დარჩენა
აქ, სადაც დღეებს არ აღელვებთ უნაპირობა და გვერდმოხეულ ფოტოებზე ჩვენი კადრები ისე ქრებიან, გეგონება ფეხი დაადგა ვინმემ ამ გვიან, ფერდაკარგულ შემოდგომას და მომაკვდავ ფოთოლს თვალში ბოლო ცრემლი ჩაუდგა, აქ ვცხოვრობ მე - და არ აქვს კარი ჩემს სახლს, ძვირფასო. და როცა ქალაქს კვლავ მორთავენ გირლიანდებით, ამ ქუჩაზე კი, დაიწყება ხალხის მიმოსვლა საგულდაგულოდ გაბანტული “ბამბანერკებით”, ერთმანეთისთვის ტრაფარეტულ ურთიერთობად, რომ განაწილდნენ და რომ შეძლონ ერთი ბოკალის მიჭახუნება თვალის თვალში გაყრის გარეშე, სიტყვით - გილოცავ! მე შენ გეტყვი: -ზურგის ქარია. დარჩი თუ გინდა, ოღონდ იცოდე, რომ ამ ფანჯრიდან არ გადმოდის აქ საახალწლოდ, მიწებებული თეთრი წვერით, თოვლის ბაბუა, მთელი ბავშვობა ბალიშის ქვეშ ფულს რომ მპარავდა. რა ვქნათ გვიჭირდა, სამკვიდრო და სახელდაკარგულ მამაჩემივით მხრებში მოხრილ სახლის მოაჯირს, სიგელები და ჩინ-მედლები აკიდოებად გამოესხა და მე მშრალ ხიდზე. ვიდექ და ვყიდდი. ჰო, მე ვიყავი, ის გოგონა ორი ნაწნავით აკანკალებულ თითებით რომ ხურდებს ითვლიდა, საინტერესო გარეგნობით, ცხვირაწეული გვერდით,…გვერდით რომ ჩამიარე და ვერ მიცანი. აქ მაგიდაზე, დაჟანგული, უკვე იმდენხანს მომლოდინე და ჭუჭყიანი სამოვარი დგას, ნახშირს მუცელში ვუტენი და მაინც სულ მიკვირს, ერთხელ რომ მაინც ვერ მოხერხდა ორთქლის ამოსვლა ამ უძველესი, უცნაური რელიქვიიდან, ბაბუის ნაქონ ნივთებიდან მე რომ შემომრჩა. აქ ვდგავარ მე _ და არ აქვს კარი ჩემს სახლს, ძვირფასო. არც საწოლია ისე ფართო, ორის სამყოფი. ნაწვიმარია, დუმილს მირღვევს ღამის თბილისი. ეს საახალწლო მზადება და მჭახე ფერები. უცნაურია... უცხოობა იცის ქალაქმა, მოდიხარ, ვერ ცნობ. მიდიხარ და კვლავ იყურები უკან. ეს როცა, ვერ გადიხარ წინა კარიდან ან როცა არ გაქვს და მარტივად, უკან ბრუნდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი