მყვირალობა


“ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა”

მყვირალობისას გიხმობდი.
ფურირემივით მოვბღაოდი შენს გზას და
სისხლიან შუბლით ეკალბარდებში
ვტოვებდი ნაკვალევს.
ნაკვალევს მოჰყევ.
სისხლის სუნმა დაგგეშა, თუ
ატეხილი მდედრის ნაჩლიქარზე შემოგაკვამლეს
ქარებმა სუნი გაუხრწნელი მიცვალებისა.
ჩაკეტილ ღრანჭში მოქცეული სარეველათი
გწამლავდი, შენ, მგზავრს,
ლუკმა-ლუკმა ვცოხნიდი ჩემს თავს
და მოკლდებოდა ეს მანძილი, როგორც ხალათი
მიწის, საფლავზე სახურავიც რომ ვერ დაფარა
გირლიანდებით მოკაზმული თეთრი ხომალდის.
დაიწყო ფერმა ცვალება და
ჩამოწვა შავი.
დაიწყო ფერმა ცვალება და
ქარმა დაჰბერა.
ჩამოყვა ქარებს მიწაყრილზე
სიტყვა ნაშალი -_
ეს კუბო მე ვარ.
მწვანე მინდორზე გაზაფხული იდგა ისეთი-
მგზავრს შეეკაზმა ლურჯი ცხენი (გზა აკვარელის).
მთაზე მარჯვენა მხრიდან ავა _ დღე დამოკლდება.
მთაზე მარცხენა მხრიდან ავა _ ღამის კალენდარს
არ ეყოლება აღარც ერთი რიცხვი გუშაგად.
არც ვარსკვლავები,
არც წუთები,
აღარც დღეები,
უკვე გავიდნენ სასაფლაოს მხრიდან, ქვეშაგებს
გამოაცლიან მატყლის ბულულს, ალბათ მღრღნელები.
დაჯდებიან და მოყვებიან ამბებს ტყეებზე,
როცა ქარები ირხევიან ფოთლის შრიალზე.
როცა აზრები გახდებიან მხოლოდ ტყვეები-
ხელი შეახე
და ჭექა-ქუხილს, თანაც პირველს
თუ შეესწარი,
მაშინ იცოდე!...მე მოგბღავი მყვირალობისას,
ნაკვალევს მოჰყევ.
სისხლის სუნმა დაგგეშოს, ანდა
სუნმა სიკვდილში გაუხრწნელი მარტოობისამ.
დადგება დღე, როცა სულერთია
საით გაათრევ სხეულს და
აქვე ჩაესვენე_
მიწა გაგვათბობს.
დაიწყო ფერმა ცვალება და
ჩამოწვა შავი.
დაიწყო ფერმა ცვალება და
ქარმა დაჰბერა.
ჩამოყვა ქარებს მიწაყრილზე
სიტყვა ნაშალი-
ეს კუბო მე ვარ.

გამოვიზამთრებ ახლა დათვივით
ჩემს ფურცლებში,
ხაოიან ენას ავუსვამ
მელნისფერ გზას და
სტრიქონ-სტრიქონ დავიწყებ თოვას...…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი