უმეცრების ფართი-ფურთი


უმეცრობა და უვიცრობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკუიანი უცოდინარი ყოველთვის თავისს ქერქშია, — რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, იქ იგი მეტიჩარობას არა ჰკადრულობს, დუმილს უფრო ჰრჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონს-დასწონის და ამნაირად თავისს საკუთარს აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალწინებს, და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.

ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავისი-თავი სხვაზე მეტი არა ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ იკვეხის, თითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს. მან თავისი ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც, ერთნაირად მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩარობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც სამარცხვინო ოინებს ახლოც არ ეკარება.

სულ სხვაა უჭკუო უმეცარი, მერე თუ ყბედობის საღერღელიც აქვს აშლილი. უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერობაზე, და რამოდენადაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად არის, რამოდენადაც უფრო სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული,მით უფრო თამამია, მით უფრო კადნიერია. მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ გახადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზედ მოადგება, ჰროშავს გამარჯვებულსავით დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული, მაღალფარდებიან სიტყვებს ჰხმარობს უანგარიშოდ, განუკითხველად, მოგაყრით ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებს, რომელიც არც თითონ ესმის და არც მსმენელს გაეგება და ჰყოყოჩობს, აი რაები მცოდნია და რა ბრძენი კაცი ვარო! ბალღებს, რასაკვირველია, გაბერილი, გაუგებარი ფრაზები სავსე ჰგონიათ, როგორც გაბერილი ტიკი, და უკვირთ როგორც ერთი რამ უტყუარი ნიშანი აუარებელის სიბრძნისა და მეცნიერობისა, ჭკუადამჯდარს კაცს-კი ეს სამასხარო ოინები სასაცილოდაც არა ჰყოფნის.

ამგვარ უვიცთა და უმეცართა შორის ერთი მეტად თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა ჩვენში ბატონმა ნოე ჟორდანიამ. მან სწორედ ამისთანა კაცად გამოიჩინა თავი, თუმცა კი თავი დიდ ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავის თავის ქებითა. იმას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს ღერძი გამოუცვალოს და თავისის ბრძანებისა და ნებისაებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა.

აქ გამოსაკიდებელი მარტო მისი ქადილი და თანხებია. ქვეყნის აშენებას გვიქადის ბატონი ჟორდანია და მისი აიარები. საბა ორბელიანის ზღაპრისა არ იყოს თვითონ მამალსავით ხეზე შემომჯდარა და იძახის, მე აქ ვიყივლებ და თქვენ მანდ ქვემოთ იყეფეთ და სოფელი აშენდებაო. ამ იმედით ბრძანდებოდეს ბატონი ჟორდანია და მისი კამპანია, და როცა ამ გზით იმან ქვეყანა ააშენოს მე წილს ნუღად დამიდებენ, არ დავემდურები. ბაქიაობა, კვეხნა, თავის თავის ქება და განდიდება უტყუარი ნიშანია იმისი, რომ ზემო სართულში ყველაფერი თავის ადგილას არ არის დალაგებული. თავის თავის მაქებარი შორს მანძილს ვერ გაივლის, მალე ჩააკეცინებენ მუხლსა, როცა დაუფიქრდებიან და შეატყობენ, რომ შიგ არა ყრია რა. ამისი დრო როცა იქნება მოვა, და იგი ბალღები, რომელთ წინაშე დღეს ბატონი ჟორდანია უმეცრობისა და უვიცობის მალაყს ტაშის ცემით გადადის, გაიზრდებიან, ისწავლიან, ცოდნით შეივსებიან და გამოარკვევენ რა არარაობის მადანია ეს ჩვენი ახალი პუბლიცისტი ყოველისმხრით, ნიჭი გნებავთ, ცოდნა, თუ ჭკუა.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი