ნუთუ?
(პასუხად „მოგზაურის“ კორესპონდენციისა) I „ივერიის“ მკითხველთ უკვე მოეხსენებათ, რომ „მოგზაურში“ (№ 13) დაბეჭდილი იყო კორესპონდენცია, რომელსაც თუმცა სათაურად ჰქონდა „საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება“, მაგრამ უფრო მე ვყავდი ნიშანში ამოღებული და ჩემი ადამიანური ღირსება. ავტორი „მოგზაურის“ შემწეობით მე მაბრალებს, - ვითომც მხეცურ გულქვაობით და სამარცხვინო ავზნეობით ვეპყრობოდე საგურამოს გლეხკაცობას და ამისათვის ერთმანეთზე ცოტად თუ ბევრად შეუწყნარებელს ამბებს მოგვითხრობს ისეთის კადნიერებით, თითქო მართალია, და ისეთის გახარებით, თითქო ოქროს მადანი უპოვიაო. ეს კორესპონდენცია გადმობეჭდილ იქმნა „ივერიაში“ (№ 54) ამ დაბოლოვებით: „ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუ „გლახის ნაამბობის“ ავტორს ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან? ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ და გვირჩევნია ჯერჯერობით იმედი ვიქონიოთ, რომ თითონ თ. ილია ხმას ამოიღებს და კორესპონდენციის შინაარსის უსაფუძვლობას დაგვიმტკიცებსო“. თუმცა ის ამბავი, რომ „ივერიამ“ ეს კორესპონდენცია მთლად გადმობეჭდა და იმით ხელი მოუმართა ავტორს გაევრცელებინა საძაგელი მოთხრობა, თავის-თავადაც ასე თუ ისე იკბინება, მაგრამ მე მაინც მადლობელი დავურჩი „ივერიის“ რედაქციას. რაც გინდ იყოს, ზემოაღნიშნული დოსტალუღი პირდაპირ გვანიშნებს, რომ „ივერია“ სიფრთხილით და წინდახედულად მოქცეულა, ბრმად არ აჰყოლია ვიღაც ორს ასოს ქვეშ მიმალულ კორესპონდენტის ფეხის ხმას იქ, საცა ხელშეხებულია ადამიანის ღირსება, პატიოსნება, ერთის სიტყვით, ყოველივე ის, რაც პატივაუხდელ ადამიანის უძვირფასეს და ხელშეუხებელს კუთვნილებას შეადგენს. მცირეოდენ განათლებამოცხებულ კაცს, მცირეოდენ საღის ჭკუის პატრონს კარგად მოეხსენება, რომ ყოველივე თავისისთავის და პრესის პატივისმცემელი რედაქცია და თუნდ ყოველივე ცალკე კაცი ასე უნდა მოიქცეს ყოველს შემთხვევაში და, თუ სულ მთლად ზურგს არ შეაქცევს, ეჭვი მაინც უნდა შეიტანოს იქ, საცა სხვის ადამიანურს ღირსებას, სინდისს, წმიდათა-წმიდას შესაბღალავად და შესაგინებლად იმეტებენ. ეს ანბანია ზნეობისა, ეს მისი პირველი და უკანასკნელი კანონია, მერე იმისთანა, რომელიც, რა თვალითაც გინდ შეხედოთ, ერთნაირად სავალდებულოა ყველასათვის, რა დასისა და რწმენის კაციც გინდ იყოს. 2 ეხლანდელი დრო და მასთან ერთად ყოველივე ცოტად თუ ბევრად გონებაგახსნილი კაცი და ქალი რომ ხმამაღლა ჰღაღადებს ხელშეუხებლობას ადამიანისას, განა მარტო პოლიციის მიერ ხელშეუხებლობა აქვთ სახეში, არამედ ყოველგვარი ხელშეუხებლობა და, სხვათა შორის, იგიც, როცა სამარცხვინო და სახელგასატეხ ბრალს რასმე სდებს ერთი მეორეს ტყუილისა და მართლის წინასწარ გამოუძიებლად და აუწონლად. ბევრი კაცი, და იქნება იმისთანა უხეირო რედაქციაც, სადმე იყოს, კაცთა საუბედუროდ, რომელიც ძალზე იჭაჭება და ბუკითა და ნაღარით გაიძახის ამ შეუხებლობას ადამიანისას, მაგრამ ყოველ წარამარად მოტანტალე კორესპონდენტს სიხარულით კარს უღებს და ხელს უწყობს გამვლელი და გამომვლელი საერთოდ, და რედაქციის მიერ ნიშანში ამოღებული საკუთრივ, ლაფში ამოსვაროს თავიდამ და ფეხამდე წინასწარ მოუკითხავად, — ვინ მტყუანია და ვინ მართალი. ნუთუ ეს ამისთანა საქციელი ხელშეხება არ არის და ყველა ხელშეხებაზე უფრო საზიზღარი, უფრო შემაძრწუნებელი და უფრო საშიშარი კაცის ერთმანეთობით ადამიანურ ცხოვრებისათვის. ნუთუ ეს არის იგი მადლცხებული თავისუფლება ბეჭდვისა, პრესისა, რომელსაც ასე სამართლიანად შევხარით დღეს დიდი და პატარა და ასე გულმხურვალედ და თავდადებით ვეტანებით. ეს ხომ, თავისუფლება-კი არა, ბოროტად ხმარებაა იმ გაპატიოსნებულ ძალ-ღონისა, იმ ძლევამოსილ შემძლებლობისა, რომელიც პრესას სამართლიანად ხელთ უპყრია და რომლის მეოხებით დღეს გვირგვინოსანნიც -კი ქედს იხრიან სასოებით და მოწიწებით. ნუთუ ეს ამისთანა შემძლებლობა ბეჭდვის სხივმოსილ თავისუფლებისა რედაქციამ იმაზე უნდა ჩამოახდინოს, რომ კაცმა კაცი უთავბოლოდ გაჰპენტოს, კაცმა კაცს უთავბოლოდ სახელი შეულახოს, ნამუსის ქუდი მოჰხადოს და ლაფში გადაუგდოს. რედაქციის კალამი ნიჩაბი ხომ არ არის, რომ აიღოს და ვინც არ ესიამოვნება, ლაფი და ტალახი შეასხას ან თავისის ან სხვისა ხელით. ზოგისათვის ამისთანა საქციელი პრესისა თუ მთლად არ არის შესანდობარი, ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელია მით, რომ პრესისაგან უსამართლოდ და უსაბუთოდ შებღალვილს ღონისძიება აქვს თავი იმართლოს ბეჭდვითვეო. ბევრს ეს პრესის მეტზე-მეტის პატივისცემით მოსდის და არა იმისათვის, რომ ამისთანა უკადრისი საქციელი პრესისა არ ეხამუშებოდეს. ეხამუშება, სწყინს კიდეც, მაგრამ არ უნდა, რომ იმისთანა მზეს, როგორიც დღეს პრესაა, ლაქები რამ ჰქონდეს და არ გაუქარწყლოს. მეც დიდი პატივისმცემელი ვარ პრესისა და ერთს დროს, ვიდრე ჯანმრთელობა არ შემერყა და ნებას მაძლევდა, მეც ერთი ჩანჩალა ვიყავ მისი, მაგრამ იმისთანა პატივისმცემელი კი არას დროს არ ვყოფილვარ და არცა ვარ, რომ ყოველ წარამარად ბღაჯვნას პრესის წმინდა სახელი ვუწოდო, ან პრესის ყოველივე საქციელი ვაქო და ვადიდო ბრმად და განუსჯელად. ბრმად 3 თაყვანისცემა რისიმე, თუ ვისიმე, კერპთმსახურებაა და ყოველს მონობაზე უარესი და უკადრისი მონობაა. პრესას, რომლის სამფლობელო მართალი და ჭეშმარიტებაა და რომელიც მარტო ამ ორთა წიაღში უნდა ატრიალებდეს და ამოქმედებდეს უკეთესთა ადამიანთა ჭკუაგონებას და უმაღლეს სულთა-სწრაფვას კაცობრიობისას გზას უკაფავდეს, განა ეპატიება უსამართლოდ გაბიაბრუება ადამიანისა მარტო იმ საზრისით, რომ, თუ აქ კაცი კაცს უსაფუძვლოდ ერჩის, იმედია, გაბიაბრუებული უსაბუთობას რჩოლისას დაგვიმტკიცებსო. კიდევ ვიტყვი, რომ პირველდაწყებითი კანონი და მოძღვრება მთელის განათლებულის თუ გაუნათლებელ კაცობრიობისა ის არის, რომ ჯერ ბრალმდებელს უნდა დაასაბუთებინოთ ბრალდება იმოდენად, რომ დასაჯერი მაინც იყოს, და მას მერმეთ, დიაღ, მხოლოდ და მხოლოდ მას მერმეთ მოეკითხოს ბრალდებულს პასუხი. უამისოდ ბრალდებულთა სკამზე დასმა ადამიანისა პასუხის საგებლად წაწყმედაა, მიწასთან გასწორებაა, პირქვე დამხობაა იმ საკაცობრიო სამართლისა, მართლმსაჯულებისა, რომელზედაც აშენებულია მთელი ადამიანური ურთიერთობა, მთელი ადამიანური ყოფა-ცხოვრება. ეს ყველაზე უწინარეს პრესამ, ვით სალარომ ადამიანის ჭკუა-გონებისამ, უნდა იცოდეს და თვითოეულს გაზეთს თუ ჟურნალს თავის დროშაზე დიდის ასოებით ეწეროს. ეს უნდა აუცილებლად კისრად იდოს პრესამ, ამას უნდა აქეთ-იქით გადაუხვევლად ემსახურებოდეს. ამას უნდა თავგამოდებით და უკანდაუხევლად სდევნიდეს თითონ იგი ნაწილი პრესისა, რომელსაც ძირს არ დაუშვია ყოვლად პატიოსანი დროშა ბეჭდურის სიტყვისა. დიაღ, თვით პრესამ უნდა თავი გამოიდოს ამ შემთხვევაში, თუ სადმე მართლა ფეხადგმულია ცნობიერება და ჭკუასა და გონებას თავის ადგილი უჭირავს. თორემ აქ აღვირის მიშვება და სადავეს მიგდება კარის გაღებაა იმ ერთგვარ უწმინდურებისათვის, რომელსაც „შანტაჟს“ ეძახიან და მაშინ ძაღლიც ვეღარ იცნობს პატრონსა: ერთი-ერთმანეთს შევეჯახებით, ერთი-ერთმანეთს თავს შევახლით, ერთი-ერთმანეთს დავჭამთ, მაშინ ტყეში მგელთან და აფთართან ცხოვრება უკეთესი და უფრო მოსვენებული იქნება, ვიდრე კაცთა შორის. ნუთუ ეს სასურველია პრესისთვის, რომლის ჭეშმარიტი თავისუფლება მიჯნების განზე გადგმა კი არ არის ბოროტისა, არამედ მისი შეზღუდვა და შეხუთვა. დიდი მოვალეობა პრესისა, მისი ღვაწლი, გლეხისა და თავად-აზნაურის, ან მდიდრისა და ღარიბის ერთმანეთზე მისევა კი არ არის, შუაკაცობაა, შუა ჩადგომაა მათ შორის, მშვიდობიანობის ჩამოგდებაა, მოსარიგებლის მორიგებაა, შესარიგებელის შერიგებაა იმისდა მიხედვით, — ვის რა ზნეობრივი და მოქალაქეობრივი, ან ერობრივი სამართალი მიუძღვის ერთმანეთის წინაშე. ამას ითხოვს ადამიანობა, კაცური კაცობა და ერთობ იგი ჭეშმარიტი სიყვარული ადამიანისა, რომელიც, როგორც მზე, ყველას ერთად ანათებს, ყველას ერთად ათბობს და ყველას გამოუკლებლივ აწვდის ძალსა ცხოველმყოფლობისას, სიცოცხლის დაბადებისას, სიცოცხლის ზრდისას. 4 მართალია, გლეხკაცი და ღარიბი უფრო მეტად საზრუნველია, უფრო მეტად გაჭირვებული, ვიდრე თავადი, აზნაური, მღვდელი თუ ვაჭარი, მაგრამ განა აქედან ის გამოდის, რომ ყველა ესენი ადამიანები არ არიან? განა ცოდვაა, რომ ამათთვისაც ვიზრუნოთ და თავი შევიტკიოთ? რაკი ცხოვრებას და ისტორიას გლეხებთან ერთად ეგენიც გაუჩენია სამართლიანად თუ უსამართლოდ, განა შესაძლებელია ერთის კალმის მოსმით, თუნდ იმისთანა ძლიერისით, როგორიც დღეს „მოგზაურის“ რედაქციას ქვეყნის სასაცილოდ თავისი თავი ჰგონია, განა შესაძლებელია, ვამბობ, ისე ამოდენა ხალხი დედამიწის ზურგიდან წაიშალოს! მართალია, თავად-აზნაურობამ, როგორც წოდებამ, როგორც ცალკე კრებულმა, დიდი ხანია თავისი დრო მოიჭამა. მაგრამ თავადს, აზნაურს, ვით ცალკე კაცს, ადამიანობა ხომ შერჩა და ვინ რას ემართლება, რომ დღეს კაცი ისე არ გაუვლის გვერდით თავადს თუ აზნაურს, — წიხლი არა ჰკრას, ან მისს ხსენებაზე დორბლი არ წამოჰყაროს. ზოგიერთს ასე ჰგონია, რომ, თუ ესე არ მოიქცა, რეტროგრადობას დასწამებენ და ლიბერალობით თავს ვეღარ მოიწონებს, რადგანაც ჭეშმარიტის ლიბერალობისა არა გაეგება-რა და მთელი მისი ლიბერალობა ამაზეა ჩამომხდარი და ამაზე შორს აღარ წასულა. ოღონდ წიხლი კი უთავაზოს, თავადია თუ აზნაური, და მიზეზს აღარავინ იკითხავს: ლიბერალობის გვირგვინი მზად არის. დიაღ, იყო ერთ დროს ამისთანა მიმართულება რუსეთში, მაგრამ დიდი ხანია ამ მიმართულების სუფრა ალაგდა და ჩვენი ლიბერალები დღევანდლამდე მის ნასუფრალით იკვებებიან, თითქო მას დღეს აქეთ თვალთახედვამ ადამიანისამ არ გაიწ-გამოიწია და უფრო დიდს მანძილს არ გადსწვდა ადამიანის ჭკუა და გონება. თუ მართალი ხარ, თავი იმართლე ბეჭდვითვეო, ეს ადვილად სათქმელია და ზოგჯერ შეუძლებელი ასასრულებლად. მაგალითებრ, განა არ შემიძლიან დავწერო და დასაბეჭდად წავიღო, რომ ერთმა გლეხმა მიამბო, ვითომც რედაქტორი „მოგზაურისა“ ერთს ვიღაცის სახლში შესულა, ერთი მანეთი მოუპარავს და გაპარულა. ნუთუ ის ყოვლად უსაბუთო, ყოვლად უგეშო ბრალდება უნდა დაბეჭდოს ან გაზეთმა, ან ჟურნალმა იმ იმედით, რომ თუ ეს ამბავი ტყუილია, ბრალდებული ამ ტყუილს დაამტკიცებსო. განა აქ ტყუილის დამტკიცება შესაძლებელია? რით და რა გზით? სად არის გეში, სად არის საბუთი, რომ კაცმა ან ასე გახიოს, ან ისე გაფხრიწოს? აქ ცარიელ უარყოფის მეტი ხომ სხვა გზა და ღონე არ არის. რაკი დამტკიცებაზე მიდგა საქმე, უარყოფა განა დამტკიცებაა ბრალდების ტყუილისა? უარყოფა პატიოსან კაცისა და აშას კვრა ქურდისა ერთმანეთისაგან როგორ უნდა გაირჩეს ამისთანა შემთხვევაში? ან ვისა აქვს იგი ადამიანის ღირსებისათვის უკადრისი მართლა-და უფლება, იგი ყოვლად შეუწყნარებელი და ადამიანობის შემაგინებელი ბატონობა, რომ კაცი პასუხის საგებლად მოედანზე გამოსჭიმოს, ვიდრე ბრალმდებს თავისი არ დაუსაბუთებია იმოდენად მაინც, რომ პირველ შეხედვით საბუთი - საბუთს ჰგვანდეს და არა ტყუილების გუდას. 5 იქნება ყოველივე ეს, რაც ზემოთ ვთქვი, ჩვენის კორესპონდენტისათვის მგლის თავზე სახარების კითხვაც იყოს. მე ამ ვაჟბატონის დარდი არა მაქვს, რაკი ვიცი, რომ არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი. საქმე ის არის, რომ მკითხველმა გაითვალისწინოს, — პრესას რა ცეცხლში შეუძლიან ტყუილად დასწოს და დაჰბუგოს, ზნეობრივად სტანჯოს და აწამოს ადამიანი, თუ თავისს წმინდა დანიშნულებას უღალატა და ადამიანის ღირსების პირქვე დასამხობლად, ადამიანის სახელის გასატეხად საბუთად მარტო ის იხმარა, დიაღ, მარტო ის, რომ კორესპონდენტი სწერს, ასე მიამბესო. სწორედ ამგვარად მომექცა ჩემზე ასე ძლიერ გაბოროტებული ავტორი: სამარცხვინო საქციელები დამწამა და საბუთად მარტო ის მოიყვანა, რომ ასე მიამბო ერთს შემთხვევაში ერთმა გლეხმაო, მეორეში - მეორემაო, ზოგან თავისიც მოაჭორა და ცალიერის სიტყვის მეტი სხვა არა გვანიშნა-რა. მართლა უამბო თუ არა ან ერთმა, ან მეორე გლეხმა, - ეგ მაღლა ღმერთმა იცოდეს და დაბლა თითონ ავტორის სინიდისმა. ხოლო ნუთუ მბობა ვისიმე საერთოდ და გლეხისა ცალკე საბუთია, რომ შეუმოწმებლად კაცმა კაცი გასწიროს, ზნეობითად ჯვარს აცვას, ან შამფურზე ააგოს და სირცხვილის ნაღვერდალზე შესწვას. განა გლეხკაცის ნაამბობს კი კბილი არ უნდა გაესინჯოს, განა გამოძიება, განკითხვა, შიგ ჩახედვა და შემოწმება არა სჭირია და ისე სახტ-სალამად დასაჯერი და მისაღებია? ვის არ მოეხსენება, რომ როგორც თავად-აზნაურობაში, ისეც გლეხკაცობაში ყველა ანგელოზი არ არის, ჩვენდა სამწუხაროდ: ტყუილი და ერთმანეთის ბეზღობა არ დაეფიცება თითოოროლა უნამუსო კაცს, თავადი იქნება, აზნაური თუ გლეხი. ნამეტნავად ეხლანდელ დროში, როცა ასე გამწვავებულია საქმე წოდებათა შორის, ყოველივე ამბავი და ნაამბობი ათასჯერ ასაწონია, ათასჯერ გასაზომია და ერთხელ ძლივად დასაჯერებელი. თუ კაცი სინიდისსა და ნამუსზე ხელაღებულია და ვისიმე ჯავრის ამოყრა გულს მოსწოლია, ადვილად მოახერხებს ათქმევინოს თავად-აზნაურს, თუ გლეხს, ავზნეობა და ავკაცობა ერთმანეთისა. სრულიადაც არ გამიკვირდება, რომ იმავ თავდაუჭერელმა ავტორმა ხვალ არ დამწამოს შარაგზაზე ხალხის ძარცვა და ამის საბუთად ის არ მოიყვანოს, რომ ერთმა გლეხმა ასე მიამბოო, და თუ გაჭირდა, ერთი ვინმე უნამუსო გლეხი, ანუ სხვა წოდების კაცი, პირში არ წამომიყენოს. მოდი აქ და თავი იმართლე, თუ უსაფუძვლობა ამისთანა ბრალისა თქვენზე მოაგდეს დასამტკიცებლად. ხოლო მე საკუთრივ ღმერთმა მიბრალა და ამ შემთხვევაში იმისთანა წინდაუხედავი და საზრისმოკლებული ბრალმდებელი მომივლინა, რომ ზოგან თითონვე თავისის ხელით ყელს იჭრის და ზოგან იმისთანა გარემოებას გვანიშნებს, რომლის ტყუილი და უსაფუძვლობა ადვილად დასამტკიცებელია და დასამოწმებელი თვალთა ხედვით და ხელშეხებით, თუ ასე ითქმის. 6 დიახ, ბატონებო, თუმცა ჩემს მხილებელს, ჩემს ბრალმდებელს სურვილი დიდი ჰქონია ჩემთვის სახელი გაეტეხნა და სირცხვილი ეჭმევია, მაგრამ საფანელი დაჰკლებია და ვერ მოუხერხებია. ვერ მოუხერხებია იმიტომ, რომ ტყუილსაც და ცილისწამებასაც ჭკუა და გონება სდომებია. იგი იმისთანა ბრალებსა მდებს, რომელთა გაქარწყლება ძალიან ადვილია, თუ კაცი გაირჯება და თვითოეულის ბრალის გარემოებას და ვითარებას ცოტაოდნად მაინც ჩაუკვირდება და ჭკუადასმით და გულმართლად განიკითხავს. II იგი სასახელო კორესპონდენცია, რომელმაც გამოიწვია ეს ჩემი წერილი, იმით იწყება, რომ საგურამოს საზოგადოების მცხოვრებლებმა ექვსს მარტს თავი მოიყარა და გადასწყვიტა: „ბოიკოტი გამოეცხადოს აქაურ მემამულეებს - ილია ჭავჭავაძეს, გივი სტაროსელსკის და ტატო ციციშვილსაო“. ამთთვისვე მიუბაძნია ჭოპორტის საზოგადოებასაც და აქ ვის გამოუცხადეს „ბოიკოტობა“, ჩვენი ავტორი, რა თქმა უნდა, ხმას არ იღებს. რატომ? იქნება სხვა მემამულე აღარ არის საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოებათა წრეში, საცა, ავტორის სიტყვით, 16 სოფელია. არა, ბატონებო, ბევრი სხვანიც არიან და ერთი ამ ჩვენს კეთილისმყოფელს ავტორს ვკითხოთ: იმ ბევრს სხვას რაღა დაჰმართეს? იმათ-კი გლეხობამ სალამ-ქალამი გაუგზავნა, ძღვენი მიართვა და მარტო ჩვენ სამნი შეგვრისხა? პირდაპირი ანგარიშია, რომ ავტორი ასე მოქცეულიყო: ბევრს სხვაზე თვალები დაიბრმავა და მარტო ჩვენს სამზე ყურიც აცქვიტა და თვალიც აახილა. ეგ იმიტომ, რომ ამ სამში ილია ჭავჭავაძეა, რომელიც თვალში ეკლადა სჩრია და რომლის ჯავრი გულს მოსწოლია და არ ასვენებს. საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოებათა წრეში რომ ილია ჭავჭავაძე სულაც არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ავტორს არავითარი ნაღველი არ ექნებოდა არც საგურამოს, არც ჭოპორტის გლეხთა საზოგადოებისა და არავითარი დარდი გლეხისა არ აალაპარაკებდა. განა მარტო ეს მაკმარა, რომ „ბოიკოტი“ გამოუცხადესო. დღევანდელ დღეს ვის არ შემთხვევია ეგ ამბავი და ამით ჭავჭავაძეს ბევრი არა წაუხდებოდა-რა. რომ უფრო გააძლიეროს ამ „ბოიკოტის“ მნიშვნელობა ჩემდა სამარცხვინოდ, ავტორი დიდის რიხით და პათოსით შემოგვძახის: „ასე გასინჯეთ, ი. ჭავჭავაძეს ჰყავდა (ვაი ჩემს შერცხვენას!) ერთი დედაბერი მექათმედ. იმის შვილის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, - რატომ დედაშენი არ ანებებს თავს მებატონესთან სამსახურსაო, და კაცი იძულებული იყო ძალით გამოეთრია გაჯიუტებული დედაბერიო“. 7 მართალია, დედაბერიც, როგორც ყველა სხვა მოჯამაგირეები, სულ მთლად დაითხოვეს, მაგრამ სხვა ყოველი, ამ ამბავთან ჩართული, ტყუილი და ურცხვი ლათაიებია თავზე ხელაღებულ ადამიანისა. ჯერ ერთი ის, რომ ეს ცეცხლის წაკიდება ცოცხალ-ცოცხალი ტყუილია და, როგორც მაცნობეს, ამისთანა ამბავი სრულებითაც არ მომხდარა, სახლიც ღმერთის მადლით არავისთვის არ გადაუწვავთ, მაშ რა ძალა დასდგომია ჩვენს ბედნიერს ავტორს, რომ ამისთანა აშკარა ტყუილი, რომ ამისთანა აშრობა უკადრნია და არ უთაკილნია! ამით ვითომ რა ჰსურვებია ეთქვა ჩვენს ბედნიერ ავტორს? ის რომ, რაკი ჭავჭავაძეს დედაბერიც არ დაუყენეს, - სჩანს რაოდენად გაუწბილებია ჭავჭავაძეს გლეხკაცობა, რამოდენად შეუძულებია თავისი თავი, რომ მისდა სავნებელად გლეხკაცებმა თავისი მოძმეც არ დაინდეს. ავტორს ისიც-კი ვერ გაუგია, რომ თუ დედაბერი გაჯიუტებულა და ჭავჭავაძესთან ყოფნა ურჩევნია, ვიდრე შვილთან წასვლა, ეს ამბავი ჭავჭავაძისათვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ავტორისთვის. აგრეთვე ის ამბავიც, რომ გლეხკაცებს ვითომც ამ დედაბერის შვილისათვის სახლი გადაუწვავთო, გლეხთა ავკაცობას უფრო მოასწავებს, ვიდრე საბუთს „ბოიკოტის“ ასე თუ ისე გაძლიერებისას ჩემდა სამარცხვინოდ. აბა ამას ჭკუა არ უნდა, რომ კაცი აშკარა ტყუილს იგონებდეს და ამ ტყუილით თითონვე თავისის ხელით ყელს იჭრიდეს. კიდევ ვიტყვი: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი. ღმერთის მადლით და გლეხთა სასარგებლოდ, ეს სახლის გადაწვა, ეს საშინელი და ყოვლად შეუნდობარი ავკაცობა, ავტორისაგან მოგონილი ტყუილია, და გლეხობას რას ემართლება, რომ ასე სახელს უტეხავს, ასეთ ბრალში ჰხვევს. ასეა თუ ისე, გლეხკაცობა დღეს ყველას შემოსწყრა და მართალი თუ მტყუანი, ავი და კარგი თან გაიტანა. ეს სტიქიონურ მოძრაობასა ჰგავს და ამიტომაც საერთოდ შემოწყრომა და „ბოიკოტობა“ იმის მაჩვენებელი არ არის, ვინ ვის უყვარს, ვინ ვისა სძულს! ძულებას და სიყვარულს ამისთანაშემთხვევაში ადგილი არა აქვს. ამიტომაც საზოგადოება, რომელსაც ჭკუა და გონება შერჩენია და ცნობიერება გაჰღვიძებია, მარტო იმას კი არ უნდა სჯერდებოდეს, - აი გლეხობა სხვასთან ერთად ამასაც შემოსწყრა, ამას „ბოიკოტობა“ გამოუცხადა, არამედ გულდამშვიდებული გარჩევა უნდა, - ვინ ვის რას ემართლება, ვინ ვის რას ერჩის, ვინ ვისზე სამართლიანად ხელს იწვდის. განა კაცთა ადამიანური ცხოვრება, ისტორია, პროგრესი და სხვა რაიმე სიკეთე შესაძლებელია, თუ ყოველთ უწინარეს კაცთა ურთიერთობაში ისინი არ მოიკითხა, ამაების პასუხი არ იძია? ამიტომაც მკითხველსა ვთხოვ ნება მიბოძოს მოვახსენო იგი ვითარება საქმისა, იგი გარემოება, რომელიც ასე თუ ისე ამ მხრივ შუქსა ჰფენს კორესპონდენტის მიერ ხსენებულს „ბოიკოტს“ ჩემდა მიმართ. მე და ჩემი მეუღლე მემამულენი ვართ, არც მე და არც ჩემს მეუღლეს არც ერთი ნაყმევი, არც ერთი ხიზანი არა გვყავს, არამცთუ საგურამოს, არამედ მთელს დედამიწის ზურგზე. 8 მართალია, მე საკუთრივ ცოტა თუ ბევრი ყმები მყავდა კახეთში, მაგრამ ყმათა განთავისუფლების პირველ ხანებშივე მთელი მათ მიერ ხმარებული საკომლო, სახლ-კარის მიდამო, მათი ხვედრი ვენახები, უსასყიდლოდ დავუთმე და ხელშეუხებელ საკუთრებად დავუმტკიცე და ამით მოვსპე ყოველივე ბატონ-ყმური ნაშთი ჩემსა და ჩემთა ნაყმევთა შორის. ხიზნებიცა მყავდა თიანეთის მაზრაში. ხაზინა შემომევაჭრა მათ მიერ ხმარებულ მამულს და მე მარტო მაშინ მივყიდე, როცა ჩემი ხიზნები სხვა, მათ მიერ არჩეულ და მოწონებულ სახელმწიფო მამულში გადავიყვანე და დავაბინავე თ. ლევან ჯანდიერის შემწეობით, რომელიც მაშინ მაზრის უფროსად იყო. ჩემმა მეუღლემაც გაყოფის დროს ისე გამოიწილადა მონაწილეთაგან მამული, რომ არც ერთი ხიზანი, არც ერთი ნაყმევი არ ირგუნა. ამ სახით, ჩვენ ორს რაც მამულები გვაქვს, სულ თავისუფალი და დამოუკიდებელია სხვისაგან. მაშასადამე, მამულის გამო ჩვენ ვერაკაცი ვერც ნაყმეობით, ვერც ხიზნობით ვერას წაგვედავება, ვერას დაგვემდურება, თუ სადმე განკითხვა და სამართალია. მართლადაც, რა სიმართლე, რა საბუთი აქვს გლეხკაცს, რომელიც არც ხიზანია თქვენი, არც ნაყმევი, რომ თქვენს მამულზე ხელი გაიწოდოს მაშინ, როდესაც კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევს არამცთუ მთელს სახელმწიფურს და საზოგადოებურ წყობას რუსეთისას, არამედ მთელს ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწის ზურგზე. და თუ გლეხკაცობა დღეს თავისას მაინცდამაინც არ იშლის და კერძო საკუთრებას ხელს ატანს, ეს ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელია იმით კი არა, რომ სამართალი რამ მიუძღოდეთ, არამედ იმით, რომ დღევანდელი მოძრაობა სოფლისა ცეცხლსავით მოედო მთელს საქართველოს და ყველა ნებით თუ უნებლიეთ თან წაიყოლია. აქედამ ის არ გამოდის, რომ კაცმა დიდის მწუხარებით არ შეხედოს იმისთანა ამბავს, როცა კაცს სხვა საბუთი არ მიუძღვის იმის გარდა, რომ მე ცოტა მაქვს და შენ ბევრი და ამიტომ შენ უნდა წაგერთვას და მე მომერთვასო. აბა უკიდურეს სიღატაკიდან უდიდეს სიმდიდრემდე რამდენი საფეხურია, რამდენი კიბეა, რამდენი ერთმანეთზე მეტია, და მოდით და გაარჩიეთ, რომელმა რომელი უნდა სწეწოს და ჰგლიჯოს მთელს ამ დიდს მანძილზე. კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდ იყოს, იაფად არ დაუჯდება. იქნება მე ვცდებოდე, მაგრამ ამაზე კი იმედია ყველა დამეთანხმება, რომ ეს დღევანდელი ამბავი დიდმიზეზიანი საგანია, დიდად გასაფხიზლებელი, დიდფათერაკიანი. აქ საქმე იმაში კი არ არის, ვინ უფრო შორს გადახტება. ამ დღევანდელს ამბავს დიდის გულდადებით და ღრმად უნდა ჩაუკვირდეს ადამიანი, მთელი სიგრძე-სიგანე გაუზომოს, თავით ბოლომდე თვალწინ დაიყენოს. 9 ეს დიდ პასუხისგების საგანია და ამ პასუხისგების შიშქვეშ თვით გლეხკაცობის წინაშე, დღევანდელ მოძრაობას თავი იქით უნდა უბრუნოს კაცმა, საითკენაც ჯერ არს, და არა იქით, რომ ერთმანეთს მივესიოთ და ციხესიმაგრე ჩვენი ჩვენვე შიგნიდამ გავტეხოთ. ამას თხოულობს არამცთუ სიკეთე და ბედნიერება ჩვენის ქვეყნისა საერთოდ, არამედ გლეხკაცობისაც საკუთრივ. III ბოდიშს ვიხდი მკითხველის წინაშე, რომ ასე გავაჭიანურე ჩემი პასუხი და აქამომდე, სწორედ რომ ვთქვა, არსებითად საპასუხო თითქმის არა ვთქვი-რა. რა ვქნა? დღევანდელი დღე ისეთი ცეცხლმოსაკიდებელი რამ არის, რომ ძნელია კაცმა თავი დაიჭიროს და მისს ამბებს გვერდი აუაროს, რაკი სიტყვა მოიტანს. ეგ ხომ ეგრეაო, მიბრძანებთ, მაგრამ ჩვენ პასუხი მაინც გვინდა და გვინდაო. გნებავთ და აი მეც მზადა ვარ. შევუდგები რა ამ ფრიად უსიამოვნო ამბავს, ყოვლთ უწინარეს გთხოვთ ყურადღება მაქციოთ მას, რომ ჩემი კეთილისმყოფელი ავტორი ოთხს ბრალსა მდებს, რომელთა შორის ერთი თითქმის კაცისკვლაა. ერთი დანაშაული ჩემი თურმე ისა ყოფილა, რომ ერთს „ახალ-სოფლელს“ გლეხს უამბნია, ვითომც ჩემს კალოზე „სანადელო“ ყანის ძნა მოუტანია მაშინ კი არა, როცა ჩემს მოურავს დაუვალებია, არამედ მეორე დილას ადრიანად, და მე უშვერის სიტყვით ლანძღვა დამიწყია და, რა თქმა უნდა, ჭყივილ-ყვირილით მითქვამს: „ეხლავე ეგ ძნა იქვე ჩაიტანე, სადაც დაუდე, და როცა მოურავს დრო ექნება, ჩამოვა, ახლად გადმოითვლის და გაჰყოფსო“. გლეხკაცსაც ძნა ისევ „სანადელო“ მიწაში ჩაუტანია. მართალია, მე და ჩემს მეუღლეს საგურამოს მამულებში წილი გვიდევს, მაგრამ „ახალსოფელში“-კი არც ერთი მტკაველი მიწა არ გაგვაჩნია. იგი სოფელი მთლად ეკუთვნის თ-დ ზაალ გურამიშვილს, რომლის მამულ-დედულს აპეკა განაგებს, რადგანაც პატრონი სნეულია, და იქ ერთი ნაყმევიც არამცთუ ჩვენ, თვით მამულის პატრონსაც არა ჰყავს. მაშასადამე, „ნადელი“, რომელიც ჩვეულებრივ ნიშნავს მარტო უსტავნოი გრამოტით საკომლოდ მიზომილ მიწას ნაყმევისას, სრულიად უალაგოდ ხსენებულია და კორესპონდენტისაგან განზრახ მოგონილი. რისთვის? ალბად იმისთვის, რომ უფრო მოჭირებულ ფერით შეღებოს თავისი ღვარძლიანი გულთნადები ჩემდა მიმართ. აქ ავტორის ანგარიში აშკარაა და აი რატომ. ნაყმევი - ნამსახური კაცია, ახლად მართლადაც სამარცხვინო უღლიდამ გამოშვებული. ამიტომაც უფრო გულშესატკივარია, უფრო შესაბრალისი, როცა თავის ნაბატონარისაგან 10 იჩაგრება, და თვით ნაბატონარიც უფრო უღმრთო და უადამიანო გამოდის თავის ნაყმევის წინაშე, ვიდრე წინაშე სხვა გარეშე კაცისა. ალბათ ეს ანგარიში ჰქონია ჩვენს ავტორს, თორემ რა მოსაგონია, რა ჭკუაში მოსასვლელია ამისთანა ტყუილი, რა სახსენებელია „სანადელო ყანა“ იქ, საცა ნაყმევი და, მაშასადამე, „ნადელიც“ არ არის. მართალია, ამისთანა ტყუილის დაჭერაში ბევრი არა ყრია-რა, მაგრამ, კაცმა კაცს რომ ხასიათი და ხარისხი ზნეობისა შეუტყოს, ამისთანა საქციელიც სათვალავში ჩასაგდებია სხვასთან ერთად და ეს სხვა არა ერთგან კიდევ შეგვხვდება, ოღონდ მოთმინება ვიქონიოთ და ტყუილს ტყუილის კარამდე ვდიოთ. უნდა გამოვტყდე, ჩვენის კორესპონდენტის სასიხარულოდ, რომ იმ ოთხს ბრალთაგან, რომელსაც იგი მე მწამებს, მარტო ამ ამბავს აცხია მართლის ნიშანწყალი, მაგრამ ეს ერთი ნამცეცა მართალიც კი ისე ამოუვლია თავის გულის ზაფრაში, რომ თავისი ნიშანწყალი დაუკარგავს, ტყუილს დიდ მანძილზე არ ჩამორჩება და მოგვაგონებს ხავსს, რომელსაც წყალწაღებული ეჭიდება ხოლმე, როცა მეტი გზა არა აქვს. საქმე აი რაშია. იმ ხუთ სოფელში, რომელნიც საგურამოს შეადგენენ, სულ სახელმწიფო გლეხნი დგანან და იქა ჰხვნენ და სთესენ, საცა მამულის პატრონს მოურიგდებიან. ამ სოფლებში დიდის ხნიდან დადებულია, რომ, ვინც ვის მამულს მოხნავს, მამულის პატრონს მეოთხედი უნდა აძლიოს და თავისის ურმით მემამულეს კალოზე მიუტანოს. ამ მეოთხედის დათვლა-მიტანა, ათეულების ადგილობრივი შეფარდება და სხვა ამისთანა, მრავალმიზეზიანი საქმეა და ხშირად ამ სარბიელზე ჩხუბი და დავიდარაბა მოსდით მოურავს და გლეხს ერთმანეთში. ნუ დავივიწყებთ იმ გარემოებას, რომ ერთსა და იმავე მიწაში, ნამეტნავად თუ ცოტაოდნად მოზრდილია, შესაძლოა თავიდამ ბოლომდე ერთნაირი ძნა არ იყოს, ხშირად თავში კარგი, პურიანი ძნაა და სხვილი, შუა წელში, ან ბოლოში, აოდვილია, მომცდარია, პურნაკლებია, და ამის გამო ათეულები ხშირად ერთისა და იმავე ფარდისანი არ არიან ერთსა და იმავე მიწაში. საკმაოა მარტო ეს გარემოება დავიყენოთ თვალწინ და მასთან ერთად ისიც, რომ ძნებს ცალცალკე დადგმულ ათეულებით იყოფენ ერთმანეთთან შეფარდებით, საკმაოა-მეთქი ეს წარმოიდგინოთ, რომ ვიხვდეთ - რამდენი ხიფათი მოსდევს ამ მეოთხედობას, თუ მოურავი ან გლეხკაცი ერთმანეთს გადაეკიდებიან და ერთმანეთის ჯავრის ამოყრას მოიწადინებენ. კიდევ ვიტყვი, რომ როგორც მოურავი, ისეც გლეხკაცი ყველა უმანკო მტრედი არ არის. ამიტომაც, თუ საქმე მიზეზიანია, ეშმაკობა და მოტყუება ორსავ მხრივ ადვილად მოსალოდნელია. ერთის მხრივ ამისთანა ამბების ასაცილებლად, რაოდენადაც შესაძლოა, მეორეს მხრით იმისათვის, რომ კაცმა იცოდეს, მოურავი ვის ყანიდან რას ჰგზავნის, ვის რამდენს ართმევს, ერთის სიტყვით, იმისათვის, რომ კაცმა იცოდეს, ვისგან რა შემოსდის, და 11 მოურავსაც საბუთიანი ანგარიში ჩამოართვას, მე დავაწესე, რომ მოურავმა თვითოეულ გლეხს იქავ, საცა მეოთხედს მიითვლის, ბარათი აძლიოს, ვისგან რა ერგო, და თითონაც დავთარში ჩაიწეროს, იქავ თავის თვალწინ ურემზე დაადებინოს, რომ ძნები არ შესცვალონ და ისე გამოისტუმროს. გლეხკაცი რომ კალოზე მეოთხედს მოიტანს, ძნის მიმღებს ხსენებული ბარათი უნდა ჩააბაროს და ამ ბარათით მიუთვალოს. მერე ეს ბარათები და მოურავის დავთარი ერთმანეთთან შემოწმებით უსწორებენ სიას მამულის პატრონს, რომელსაც ამით ღონისძიება ეძლევა თავისის შემოსავლის ანგარიში იქონიოს და მისი ავი და კარგი იცოდეს. ეს წესი დიდი ხანია გამოცხადებული აქვს ყველა იმ გლეხს, რომელსაც ჩემთან ხვნა-თესვის საქმე დაუჭერია. დიდმა ნაწილმა გლეხკაცობამ ეს ნებაყოფლობითი წესი მომიწონა, - მტყუანი და მართალი ამით გაირჩევაო, და მიიღო კიდეც. ხოლო ამ წესის დადგენა განა შესაძლოა ჩვენში ისე მომხდარიყო იმ ცოტად თუ ბევრად მრავალრიცხოვან გლეხთა შორის, რომელნიც სახნავ-სათესად ჩვენს მამულს ეტანებიან, რომ შიგა-და-შიგ თითო-ოროლა კაცი არ გამორეულიყო და წესი არ დაერღვია, თუ ბოროტის განზრახვით არა, მოუთმენლობით მაინც, რომ არ დაუგვიანდეს და საქმე წინ წაიგდოს. ბევრი ვეცადე - ეს უბრალო და უმანკო წესი არავისთვის დამერღვევინებინა, მაგრამ ვერარას გავხდი: წელიწადი ისე არ გაივლიდა, რომ შიგადაშიგ ხან ერთს გლეხს არ შეეშალა, ხან მეორეს. აქ ყურის მოყრუება წესის სრულიად დაფუშვას მოასწავებდა. ბოლოს, სხვა გზა რომ არ იყო, დავემუქარე, - ვინც ჩემს მამულში სახნავ-სათესად შემოხვალთ და მეოთხედს უბარათოდ მომიტანთ, დადებულ ურემს უკან გავაბრუნებ-მეთქი. ხსენებულ წესის დადგენის აქეთ სულ ორი შემთხვევა იყო, როცა იძულებულ ვიყავ მე ჩემი მექმნა და ეს მუქარა ცალიერ სიტყვად არ დარჩენილიყო. ერთი ამ ხუთისა თუ ექვსის წლის წინათ მოხდა, რომ უბარათოდ მოტანილი მეოთხედი უკანვე დავუბრუნე, არ მახსოვს, წიწამურელს, თუ გურამიანთკარელს გლეხკაცს, და მას აქეთ მთელმა ხუთმა, თუ ექვსმა წელიწადმა ისე ჩაიარა, რომ არავის დაურღვევია. ხოლო შარშან, თუ შარშანწინ, ერთს გლეხს უბარათოდ მოეტანა ძნა. აშკარაა, ან ხელახლად ჩემი მუქარა უნდა ამესრულებინა, რომ წესი წესად დარჩენილიყო, ან წესზე ხელი ამეღო, რადგანაც მაგალითი ამისთანა შემთხვევაში მოარულ ჭირზე უფრო ადვილად გადამდებია. რა თქმა უნდა, პირველი ღონისძიება ვირჩიე: გლეხს მუქარა ავუსრულე, უკანვე დავუბრუნე, - მინამ ბარათს არ მომიტან, ძნას არ მივიღებ-მეთქი. შესაძლოა, ამ წესის დამყარება იმად არა ღირდეს, რომ კაცმა კაცს ძნით დადებული ურემი უკან დაუბრუნოს, შესაძლოა ეს ამისთანა წესი ყოვლად გამოუსადეგარი, ყოვლად უაზროც იყოს, იქნება წესის ერთობ ჩამოგდება ქართველისათვის საჭიროც არ იყოს, რადგანაც ჩვენში ყველას, თავადია თუ გლეხი, ბერია თუ ერი, თვლა და ანგარიში ჭირივით ეჯავრება და ყელში ძვალსავით დაადგება ხოლმე, ნამეტნავად საცა და როცა არ უჯობს; ყოველივე ეს შესაძლოა და კისრადაც მიდვია, მაგრამ ნუთუ ეს ამბავი, თუნდაც გლეხის მიერ ნაამბობი, ისეთი რამ არის, რომ კაცმა კაცი გასაბიაბრუებლად გამოიმეტოს? 12 რაკი საქმე იმაზე მიმდგარა, რომ ავტორს სდომებია ამისთანა ამბებით ფონს გასვლა, სჩანს საფანელი ძალიან დაჰკლებია და მე ასეთი ავი კაცი არა ვყოფილვარ, როგორც ჰსურვებია გამოვეყვანე, თორემ, მე იმის კეთილის გულის ამბავი რომ ვიცი, აბა რას დამზოგავდა. ღმერთმა ჰქნას, თვითოეული ჩვენგანი და ჩვენთან ერთად თვით იმისთანა წმინდა წყლის კაცი, როგორიც კორესპონდენტია, ამისებრ დანაშაულის მეტს სხვას არას ჰგრძნობდეს წინაშე ადამიანისა საერთოდ და გლეხკაცისა საკუთრივ. ალბად თითონ ავტორსაც უგრძვნია, რომ აქ ხელჩასაკიდებელი მაგდენი არა არის-რა, - რომ ჩემს ამისთანა საქციელს რაც შეიძლება მეტის ავზნეობის ფერი მოსცხოს, აუღია და მოუჭორებია, ვითომ გლეხი მელანძღოს უშვერის სიტყვით. ჩემს ხანგრძლივ სიცოცხლეში, ამიერ-იმერეთის ქართველთ გარდა, ბევრ სხვადასხვა მილეთის ხალხთან მქონია საქმე, ბევრი სომეხი, რუსი, თათარი, მებაღეებად, მწყემსებად, მოსამსახურეებად მყოლია. ზოგი ამათგანი ათი-ოცი წელიწადია რაც ჩემთან არის და აბა ერთი ვინმე წამომიყენეთ, რომ ჩემის პირისაგან ამოსული ლანძღვა-გინება ოდესმე გაეგონოთ და ისიც უშვერის სიტყვით, თუმცა იქნება ბევრჯელ გავჯავრებივარ და დამიტუქსავს კიდეც. დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლებელია, რომ ერთი უნამუსო კაცი ვინმე იშოვოს ჩვენმა ნამუსიანმა კორესპონდენტმა და ჩემდა გასამტყუვნებლად პირში წამომიყენოს, მაგრამ ტყუილი მოწმე განა ისე ადვილად გაასაღებს თავის ნათქვამს, რომ გზა და კვალი ვეღარ ვუპოვოთ? მართალია, ლანძღვა-გინებაც ხელშეხებაა ადამიანის ღირსებისა, მაგრამ არა იმ ზომისა, რომ საქმიანმა პრესამ ამის გამო ბუკი და ნაღარა დაჰკრას. ლანძღვა-გინება უმართებულო საქციელია და მარტო მლანძღველის სიბრიყვეს მოასწავებს, ხოლო სიბრიყვე ავზნეობის ნიშანი კი არ არის, გაუზრდელობის, გაუწურთვნელობის საქმეა. იმდენი დღეგრძელობა თქვენა გქონდეთ, რამდენი ქვეყანაზე ბრიყვი და უზრდელი კაცი იყოს და ამასთან ყოვლად კარგი და პატიოსანი. ალბად ესეც კარგად სცოდნია ჩვენს ბედნიერს ავტორს და, რომ უფრო გააძლიეროს ჩემი დანაშაული, მკითხველს უფრო მეტად აუმღვრიოს ჩემზე გული, გვარწმუნებს, ვითომც გლეხკაცს ჩემის საქციელის მიზეზით ძნა გაოხრებოდეს. აქ თუ თითონ ავტორი არ ავალაპარაკეთ, სულელობას ნალაპარაკევისას არავინ დაიჯერებს. გლეხს ვითომც ავტორისათვის უთქვამს: „ძნა ისევ იქ ჩავიტანე (ესე იგი „სანადელო“ მიწაში), დავცალე ურემი და ველოდე ერთი დღე, მეორე დღე, მესამე, მაგრამ სად არის მოურავი. იქ ველოდე (?), მინამ საქონელმა ძნა არ დაშალა და არ გააოხრაო“. ის დალოცვილი გლეხი, რაკი იქ ელოდა, რადღა დააშლევინა და გააოხრებინა ძნა საქონელსა? თუ ჩემი მეოთხედი არ ენანებოდა, თავისს სამს მეოთხედს მაინც უპატრონებდა, რაკი იქ ყოფილა, ძნასთან. ეს ლოდინი, მინამ საქონელი ძნას გაუოხრებდა, რა სიტყვის მასალაა? იქ 13 ელოდა და სეირს უყურებდა, საქონელი როგორ უოხრებდა ძნას, რადგანაც მარტო მაშინ გაუთავებია ლოდინი, როცა საქონელს ძნა გაუოხრებია. აბა რა დასაჯერია ასეთი სულელური ამბავი! ვთქვათ, გლეხი გაბრიყვდა და ეს უამბო ავტორს, ან ამ ვაჟბატონმა, ან „მოგზაურმა“ ეს ცხადზე უცხადესი სულელობა როგორ დაიჯერეს და თავიანთ პირით მოჰფინეს მთელს საქართველოს. აი უჭკუო ტყუილს რა მოკლე ფეხები აქვს, აი საბოროტოდ აშლილს საღერღელს, დაჟინებულს და თავდაუჭერელ სურვილს ადამიანთა გაბიაბრუებისას სადამდე შესძლებია თვალის აბმა, ჭკუა-გონების დახშობა! თუნდ ეგეც არ იყოს, განა არის საქართველოში სოფელი, რომ ან მამულის პატრონს, ან თითონ სოფელს არა ჰყავდეს მეველე, რომელიც, თუ მინდორში წანახედია სადმე, ვალდებულია ან თითონ უზღოს წანახედი პატრონს, ან უტყუარი გეში მისცეს იმისი - თუ ვისს საქონელს წაუხდენია, და მერე ორ კაცს უნდა გადააწყვეტინოს საზღაური. თუ ის ძნის გაოხრება მართალია და აქ განზრახ ჩაკერებული არ არის, განა ძნის პატრონი შეარჩენდა ვისმე საზღაურს და არ შეატყობინებდა ან მეველეს, ან მამულის პატრონს, რომ წანახედი ასე თუ ისე დაებრუნებია. ვთქვათ, გლეხკაცმა სულგრძელობა და კაცთმოყვარეობა გამოიჩინა და სზღაური აპატია დამნაშავეს, ხარბი და გულქვა მამულის პატრონი ხომ თავისას არ შეარჩენდა და, მაშასადამე, ხსენებულ გლეხის ძნის გაოხრება შარშანდელ მეველეს შეტყობილი ექნება. აბა ეს მითამდა გლეხკაცის გულშემატკივარნი ვაჟბატონი წავიდეს და მეველეს გამოჰკითხოს, მართლა გაუოხრა საქონელმა ძნა არამცთუ იმ გლეხსა, რომელსაც ვითომ ეს ამბავი უამბნია, არამედ სხვას ვისმე ახალ-სოფელში. მეორე ბრალი, რომელსაც გლეხისათვის ვითომდა გულდამწვარი კორესპონდენტი მე მწამებს, ის არის, ვითომც მე ერთ სხვა მემამულესთან ერთად მთავრობას ჯარი ვთხოვე „ბუნტის ჩასაქრობად“. ესეც მტკნარი ტყუილია ლილახანაწამხდარ ავტორისა, რომ მეტი არა ვთქვა-რა. აი აქაც რა თაღლითობაა ავტორის მხრით და რა მოურიდებელი ტყუილია. პირველ ხანებში, როცა გლეხთა მოძრაობამ საგურამომდინაც მოახწია, მე ავად ვიყავ და ტფილისიდამ ფეხი ვერ გავდგი. ზედიზედ ჩემი მოურავისაგან წერილი მომდიოდა[1], მოჯამაგირეები, მწყემსები, პურისმცხობელი და სხვანი სულ გაგვიფანტესო და გაგვირეკესო, ამოდენა ცხვარი, საქონელი, ცხენი და ღორი[2], ამოდენა სახლ-კარი, პური, ღვინო უპატრონოდ დაგვრჩაო, ტყეს შეესივნენ და სოფლეურად სჩეხენო. ჯერ არ დავიჯერე. სწორედ მოგახსენოთ, არ მეგონა, რომ საგურამოს გლეხკაცობა ასე გამომიმეტებდა, მაგრამ რა გაეწყობა? რაკი ნიაღვარი მოსკდება და მოვარდება, მართალი და მტყუანი თან მიაქვს. ყური მოვუყრუე მოწერილ ამბებს და ოთხ თუ ხუთიოდ დღეს გავუჩუმდი. მით უფრო, რომ სოფლის სასახლეში ერთი ნასწავლი მეფუტკრე რუსი მყავს, რუსეთში სოფლის სკოლის მასწავლებლად ყოფილი და იმისგან არა ვიცოდი-რა. ბოლოს ამისი ბარათიც მომივიდა. მწერდა: სასახლეში მარტო მე, მოურავი და მისი ცოლიღა 14 დავრჩით. ეს ამოდენა საქონელი გომებში დამწყვდეულია უსმელ-უჭმელი უპატრონობისა და უკაცურობის გამო, გულამღვრეულ გლეხკაცობის შიშით კარში ვეღარ გამოვსულვართო. თუ ასე იქნებაო და მალე არ მოგვეშველებით, მეტი გზა არ არის, აქაურობას თავი უნდა დავანებო და ამოდენა ფუტკარი (ას ორმოცამდე სკაა) ღმრთის ანაბარად დავტოვოო. მოურავიც წასვლას აპირობსო. მაშინ-კი ტფილისიდამ კაცი გავგზავნე და მივწერე მოურავსაც და მეფუტკრესაც, ნუ შიშობთ, გლეხკაცნი ასე არ გასულელდებიან, რომ კაცს დაუშავონ რამ, ავკაცობა რამ შეამთხვიონ. ერთი-ორიოდ დღე როგორმე უპატრონეთ მანდაურობას და მე ვეცდები მოჯამაგირეები აქ, ტფილისში, გიშოვოთ და მოგაშველოთ-მეთქი. ვიშოვე და გავუგზავნე კიდეც, მაგრამ გლეხკაცებს ესენიც დაეშინებინათ და გამოერეკნათ. აქეთ მოვდეგ, იქით მივდეგ და კაცი ვეღარ ვიშოვე მოჯამაგირედ გლეხკაცობის და ამ არეულობის შიშით. რა უნდა მექნა? ნუთუ ამოდენა ქონება და საქონელი უნდა დამეღუპნა, ან გლეხებს ამით რა შეემატებოდათ? ბოლოს, რომ ვეღარას გავხდი, მაზრის უფროსს დეპეშით ვთხოვე, შველა რამ გაგვიწიეთ-მეთქი. ღმერთმა უშველოს, მაშინვე სამი „სტრაჟნიკი“ გამოეგზავნა, — სასახლეს და კარ-მიდამოს უპატრონეთო. „სტრაჟნიკები“, რა თქმა უნდა, მე ჩემთან დავაყენე, მე ვასმევდი, მე ვაჭმევდი, ცხენებს მე ვუნახავდი და ერთი იმათგანი სოფელს არც-კი მიჰკარებია, არც ერთს მათგანს გლეხკაცის წკირისათვისაც ხელი არ უხლია. როცა მოჯამაგირენი ვიშოვე, „სტრაჟნიკები“ მაშინვე დავითხოვე. ნუთუ ჩვენმა გალაღებულმა მხილებელმა ეს ამბავი ჩაიწვეთა ყურში და ბუზს აქლემი აშობინა თავის ახირებულ სურვილისამებრ იმ სახით, — ვითომც მე ჯარი მეთხოვოს და გურამიანთკარს ჩამეყენებინოს. პირდაპირ ვამბობ: არც მითხოვნია და არც მოვითხოვ, თუ ჩვენის ავტორის და „მოგზაურის“ წყალობით ზედმოსევა ჩემზე გლეხისა არ მოხერხდა და ან ერთმა, ან მეორემ საქმე ისე არ გამიხადეს, რომ მათ მიერ მოსეულს და ასისინებულს გლეხკაცობას მტრულად დავხვდე, რაკი, ჩემდა სამწუხაროდ, ჩემდა საუბედუროდ, სხვა გზა არ იქნება თავის გადარჩენისა. ეს უფლება თავის გადარჩენისა ბუნებამ ყოველ თვითოეულ ცალკე ჭია-ღუასაც-კი მიანიჭა, და ნუთუ მარტო ჩემთვის ღმერთმა არ გამოიმეტა, რომ მით ასიამოვნოს ჯერ პირველ „მოგზაურს“ და მერე მის მიერ ხელაპყრობით მიღებულს ავტორს. შესაძლოა, საწადელმა თავბრუდასხმულ ადამიანისამ ამ ჭკუათამყოფელობამდე მიახწიოს, რომ მე ეს უფლება ჩამომართოს. მე-კი მაინც პირდაპირ ვიტყვი, მე ჯარი არც მითხოვია და არც მოვითხოვ. ამას იმიტომ-კი არ ვამბობ, რომ ჯარის მოწვევა ძალმომრეობის და ერთმანეთზე მისევის დასაწყნარებლად, რაკი სხვა გზა არ არის, სამარცხვინოდ რადმე მიმაჩნდეს; პირიქით, ბევრი იმსთანა ჭეშმარიტის გულით მოყვარეა გლეხისა, რომელსაც ჯარის მოწვევა ერთადერთ ღონისძიებად მიაჩნია, რომ გლეხკაცმა ჯარის შიშით ძალმომრეობა, ძარცვა-გლეჯა, ცეცხლწაკიდება და სხვა ამისთანა არა ჩაიდინოს-რა, რადგანაც მოვა დრო და ყველა ეს საზღაურად გაუხდება უამისოდაც მიწასთან გასწორებულს და წყალწაღებულ გლეხკაცობას. 15 იმას აღარ ვიტყვით, რომ ამისთანა ცუდკაცობა და ავკაცობა ყოველს სასურველს მოძრაობას სახელს უტეხს და ამიტომაც ზოგს კაცს ორ წყალ შუა აჩერებსო. იქნება ესეც იყოს, მაგრამ მე ამ მოძღვრების თანაზიარი არა ვარ, რადგანაც ჯარის შიშით შესაძლოა ბევრ ავთან ბევრი კარგიც შეფერხდეს, ბევრი კარგი თან გადაჰყვეს. თუნდ ეგეც არ იყოს, თუ მარტო კაცთმოყვარეობა და სულგრძელება არა, პირდაპირი ანგარში თხოულობს, რომ კაცმა ჯარი არ მიიწვიოს აწ გულზემოსულ გლეხკაცობის დასაწყნარებლად, რადგანაც ხვალე, ასე იქნება თუ ისე, ამ გლეხობასთან მოგვიხდება სულიერი და ხორციელი ცხოვრება. განა ეს მოსალოდნელია, განა ეს შესაძლებელია ჯარისაგან დაწიოკებულ დაკლებულ გლეხკაცობის მხრით? კაცს ადამიანის ბუნებისა არაფერი არ უნდა გაეგებოდეს, რომ აქ ჰო სთქვას. დავანებოთ ამასაც თავი და ეხლა სხვა მხრივ გავუსინჯოთ კბილი ამ ჩვენის მაბეზღარის ბეზღობას. ვსთქვათ, კორესპონდენტის სიტყვისამებრ, მთავრობამ ჯარი გაგზავნა საგურამოში, სხვათა შორის ჩემის თხოვნითაც. რაკი ეს ჩემი თხოვნაც საბუთად დასდებია ჯარის გაგზავნას, ამ თხოვნას ხომ კვალი რამ უნდა დარჩენოდა ან მაზრის უფროსის, ან გუბერნატორის, ან მთავარმართებლის კანცელარიაში. ამისთანა არა-სახუმარად პასუხის საგებელი მძიმე საქმე, როგორც ერთობ ჯარის გაგზავნა და ჩაყენება სოფელში, განა შესაძლებელია ისე, რომ მიწერ-მოწერა არ გაემართათ და შიგ თხოვნა სხვისასთან ერთად ჩემიც არ დაესახელებინათ, ვითარცა მიზეზი? კორესპონდენტმა რომ თავისზე მეტი სუნის ამღები მეძებრები არბეინოს საძებნელად, საგურამოს ჯარის ჩაყენების საქმეში ვერსად ვერ იპოვის ჩემის სახელის ხსენებასაც, რადგანაც ჯარი არავისათვის მითხოვნია არც სიტყვით, არც წერილით. თუ გაჭირდა, ამის ოფიციალურ მოწმობასაც წარმოვადგენ. ვთქვათ კიდეც, რომ იმდენი შევიძელი და ჯარი გავაგზავნინე. სამ-ოთხ დღეს შემდეგ ხომ ჯარი უკანვე წამოვიდა, თუმცა ხალხი დღეს-აქამომდინაც არ დაწყნარებულა და პირვანდელს ყოფაშია თითქმის. თუ ჯარის მიწვევა შევიძელ, ნუთუ იმას კი ვერ შევიძლებდი, რომ ჯარი იქავ დარჩენილიყო, მინამ გლეხკაცობა არ დაწყნარდებოდა, და ეგრე მალე უკან არ წამოსულიყო. მაშ რად უნებებია ამ ჩვენს გახუნებულს ავტორს ამისთანა ტყუილის ხელდახელ გამოცხობა? მად, რომ კაცია და გუნებაო. ღმერთმა ესეთი კაცობა და ესეთი გუნება, თუ ბუნება, მშვიდობაში მოახმაროს ავტორს იმ ერთგვარ ჯგუფის სადღეგრძელოდ, რომელიც არავითარ საზიზღარ ცილისწამებას არ ჰთაკილობს, ოღონდ-კი ჭუჭყი რამ მოსცხოს მისს არამასიამოვნებელს და არათანამოაზრეს. მესამე ბრალი, სხვებზე არა ნაკლებ ტყუილი, ის არის, რომ „არც დიდებული ილია ჭავჭავაძე“ თურმე და არც სტაროსელსკი გლეხებს ნებას არ აძლევს ზეზე სადგომის აგებასაო. ამას კი ჩვენი პატიოსანი კორესპონდენტი თავისით ამბობს და არა სხვისა სიტყვით. სტაროსელსკისა 16 არ ვიცი, და „დიდებული ილია ჭავჭავაძე“ კი არა-დიდებულს და ძალიან დანამცეცებულს ავტორს მოახსენებს, რომ საგურამოში გლეხთა საბინადრო ადგილები ერთი მტკაველიც არ ეკუთვნის არც ილია ჭავჭავაძეს, არც მის მეუღლეს და სულ სააპეკუნოშია და, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მთლად სხვისი მამულია. მაშასადამე, სხვის მამულში რა ხელი მაქვს ან დავუშალო ვისმე, ან ნება ვაძლიო, ან მიწურის გათხრისა, ან ზეზეურად სახლის აგებისა, ძალიან გულითაც რომ მინდოდეს. ან აბა რა ხელსაყრელია, რა სახეიროა ვისთვისმე, - გლეხკაცს, რომელსაც თავის საბინადრო ადგილში მიწურის გათხრის ნება აქვს, ზეზეურად სახლის დადგმას უშლიდეს ვინმე. აბა ეს ასეთი დაშლა რა ჭკუაში მოსასვლელია? იმ ჭკუაში, ბატონებო, რომელიც ღმერთს სხვებისთვის დაურიგებია და ზოგიერთისთვის კი არ გაუმეტნია, — მეტი ბარგი იქნება და ვერ ატარებსო. ამ-სახით, ეს ზეზეურად სახლის დადგმის ამბავიც ჩვენ გახუნებულ ავტორის მიერ შეხანხლული ჭორია და მისდა სასახელოდ ისიც უნდა დავუმატოთ, რომ გლეხის ნაამბობი კი არ არის, მის მიერ საკუთრივ მოგონილი და შეთხზულია და ამიტომაც არის ასეთი კარგი და ლაზათიანი. რომ ეს მართლა ჭორია და არავითარი საბუთი არ მიუძღვის, ვთხოვ ავტორს წაბრძანდეს და თავის თვალით ინახულოს თუნდ ტფილისიდან პირველი სოფელი წიწამური[1], რომელიც სააპეკუნო ადგილშია და ითვლება ხუთ საგურამოს სოფელთა შორის და დიდს შარაგზაზეა, წაბრძანდეს-მეთქი, თუმცა უამისოდაც აქამდე ათასჯერ აუვლია, და ინახულოს, რამდენი სახლია ზეზეურად წამოჭიმული ბექობზე, ზოგი კარგა ხნის ნაგები და ზოგი დღესაც არდამთავრებული. თუნდ ეგეც არ იყოს, საბძლები, სასიმინდეები და სხვა ამისთანა სამამულო შენობანი ხომ ყველგან ზეზეურადა დგას და, თუ ამათს ზეზეურობას წინ არავინ უდგა, სახლების ზეზეურად დგმას რაღა ჭკუაა წინააღუდგეს. განა აშკარა არ არის, სადაც სცემს ავტორი, როცა ამისთანა ჭორს იგონებს; აშკარაა, ავტორს სდომებია ამ ჭორით ქვეყანა დაერწმუნებია, რომ, აი „დიდებული ილია ჭავჭავაძე“ რა ღმრთის რისხვა კაცი ყოფილა, — გლეხს უნდა მიწურიდამ ამოძვრეს, მზე დაინახოს, საღი ჰაერი ჰყლაპოს და ჭავჭავაძე კი არ უშვებს და ამ სახით გლეხკაცს მიწურში აღშთობს. მეტი შხამიღა შეიძლება გულში ატაროს კაცმა კი არა, თუნდ ასპიდმა გველმა, რომ კაცს არც სადმე გლეხი ჰყვანდეს, ერთი მტკაველი საბინადრო მიწა არ ებადოს, ერთი რამ სადმე მიწური გლეხისა არ გააჩნდეს და მაინც ამისთანა გესლი კბილი-კი გამოჰკრას, ამისთანა უღმერთობა დასწამოს! აკი მოგახსენეთ, დანახვით-კი მხედვენ და საიდამ და როგორ მომწვდნენ, ის კი არ შესძლებიათ. ამაზეა ნათქვამი: თხამ სანეკრე დაინახა და სახტომი კი არ გაუსინჯაო. 17 დაგვრჩა ეხლა მეოთხე და უკანასკნელი ბრალი, ყველაზე მეტად შემაძრწუნებელი და საშინელი, რადგანაც თითქმის კაცისკვლამდეა გაჭიმული. რა ზნეობურ ავლადიდების პატრონია ჩემი პატიოსანი მხილებელი, ისე აშკარად არსადა სჩანს, როგორც ამ მეოთხე ბრალის დაწამებაში, საცა მე და ჩემს მოურავს თუ კაცისმკვლელად არა, კაცის სიკვდილის მიზეზად მაინც გვხდის. აქ ამოდენა საზიზღარს ბრალსა გვდებს ორ კაცსა და ერთს სიტყვასაც, დიახ, ერთს სიტყვასაც მართალს არ ამბობს, თორემ ხომ ვნახავთ, თუ მკითხველი იმოდენა პატივს დამდებს, მოთმინება იქონიოს და ბოლომდე ჯერ თვით ავტორს მოუსმინოს მის მიერ მოთხრობილი ამბავი და მასთან ერთად ჩემი საბუთებიც განიკითხოს. „ამ ზამთარსაო, - უთქვამს ვითომც ავტორისათვის ერთს გურამიანთკარელს გლეხს - დიდი ყინვებისაგან სოფლის სასმელი წყალი გაიყინაო ისე, რომ მთლად უწყლოდ დავრჩითო“. ეს მთლად თავიდამ ბოლომდე ტყუილია. ამის დასამტკიცებლად საკმარისია მარტო იგი ადვილად და უტყუარად შესამოწმებელი გარემოება მოვიხსენიოთ, რომლის კვალიც თავისდღეში არ წაიშლება, თუნდაც მთელი სიბრძნე „მოგზაურისა“ და სიცრუე ავტორისა ზედ დააბღერტოთ. საქმე ის არის, რომ სოფელ გურამიანთკარს, მისდა საბედნიეროდ და ავტორის საუბედუროდ, შიგ სოფელში ეგრეთწოდებული თეზამის წყალი ჩამოუდის. ამას გარდა, შიგ სოფელშივე არის წყარო, რომელიც ამ ოცის წლის წინათ გამოიყვანეს სტაროსელსკიანთ მილებით, როგორც თავიანთთვის, ისე სოფლისათვის. ეს წყარო კარგა მოზრდილია, ასე რომ კოდიც-კი უდგა საქონლის წყლის სასმელად. თეზამის წყალი ხევის წყალია და გაშლილ მინდორზე მოდის შორიდან. რა თქმა უნდა, ბევრჯელ ზამთრობით იყინება. ხოლო გურამიანთკარის წყარო-კი თავის-დღეში, რაც გინდ ძლიერი ზამთარი იყოს, არადროს არც გაყინულა და არც გაიყინება, როგორც მოგეხსენებათ ბუნება წყაროს წყლისა. ვთხოვ ბატონ რედაქტორს „მოგზაურისას“ და მის მიერ განებიერებულს ავტორს მიბრძანდნენ და იქავ, ადგილობრივ შეამოწმონ ჩემი ნათქვამი. აქ მოწმედ მომყავს იმისთანა უტყუარი, იმისთანა დაუქრთამავი მოწმე, როგორც ბუნებაა და თვალად დასანახავი გარემოება. გზა რომ არ შეეშალოთ, წინათვე ვანიშნებ, რომ თეზამის წყალი და წყარო იქავ გურამიანთკარშია, ხიდქვეშ გამოდიან, სტაროსელსკის სახლის წინ. ამ სახლსა და ამ წყლებ შუა სულ ორი საჟენი შარაგზაა სოფლისა. აშკარაა, ნაამბობი ვითომდა გლეხისა - „ამ ზამთარს წყლები გაგვეყინა, ასე რომ უწყლოდ დავრჩითო“, ან კუდიანი ტყუილია გლეხისა, ან ზღაპარია თვით ავტორისაგან ხელდახელ შეხანხლული იმის ძალით, რომ რაც მელას აგონდება, ის ეზმანებაო. ესეთი ცხადზე უცხადესი ტყუილი ერთადერთი სათავეა, საიდამაც ჩვენს სახელოვანს ავტორს წარმოუდგენია იგი შემაძრწუნებელი ტრაგედია, რომელსაც კაცისკვლით ათავებს და ამ კაცისკვლის მიზეზად მე და ჩემს მოურავსა გვხდის. 18 რაკი ეს ერთადერთი სათავე მიწით ამოევსო და ჩაეფუშა, რაკი ძირიან-ფესვიანად გამოენგრა ეს ერთადერთი საძირკველი, რომელზედაც ასე უშიშრად აუგია ჩვენს მაბეზღარს მთელი შენობა თავისის სიბრძნე-სიცრუისა, სხვა დანარჩენი ნაშენი ფეხზე როგორღა იდგომილებს და როგორ არ დაემხობა პირქვე თავის-თავად. ამიტომაც მე მარტო ამ ერთად-ერთის საძირკვლის დარღვევა უნდა მეკმარა და აქ დამესვა წერტილი. მაგრამ რა ვქნა, რომ თითონ ავტორი არ მეშვება და ჩემდა დასაბეზღად ტყუილზე ტყუილს აწებოებს. ხომ ათქმევინა გლეხს ის აშკარა ტყუილი, ვითომც ამ ზამთარს გურამიანთკარელებს წყლები გაჰყინვიათ, ასე რომ მთლად უწყალოდ დარჩენილან. ეს ტყუილი თავისთავად არაფერს ნიშნავს, კაცი იტყვის: ილია ჭავჭავაძის რა ბრალია, რომ გურამიანთკარში ზამთრობით წყლები იყინებაო. მოუთმინეთ, ბატონებო, ავტორს, - ის მოგახსენებთ, აქ ძაღლის კუდი სადა მარხია. აი, იგი რას მოგვითხრობს, ვითომდა გურამიანთკარელს უამბნია: „სოფელ ზევით სამ ვერსტზე ტყეში მიუვალ ღელეში ჭავჭავაძის მამულში გამოდის პატარა წყარო, რომელიც ზამთრობით არ იყინებაო“. ესეც ისეთივე მტკნარი ტყუილი, ან მოლანდებული ზმანებაა თვით ავტორისა. თუ ჩვენი ცრუპენტელა მაბეზღარი მოწყალებას მიიღებს და გურამიანთკარის ზემოთ ამ სოფლიდამ სამის ვერსტის მანძილზე ჩემს ტყეში „მიუვალ ღელეში“ ისეთს პატარა წყაროს მიპოვის, რომ ან კოკა მიდგმით აივსებოდეს, ან როგორმე, და იქავ, საცა გამოჟონავს, ახლო მანძილზე სიპატარაობით არ იკარგებოდეს, დიდი მადლობელი ვიქნები და ვშიშობ არ ითაკილოს, თორემ სამახარობლოსაც მივართმევდი. აქაც მოწმედ მოვიყვან თითონ ბუნებას და თვალთა სანახავს გარემოებას, რომელნიც ყოველთვის და ყოველჟამს უტყუარნი არიან. სხვა არა იყოს რა, მე თითონ სხვისი მამულიდამ ჩემს ეზოში მილებით გამოყვანილ წყაროს წყალს ვხმარობ. იმას კი აღარ ვამბობ, რომ გურამიანთკარს ზემოთ ტყე სტაროსელსკისაა და არა ჩვენი: ჩვენს ტყესა და გურამიანთკარის შუა სტაროსელსკის ტყე, მინდორი და ვენახებია კარგა მანძილზე. მგონი ცხადია, რომ გურამიანთკარელნი ამ ზამთარს და არც როდისმე უწყლოდ არ დარჩომილან, ჩემს ტყეში მიუვალ ღელეში არავითარი წყარო არ მოიპოვება, არაც-თუ სასმელად საკმაო იყოს, არამედ სახსენებლად ღირდეს… ამისდა მიუხედავად გაჯიუტებული ავტორი აი როგორ მოგვითხრობს ვითომდა გურამიანთკარელ გლეხის ნაამბობს: „დავიწყეთ ამ წყაროთი სარგებლობაო. დაგვისია თავადმა მოურავები[2], ბიჭები, და აგვიკრძალა წყლით სარგებლობაო და თანაც გვითხრეს: ვისაც წყალი უნდა, იმან სულ თითო საქონელზე ათი შაური უნდა გვაძლიოს თვეშიო და სასმელ წყალს მუქთად დაგითმობთო. იძულებული ვიყავით დავთანხმებულიყავით და მთელი ზამთარი ვაძლიეთ ეს ხარკიო“. ამ სახით, ავტორი გვარწმუნებს, რომ გურამიანთკარელებს დაუწყიათ სარგებლობა იმ წყაროთი, რომელიც არ არსებობს და მარტო ავტორის ჭკუიდამ მოჩუხჩუხებს. თუნდაც ასე არ იყოს, რა დასაჯერებელია, — კაცმა მიუვალ ღელეში, სოფლიდამ სამს ვერსტზე „ზამთრის 19 ყინვასა და სუსხში დაიწყოს სარგებლობა პატარა წყაროთი“ მაშინ, როდესაც ცხვირწინ შიგ სოფელში აქვს კარგა მოზრდილი წყარო, რომელიც არც გაყინულა და არც იყინება. საქონლის სასმელ წყალში თვეში ათი შაური უნდა გვაძლიოთო, უთქვამს გურამიანთკარელებისათვის ჩემს მოურავს და ისინიც დათანხმებულან, რადგან წყლების გაყინვის გამო მეტი გზა არა ჰქონიათ, თუ სოფელ ზევით სამს ვერსტზე ჩემს ტყეში მიუვალ ღელეში პატარა წყაროთი არ დაეწყოთ სარგებლობა. ჯერ ერთი ეს ვიკითხოთ: თუ იგი პატარა წყარო მიუვალ ღელეშია, საქონელი როგორღა უნდა მისულიყო წყლის სასმელად, და მეორე, - თუ წყარო პატარაა, როგორც ავტორი გვარწმუნებს, ნახირი რამდენი ხანი უნდა გაჩერდეს, ისიც მიუვალ ღელეში, ყინვა-სუსხის დროს, რომ წყურვილი მოიკლას? ერთი დაწაფება ხარისა თუ კამეჩისა და პატარა წყაროს ამოწრუტვნა ხომ ერთი იქნება ამ შემთხვევაში. ან რა საჭიროა გურამიანთკარისთვის სოფლის ზემოთ სამს ვერსტზე მიუვალ ტყეში ყინვისა და სუსხის დროს საქონლის არეკა წყლის დასალევად პატარა წყაროზე? ჯერ ერთი, რომ შიგ სოფელში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ცხვირწინ მშვენიერი და საკმაო წყარო აქვთ საქონლის სასმელადაც და თავიანთთვისაც. მეორე, ვერსტნახევარზე თუ ორს ვერსტზე გურამიანთკარს მთელი არაგვი ჩამოუდის, რომელიც, როგორც დიდი და ჩქარი წყალი, ჩვენში არა-დროს არ იყინება მთელ სიგანეზე ისე, რომ საქონლისათვის წყლის სასმელი არა რჩებოდეს ან მთლად გაუყინავი, ან ისე თხლად გაყინული, რომ ყინული ადვილად ჩასამტვრევი არ იყოს. გარდა ამისა, არაგვსა და გურამიანთკარს შუა, მაშასადამე სოფელზე უფრო ახლო, ერთი დიდი ფშაა, რომელიც წისქვილებს აბრუნებს ზამთარ-ზაფხულს, რადგანაც ფშის წყალია და ფშის წყალი ხომ თავის-დღეში არ იყინება. ამ წყლებისაკენ უფრო ფართო, უფრო ვაკე და უფრო მოკლე გზაა, ვიდრე ჩემის ტყის მიუვალ ღელისაკენ და ეს გზა სტაროსელსკის მამულზე გადის სოფლიდამვე დაწყებული ხსენებულ წყლებამდე. ამ წყალზე სიარულს დასალევ წყლის ამოსატანად, ან ნახირის წყალზე გარეკას, მამულის პატრონი არავის არ უშლის და მე, რომ ძალიან გულითაც მინდოდეს, სხვის მამულში რა ხელი მაქვს ან დაშლისა, ან არ-დაშლისა. ყველა ამის დასამტკიცებლად ხელახლად ვთხოვ „მოგზაურის“ რედაქციას და მის მიერ პატივისცემით მიღებულ მტყუან კორესპონდენტს მიბრძანდნენ და ადგილობრივ გამოჰკითხონ იმისთანა მართალს და მიუდგომელ მოწმეს, როგორც ადგილმდებარეობაა და ბუნება, რომელნიც თავის-დღეში არა სტყუიან. მაშ გურამიანთკარს ისე როგორ გაუჭირდებოდა ან როდესმე, ან ამ ზამთარს, რომ ამდენ უფრო ადვილად ხელთმისაწვდენს უფრო დიდ წყლებისათვის თავი დაენებებინა და უფრო შორს სადღაც მიუვალ ღელეში დაეწყო „პატარა წყაროთი სარგებლობა“ და ამ სარგებლობისთვის თვეში ათი შაური ბაჟი ეძლია თითო სულს საქონელზე, ვითომდა იმ მიზეზით, რომ სოფელი უწყლოდ დარჩენილა და ჩემს იქით მეტი გზა არა ჰქონებიათ. 20 მას მერმეთ, რაც მოგახსენეთ წყლების თაობაზე, ნუთუ აშკარა არ არის, რომ გურამიანთკარს ბევრი სხვა გზა და წყალი ჰქონია იქავ ცხვირწინ და, მაშასადამე, მთელი ეს უწყლოდ დარჩენა, ეს პატარა წყაროთი სარგებლობა და ამ სარგებლობისათვის თვეში ათი შაურის იძულებული ძლევა თითო სულ საქონელზე, თუ ურცხვი ტყუილი არ არის, მაშ რა ჯანაბაა. პირველ შეხედვით კაცს ეგონება, რომ აქ მარტო უმანკო მტრედის უგუნურებაა ავტორის მხრით და სხვა არაფერი. ნურას უკაცრაოდ: ავტორს კარგად სცოდნია, რისთვის რას ამბობს. რაკი გულზე მოსწოლია იგი საძაგელი საწადელი, რომ ასე თუ ისე გამაბიაბუროს, და ამისათვის ის ბრალი მოუგონია, - ვითომც წყლის ბაჟს ვახდევინებდე თვეში ათ შაურს თითო სულ საქონელზე, ავტორს უგრძვნია, რომ ამისთანა ამბავი ბევრს არას იტყვის ჩემდა შესარცხვენად და ჩემი დანაშაული, ეგრეთ სადად მორთული, ისე შემაზრზენი არ იქნება, როგორც ავტორისათვის სასურველია. აშკარაა, ამ დანაშაულის გაძლიერება, გაზვიადება დასჭირებია და ეს ტყუილები კუდად გამოუბამს - ვითომც წყლის ბაჟი სადღაც მიუვალ ღელის პატარა წყაროში მირთმევია. უამისოდ კაცი იფიქრებდა: ილია ჭავჭავაძეს ალბად დიდი რამ წყალი, ადვილად მისაწვდენი, ჰქონია და თუ მართლა ბაჟი დაუდვია, ეს ჯერ იმისთანა ავკაცობა არ არის, რომ ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელი და შესანდობარი არ იყოს. აი ეს მცირე წყალობაც არ გაუმეტებია ჩემთვის ამ გულგაჯიქებულს პატიოსანს მაბეზღარს და მიუვალ-ღელეობა და პატარა-წყაროობა მოუგონია, რომ კაცს ათქმევინოს: ეს ილია ჭავჭავაძე რა კაცი ყოფილა, რომ სადღაც მიუვალ ღელეში პატარა წყარო ჟონავს და იმაშიაც კი ბაჟი ურთმევია და ხარჯი დაუდვია გლეხებისათვის. მერე რავდენი? თითო სულ საქონელზე ათი შაური.
წყარო: www.gdi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი