რეკვიემი სამშობლოს


“ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა ლაშქარი”
“ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლაა”

გველივით შემომეხვიე და არა განმაგდო.
 შენი საშოდან შობილი,
შენს გესლში მინდა ჩავწვე.

ჩამოვიფერთხე მშრალი დღეები თევზის ქერცლივით.
გამოვიცვალე შენი სუნი. შენი თვალები.
ბადე პირს მოვდე პირუკუღმა-
შეგხსენ პირბადე.
ძველი კანივით გადაგიძრე-
გადა-გიშორე.
ხელისგულებით ამოგიღე სავსე ვარცლიდან.
ვარცლიდან გცალე.
გზა-გზა გშალე.
გჭერი თარგებად.
მტკაველით სუნთქვა მოგაზომე
ლაყუჩებს უკან-
წყალი პირამდე აგიდიდდეს.
გადაგიშავდეს.
გამკვრივებული საფეთქლებით გავეხახუნე
მუხის ფესვებზე შენს სათქმელს და
ჩურჩულს ყურს ქვევით.
გადაგაბრალე გან-დინება,
თუკი დინება
იყო ნელი და
კალაპოტში ვიწექ. ვღაფავდი
სულს-
ცივი დანა გადავუსვი და გამოვუშვი
სიტყვა “ჩვენ” კოლტი.
“ჩვენ” გუბურა.
“ ჩვენ” თუნდაც წვეთი.
ენას ვიჭამდე სიმწრისაგან,
ცარიელ პორტში
ქაღალდის გემი წვალობდეს
და ვერ შედიოდეს.
გიბრუნდებოდე : ქუჩის მტვერი.
გზების ნარჩენი.
ცულის გადაკვრა.
კუნძის სახლად შემოშენება.
შეგახსენებდე: მუხლებამდე დუმილში ჩამდგარ
ტბას კალაპოტი ვეღარ იტევს-
-ეცოტავება.
გეუბნებოდე: დავიწყების მორევში მცურავ
მკვდრებს, ჭირისუფლის სიყვარული
არ შუუძლიათ.
ტანზე გირგებდე.
მერღვეოდე.
გჭრიდე თარგებად.
გზა-გზა გეძებდე.
გზა-გზა გკარგო.
თავს დაგტიროდე:
ქარის მოტანილს წაიღებს ქარი.
მთაო, შენ შეცდი როცა სვეტად შემომიყენე.
ვაზი იყავ და
ვერ გაგიძელ-
აკიდოდ გსხიპე.
ღვინო იყავ და
იწექ ლიბრად,
მზერის სიჭრელეს
წყლად გადმოჰყევ და გაგაწითლე-
მტევნებად გწურე.
ფეხებით გზილე.
ჭალა-ჭალა
შემოგაგუბე.
ეს პური ჩვენი არსობისა
მე ვერ დავაცხვე.
ეს ხორცი ჩვენი არსობისა
ვიხსენ
და გულზე
ცრუ სადინრებით გადმოვდინდი-
გადმო-გედინე.
ლავიწის ძვალზე-ცხელ წალამზე
სული აგაცვი.
გაბზარულ გზაზე იდგა ჭიქა ღამე
ქვესკნელი,
ვშალე კედლები
კედლებს შორის გავშორიშორდი.
ერთხელაც, ყელზე გამურული ნათითურები
თუ დამემჩნევა
იტყვი: მიწის გულიც შავია .
არ დაივიწყო, რაც წაიღეს არის წარსული
და რაც გადარჩა- ისიც უკვე წასაღებია.

დავიწყებაში კვდებიან ასე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი