ცხვარი


"ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება"

ვიშვები მკვდარი.
თეთრი ხელები ჩემი სულისთვის ილოცებენ-
გადასარჩენად.
ახლოს მოდიხარ
რომ გასავლელი წლები გულზე გადააფინო-
ჩემს ბედისწერას.
იწყება შობა-
პარკუჭებს შორის ერთი დღეა, ერთიც ღამეა.
დაცლა-ავსება
პარკუჭებს შორის ერთი მზე და ერთი მთვარეა.
აქვე უფსკრულიც.
შემოდიხარ და
თვალის ხვრელში
მეწვეთება შენი ცრემლები
და გულწრფელობა როგორც იმ მწყემსს
ისე მჭირდება,
თავის დაკლულ ცხვარს
შამფურზე რომ ვერაფრით აცვამს.

ცხვარი ხარ ჩემი.
ბავშვობაში ცხენი გერქვა. ზურგზე გეჯექი.
ყველა სოფლიდან თივა მარტო შენთვის მომქონდა.
ყველა ქუჩიდან წვიმას პეშვით შენ ერთს გასმევდი.
ყველა სუნთქვიდან ჰაერს მარტო შენ გაყლაპებდი-
რომ მეც მესუნთქა.
მერე ორივეს აღარ გვეყო ერთი ჰაერი
მთაში წავედით-
ან გავიზარდე.
გაშლილ მინდორზე მწყემსი ერთი ვინმე შემოგვხვდეს,
შენთან ერთად დამინახოს და
კისერზე დათვის კბილი შემაბას-
გზა დაგვილოცოს.
დათვს არ დაუგლეჯივართ გიხაროდეს.

გზადაგზა ხან მე გაგიყვანო სუსტი ფეხებით-
ხან გამითრიო.
უფსკრულში არ ჩავვარდნილვართ- გიხაროდეს.

წყალი მოგვწყურდეს, შევისვენოთ
და ცა დავლიოთ
ცას არ გამოვეკერეთ, გიხაროდეს.

გადავიაროთ ციცაბოები,
გადავცუროთ მდინარეები,
გადავევლოთ ქარაფებს,
ზღვამ მლაშე ტალღა შემოგვაქაფოს.
მრავალძალს ერთად ავიდეთ და
წრეზე თითოჯერ
ტაძრის კართან წავიბორძიკოთ.
დაიმახსოვრე: ეს ნიშანია.
ერთად მოვკვდებით.

-ნუ ირქინები,
ჯერ სანთელი უნდა დავანთო,
რომ შენი თავი აღვუთქვა ღმერთს და
ჩემი დავინდო.
შენი სიკვდილი ვაჩუქო ღმერთს და
ჩემი დავიხსნა.
შენი რქა ავავსო სისხლით და...
-ნუ ირქინები!
ეს ჩემთვის
შენთვის
შვილისთვის
ძმისთვის
მშობლისთვის
თუნდაც
განსაცდელის არიდებისთვის,
სიმართლისათვის
სიცოცხლეში რომ მეცილება,
ჯანმრთელობისთვის
ავად ყოფნა რომ მომისაჯა.
შავი დღისათვის
შევინახო იქნებ მცირედი-
უნდა ჩავუთქვა.
თეთრმა ხელებმა ჩემი სულისთვის ილოცონ
მე კი,
ჩემს ურემს თვლები მოვურყიო-
ანუ გამოგყვე.
ფეხზეცხვარგამობმულ გოგოს თუ ნახავ
თქვი: ურემი გადაბრუნდა, გზა დაიკარგა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი