რუხი ცილინდრი


დაიწყო წვიმების გრძელი სერიალი.
საწერად ვიცლი და...
რატომღაც ყველაფერს ნოემბერს ვაბრალებ.
რუხი ცილინდრიდან,
რომელსაც ბოლო დროს მართლა მივეჩვიე,
რაღაც ფრაგმენტულად მოწვეთავს ფრაზები.
სტოპკადრი:
და მახსოვს დღეს უნდა მენახე.
უკვე მერამდენედ ვეღარ მივუსწარი
შეხვედრას,
რომელსაც რატომღაც ველოდი.
დუმილი იმაზეც,
რომ ბანკში პროცენტი
მის დათქმულ ვადაში მე ვერ შევიტანე.
და თქეშში სირბილი ნოემბრის ქურთუკით
და ისევ წითელი:
მაინც გადავედი.
პატრულის მანქანა-
და როგორც ყოველთვის მიწერენ ჯარიმას.
ფეხებზე მკიდია,
დღეა ისეთი რომ
რამე არ დავწერო
დანაშაულია
და არ შემიძლია.
ამიტომ მთელი დღე ვაგროვე მასალა
ამ რუხი ცილინდრით.
კარებზე ზარია.
-დუმილი.
-ზარია
-დუმილი
და შენ, ჩამომჯდარი კიბის საფეხურზე
უკიდებ მოსაწევს,
(რომელსაც რატომღაც დიდხანს მიმალავდი).
ალბათ სათქმელიდან ართქმამდე პაუზას
გეგონა კვამლივით სწრაფად გაფანტავდი.
უბრალოდ მიდიხარ.
მე კი გაწუწული რუხი ცილინდრიდან
ავკრიფე აზრები.
საწერად ვიცლი და რატომღაც
ყველაფერს ნოემბერს ვაბრალებ:
-ცხოვრების ჯარიმას
-შენს წასვლას
-გაწუწულ ცილინდრს
და.. ბიჩოკის დარჩენას
დახურულ კარებთ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი