ყოვლისშემძლეობის პარადოქსი


ბებეროო...
ე, შე ბებერო, შენა...
ჩემსავით ხავსი მოგდებია დაკოჟრილ სულზე,
დრო დადუღებულ ემოციებს ტანზე გალურსმნებს.
მოგწყინდა, ვიცი, პარადოქსის კარიბჭეს გდება,
ჩეროში ნაჯდომ მოგონებებს ფიქრებად მიაქვს
წარსული... შენ კი, ქვადქცეული დუმილი გქვია.

ბებეროო...
ჩემნაირო ბებერო შენა...
შემოგირკალავ ამ მკლავებით გალავნად მიწას
და აგეკვრები ცივ სხეულზე მეც მისხალ-მისხალ,
რომ უთვისტომოდ გაქცეულმა, დაღლილმა წლებმა
ვერ მომისინჯონ ჩამოყრილი სუსტი მაჯები.
შევნაკადდები ამ სიტყვებად... შენში დავრჩები.

ბებერო...
ეე, შე ბებერო შენა...
გახსოვს ბავშვობა? ნაფერადალ ქვირითს გითვლიდი.
დაკოპლილ კენჭებს ყოველდღიურ წუხილში ვცვლიდი.
ე, რამოდენა მოქცეულხარ, ბებერო შენა...
გაქვამთებულხარ!
მე კი ჩემი სათქმელი უკვე
მითქვამს... და დროა წუთისოფელს დაღმა გავუყვე.

ბებერო შენა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი