შიშველი პარადოქსი
ჩამოაფარე! თვალს მჭრის ზეცა თავის სიშიშვლით. ამოაშენე ჰორიზონტი თორემ ქარია. წუთით დამჭირდა შენთან მოსვლა- ყოფა-სიმშვიდე. და ახლა საბნად გარინდული დღე მაფარია. მანამ წამწამებს ჩემი სუნთქვის უპყრიათ ჩერო, მხრებში მოხრილი გაზაფხული მინდა გაჩვენო... შენ კი, გამარტყი ეს გაშლილი ხელი ბებერო. კიდევ- საბერტყი გადამაჭდე ნაზარდ ფესვებზე. კიდევ- ცრემლებად შეიძლება ამოვიბერო ახლად აყლორტილ მიტოვებულ შენს ნათესებზე. კიდევ- დამსვარე ამ ცოდვებით ბაგეგახსნილი ხან უკარება ხან ამაყი ხანაც მარხული... -მიდი, წაიღე! ის დღეები, წუთებიც, წლებიც. სარჩევში ხელი ჩაყავი და ამოირჩიე. და რა აზრი აქვს, შენ როგორი სიკვდილით კვდები არტახებს იხევ თუ განაჩენს ისე მორჩილად იღებ სიკვდილად, რომ ფარული კენჭისყრის წესით გაუკვალავი ბილიკებით თამაშს თანხმდები. სიკვდილი ყველა სიკვდილია მაინც გიპოვის სიკვდილი ყველა სიკვდილია მაგრამ გამჩენო: -გთხოვ, უფრო მეტად დამამჩნიე ნათითურები უფრო მატკინე უფრო ძლიერ რომ შევაჩვენო ძელზე გაკრული შეგრძნებები- ჩემი სტუმრები. .ჩამოაფარეთ, ცას სიშიშვლე აღარ სჭირდება ჩამოაფარეეთ! სუდარაზე ცა რომ დავწერო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი