულის წაწყმედაა სომეხთა ცხონება და თითქო თავიანთი საკუთარი საცხონებელი ღმერთს იმათთვის არ უღირსებია.

ბ-ნი ეზოვი კუდმოკლე თვალთმაქცობით, უბირად, გაუთლელად, უხერხულად ოსტატობს, რომ თეთრი შავად დაანახვოს ქვეყანას. თითონ განგებ თვალებზე ხელი აუფარებია, განგებ ყურებში ბამბა დაუმია და ჰგონია, რომ სხვა ყველანიც დაბრმავდებიან, დაყრუვდებიან და ეშმაკობას, კუდიანობას ვერ მიუხვდებიან. ბ-ნი ეზოვი ვითომც გამეცნიერებულია, ვითომც განათლებული კაცია. ხოლო არა გვგონია, მართალმა მეცნიერმა, მართლა განათლებულმა იკადროს ის, რასაც იგი ჰკადრულობს. სჩანს მართალი ყოფილა ვისაც უთქვამს, რომ „არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა“.

ეს ხომ ჩამოართვა ჩვენს ქვეყანას ათადამ-ბაბადამ კუთვნილი ხარისხი, ხომ აჰყარა ყოველივე სამეფო პატივი ჩვენს მეფეებს და სპარსეთის მოხელეებად გაგვიხადა, ახლა თითონ საქართველოს ერს მისდგა და ტყავს აძრობს თავისს სახელოვანს წიგნში.

მაშ? სომეხთა მეცნიერი ისე ხელს როგორ გაიქნევს, ისე როგორ დაიბერტყება, რომ თავისი მტვერი არ მოგვაყაროს.

რაც-კი სადმე ქართველებზე ცუდი თქმულა, ბ-ნს ეზოვს ყველა თითქო რაღაც სიხარულით მოუკრებია და გულში გვახლის. რაც კეთილი თქმულა, ყველა ეს საქებურად მიუმალავს, როგორც ვიცით ამ ჯურის მწიგნობარ-მეცნიერთა კეთილის გულის ამბავი. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და ბ-ნი ეზოვი არც ისე თავზე ხელაღებულია, რომ ამ ანდაზას გაჰქცეოდეს. შარდენი აი რას ამბობს ქართველებზეო: „იგინო ბიწიერნი არიან, ლოთნი, გარყვნილნი, უნამუსონი, სიტყვის გამტეხელნი, უპირულნი, გამცემ-მოღალატენი, გაიძვერანი, ლოთობაში და გარყვნილობაში ერისკაცთ სასულიერონიც არ ჩამოუვარდებიანო, სრულიადაც არ მიაჩნიათ სირცხვილად სასულიერო პირთ, რომ ლამაზი მხევლები ჰყავთ ხასებადაო“.

იქნება ასეც იყოს, ნუ გამოვეკიდებით მეცნიერს ეზოვს. ხოლო ვკითხავთ-კი იმავე შარდენს სხვა არა უთქვამს-რა ქართველებზე ამ საძაგლების მეტი? აბა გულზე თავისი პატიოსანი ხელი დაიდოს და პასუხი ისე გვითხრას.

განა იგივე შარდენი არ ამბობს, რომ ქართველებს ნიჭი არ აკლიათ, ამათ რომ მწურთვნელი ჰყავდეთ – სახელს იშოვიდნენ მეცნიერებასა და ხელოვნებაშიო. განა იგივე შარდენი არ ამბობს, რომ ქართველები ზრდილნი არიან, მოსიყვარულენი, საკუთარის ღირსების გრძნობისანი, სომხებზე უფრო ძლიერნი, გულმაგარნი ვაჟკაცნი და თავგანწირულნი მეომარნი თავისის თავისუფლებისათვისაო.

თუ მარტო ჩვენი ძაგება არ ჰქონია ფიქრად, თუ მარტო ჩვენის სახელის გატეხა არ მოსწყურებია, განა შარდენის მეტი სხვა არავინ რას ამბობს ქართველებზე? სად და რად მიმალა ესენი, თუ ჩვენი ავკარგიანობა სურდა ყოველის მხრით გამოერკვია და ეს მის მიერ საჭიროდ დანახული იყო იქ, საცა პეტრე დიდზეა ლაპარაკი და სომეხთა ერზე? აი, მაგალითებრ, სახელოვანი ბოდენშტეტი, რომელიც დიდს ხანს იყო საქართველოში და არა გზადაგზად, როგორც შარდენი, რასა სწერს ჩვენს ავკარგიანობაზე; „ქართველი უზრუნველია, სახვალიოდ არა ფიქრობს, დიდს ფასს არა სდებს მიწიერს მოსახვეჭსა, არა აქვს დაუძინებელი წყურვილი მოხვეჭისა, ამიტომაც ვაჭრობა განსაკუთრებით სომეხის ხელშია, სამაგიეროდ, ქართველები ყველაზე უფრო ზნეობიანნი, ყველაზე უფრო პატიოსანნი კაცნი არიან ამ მხარეში. სტუმართმოყვარეობა დიდი იციან როგორც სხვა კავკასიელთაც, ერთგულნი არიან – როგორც მათნი ხმალნი, სწრაფნი და მარდნი – როგორც მათნი ტაიჭნი, ვაჟკაცნი ომში, შინ თავაზიანნი და საამურნი“

რასაკვირველია, ჩვენ არც არავისის ქებით არა მოგვემატება-რა და რაც არა გვაქვს, არ მოგვეცემა, და არც ბ-ნის ეზოვის ძაგებით არა დაგვაკლდება-რა და რაცა გვაქვს, არ წაგვერთმევა. და თუ ამაებს გამოვეკიდებით, მარტო იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, სადა ჰფრენს გონება ბ-ნ ეზოვისა, როცა ჩვენს სანუგეშოზე პირს უჭერს და ძაგებაზე პირსა ხსნის.

ძნელია, როცა წინათვე აკვიატებული სურვილი დაჰბღუჯავს ხოლმე იმისთანა წყალწყალა მეცნიერს, როგორიც ბ-ნი ეზოვი ყოფილა, რომელსაც ქართველების ხსენებაზე პირზე მარტო შხამი მოსდის და სხვა გზა არ არის, უნდა გადმოანთხიოს. განათლებული კაცი-კიაო!..

თუ სწავლა-განათლებას იმოდენაც არ შესძლებია, – კაცს ჩააგონოს, რომ ოინების გასაღება მეცნიერებაში ისე ადვილი არ არის, როგორც ყალბის ფულისა ბაზარში, ღმერთმა პატრონს მშვიდობაში მოახმაროს და ჩვენ-კი გვიხსნას ამისთანა სწავლა-განათლებისაგან და ამისთანა სწავლა-განათლებულებისაგანაც. „ვისაც დიოგენის ფარანი აქვს, იმას მისი ყავარჯენიც უნდა ჰქონდეს“, ესე იგი, მისი ზნე. გაუწურთვნელი ზნე, ყავარჯენი კი არა, ჭირია.

ტყუილად კი არ ამბობს ბოსსუეტი: „ერიდენით და უფრთხილდით საკუთარს ზნესა. ზნე იმისთანა მტერია, რომელიც, საცა წახვალთ, ყოველგან თან დაგდევო სიკვდილის კარამდინაო“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი