გესმის, ისვრიან


გესმის, ისვრიან.
მზე დაიხრჩო ლურჯ ჰორიზონტზე.
შავი ფიქრები შეეყარა დატალღულ ნაპირს.
ამ უცნაურად ქვადქცეული ქალაქის ფონზე
ნიჟარებს დაცლილ ვაზნებივით სამადლოდ დავყრი.
სიცარიელეს, ტოგასავით ტანთ რომ იზომებს-
ვშლი გონებიდან-
ომს, რომელიც გამოვიგონე.

მზეო, სადა ხარ,
აფხაზეთი გავკიდე თოკზე,
სველია ჯერაც, შეუმშრალე გთხოვ მას ცრემლები.
კადრები ჩემი წარსულიდან ხმაურით მომდევს,
ფერად სარჭებში მომწყვდეულან, როგორც მძევლები.
და სარეცხივით გადაფენილს დრო რომ აქვავებს,
შეგრძნებებია,
ნაწილებად მე რომ დამშალეს.

გესმის, ისვრიან,
მე კი ძილი ვისწავლე ღამით.
საიდან მოველ,
საით მივალ,
რა გზას მივყვები?!
ვინ ვარ!
როდემდე დავუმალო ფურცელს სიტყვები.
გათენებულაა...
სევდიანი ნამგალა მთვარის
პროფილს გვერდულად ირეკლავენ ურჩი ტალღები.
ხვეული თმებით
შენს რუქაზე დავიტალღები.

გესმის, ომია,
მე გამყიდეს ოცდაათ ვერცხლად
(ისე ახლოს ვარ ახლა ღმერთთან, როგორც არასდროს?!)
კავალერიავ!
გასწორდი და გახსენი ცეცხლი.
მაიც ხვალ დილით მე სირცხვილის გრძნობა დამახრჩობს,
რომ, კიდევ ერთხელ დავამცირე ჩემი ცხოვრება,
ტუჩის დამალვით,
კოცნას ზღვას რომ ემათხოვრება.

გესმის, ისვრიან,
მზე დაიხრჩო ლურჯ ჰორიზონტზე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი