ჩემი სხეული ესე არს... შენი..
”დედამიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ, რადგან აღარავინ იყიდის მათ საქონელს”... აქ ხმა წყდება და პირველსახეს იბრუნებს ფერი - გულამოჭმული საკუთარი უსასრულობით. ქალი გზის პირას საცვლებს რეცხავს ღრუბლის საფირით. აღსარებისას ვერ ნათქვამი ცოდვებისათვის - დაუწყლულებელ ბაგესავით ხმება ყანები - ცეცხლის სამიტზე საპროტესტო დემარშს გზავნიან პურიტანები. ანგელოზები აფარებენ შავ მემორანდუმს მეშვიდე ცასთან. (კუტ დედამიწას არ შესცივდეს - ჩასძინებია)... ხელისმომწერნი: მე - დედამიწა შენ - ჩემი ღმერთი. ჩემი სხეული ესე არს... შენი... მაშ, მოვემზადო ცხონებისთვის დაო მარიამ?! შვიდთავა მხეცზე ამხედრებულ მსოფლიო მეძავს გაუღვიძია. “იტირებენ და იგლოვებენ დედამიწის მეფეები რომლებიც ნებივრობდნენ მასთან როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვალს” თვალები მისი - ჯოჯოხეთის უძირო ტბები სასჯელი ჩემი მოგონილი კაცადყოფნისთვის. დასაწყლულებლად აიაზმით სავსე ჭურჭელი (სხეული მისი) და საშო მისი უკანონო ნაყოფისათვის ჩემი სხეული ესე არს...შენი... აქ ხმა წყდება და, აქ ხმა წყდება და... “ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირით და ძოწეულით შემოსილო, რადგან ერთ საათში დაიღუპება ესოდენ დიდი სიმდიდრე”. პირველსახეს იბრუნებს ფერი - გულამოჭმული საკუთარი უსასრულობით... მეშვიდე ცაზე “ანგელოზებს” გამოუკრავთ მემორანდუმი: ჩემი სხეული ესე არს... შენი... ხელისმომწერნი: მე- დედამიწა შენ -... ნუ გამომყვები ჯოჯოხეთში დაო, მარიამ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი