ლოლიტა
ღამით, როდესაც ყველა იძინებს და საიდუმლო აღარ არის ასე მტანჯველი, თითქოს მთვარის შუქს სათითაოდ მიჰყვებიან მოგონებები, მილიონობით ფერწასული ადამიანის პროფილს ხაზავენ და სიმარტოვეს ასე უჩუმრად შემოპარულს კედლის ღრიჭოდან აღსარების თქმა უგვიანდება, რას ჩამომჯდარხარ პატარა გოგოვ, ამ ვნებადაცლილ კაცის ფეხებთან?! თითქოს ცხოვრებამ ამ ოთახში შემოიარა, სათვალეებქვეშ ჩამოგხედა და გზას გაუყვა. ამ ფეხის ხმაზე შენ მსუბუქად როგორც ბალეტის გაკვეთილებზე ნაბიჯით წინ, ან ერთით უკან, ტრიალდები და შენს სხეულში კარამელები ნელ-ნელა მიმწვარ შაქრის ტბაში იძირებიან. ყოველ წრეზე, კი შენ ჰაერზე სწრაფ-სწრაფად სუნთქავ და მორზეს ანბანს თვალხილულიც ემორჩილები. ყაყაჩოების მინდორია თვალგახელილი ამ კაცის ფერხთით გაფენილი მომცრო ხალიჩა. ახლა პომადას გადაუსვი თხელი ტუჩები, სარკეში სახის კონტურები შემოისწორე და რომ მიხვდები ისტუმრებენ დღეები წუთებს, და რომ მიხვდები ისტუმრებენ წუთები დღეებს, საიქიომდე სანამ მივლენ მანამ ცოცხლობენ, დილით, სისხამზე გარეთ შიშველს როცა გნახავენ წამოწექი და გუგულივით კაფე ან თესე სველი ზეწრის ქვეშ გატრუნული შენი ბავშვობა. და მერე ღამით, მაშინ, როცა ყველა იძინებს და საიდუმლო ხდება ბევრად, ბევრად მტანჯველი, ვიდრე სკოლაში გაკვეთილის უცებ გაცდენა, ანდა კანფეტის აწებება მაგიდის ფერდქვეშ, შენ ხედავ გოგოს, ბავშვობისგან დაცლილ თვალებში აჩრდილებივით როგორ ჩანან მოგონებები და მის სხეულზე მიმობნეულ ყაყაჩოებს ეძებ მიწისქვეშ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი