ნაცვალსახელი
„სარკევ, თვალები გადამალე, სულ აღარ მგავხარ“.. დღის შუალედში, წუთის თუნდაც მეათასედში, საკუთარ თავებს პატიებას თუ შევპირდებით, დრო - უმიზეზო სტუმარივით დაგვათენდება, უკანასკნელად შევიყვარებთ, თითქოს პირველად რაც იყო უკვე აღარ გვახსოვს, და თვალებიდან სარკეები - გვპარავენ დუმილს. პირი. პირველი: ჩვენ დაბადება დაგვაბრალეს. ჩვენ გაგვაჩინეს. ჟანგიანი ონკანებიდან გამოგვიშვეს და მდინარეები ჩარეცხეს ჩვენით. ჩვენ რახანია ფერად სიზმრებს აღარ ვნახულობთ და ცხადშიც, ჩვენს წილ გადარჩენას საფლავში ვმღერით. ჩვენ არ ვარსებობთ. ჩვენ საღათას ძილში ვიზრდებით. ტანზე შემოკრულ ბედისწერას ხელისკანკალით ვუმზადებთ აკვანს. და არაფერი გაგვაჩნია, გარდა ხმელეთის მოშიებული, წყალნაკლული ხმელეთის გარდა. იქ, სადაც ვცოცხლობთ. სადაც ვკვდებით. სადაც ყოველღამ, გვცივა ეს ჩვენი დაბადება და საბანს ვიხდით, და როცა თვალში მთვარის შუქი შემოგვაკლდება, თითქოს ქუთუთო გადმოკეცეს სამპირად, მაშინ ჩვენ დავიძინებთ. ჩვენ სიზმარში გაგვეღვიძება. წამოწეული მდევარივით ჩვენივ გვამებს შევჭამთ და დავხრავთ. ჩვენ აღარაფრის გვეშინია როცა ვმარცხდებით, და არ ვმარცხდებით, როცა შიში საფლავში გვახლავს. და მაშინ ჩვენ ვთქვით: რომელმან შექმენ სამყარო, და რომელმან შეგვქმენ ჩვენ, და რომელმან მთელი კაცობრიობა მოაქციე მზეებით სავსე ვარცლში, და დაარქვი ყანა. რომელმან თესე დედაკაცი, მამაკაცს თივა გაუხადე ზურგით სათრევი და თავთავები მოგვიწიე, და ხან მწიფე, და ხან მკვახეა ჩვენი ქვეყანა, რომელშიც ჩვენი გასაჭირი, გასაჭირი რომელშიც, რძესავით დუღდა. ობლის კვერი კი ხან ცხვებოდა, ხან პირიქით - გამოუმცხვარს ვყლაპავდით დღეებს. რად არ ჩანდიო, უნდა გითხრა, რამდენჯერ “ქალაქს” - სავაჭროდ მოველ, ნავაჭრი კი ისევ ვერ გამაქვს. უკან და გზაზე ამოუსვლელ ჩემივე მზეებს ვიღამებ, გარეთ ქარია და სიჩუმეს ზვერავს სასაფლაოდან ამოთხრილი ჩემივე გვამი ჩემივე სიკვდილს გახლეჩილი ვაშლივით ჰგავდეს, ერთხელ ხომ მაინც მიყვარდი და ერთხელ ხომ მწამდი. რად არ ჩანდიო, ჯერ არ მითქვამს, ბოლოს რომ მნახე რა ფერის იყო გაზაფხული, დაჭორფლილ სახის ასარიდებლად, განაპირა უბნებში, სახლებს გამოეტანათ თვალები და ლოცვისთვის დათხრილს ძლივს მოვათრევდი საუკუნის წინ ჩაყრილ ვენახს და ჩუმად ჩემთვის ვლოცულობდი... შენ კი, დროს ისე მიუძღოდი წინ, როგორც ნახირს. - ყურთასმენა წაიღეს. როგორ კივიან სველ ჭალებში მიკიოტები. წყალმა თქვა: მოსვლა არ მაცადო თავად მოდი და წყალმა თქვა: მოსვლა არ მაცადო თავად მოდი და შენ ისევ ზიხარ. ცხოვრებიდან გცვივა კოლტები - ლოდინის. ღამის მიწურულს, რომელიმე დღის გასაყართან, როცა მაჟორულ ნოტზე დილა ფოქსტროტს ასრულებს გაგვახსენდება, რომ ოდესღაც ვიღაც გვიყვარდა გაგვახსენდება, რომ ოდესღაც, მასაც... და სადღაც შიგნით, უმომავლო სულის საყდარში – სარკეები - ჩვენს სახელებს იმეორებენ. პირი. მეორე: ჩვენ სიყვარული დაგვაბრალეს. ჩვენ არ გვიყვარდა. ერთმანეთის შემოგვხვიეს ხელები და ხელოვნურად ვსუნთქავდით ჟანგბადს. დაბადებიდან შეგვიძლია ვიყოთ დიდები, ჩვენი ბავშვობა ბაჯაღლოს სქელ რგოლებში ვჟანგოთ. ჩვენ ვერ ვისწავლეთ. ვერაფერი ჩვენ ვერ ვისწავლეთ. და იყო „როდის“, და იყო „მაგრამ“, და იყო „თუმცა“, გვინდოდა - „მუდამ“. ჩვენ ვერასოდეს გვეყვარება, როგორც ვუნდოდით, და ვერასოდეს ვეყვარებით, როგორც ჩვენ გვსურდა. და როცა გვიყვარს. მერე ვხედავთ. მერე შეხება, იგრძელებს ხელებს და საბანქვეშ სიძულვილს მალავს, და უჟანგბადოდ აგვიტყდება როცა ხველება, და ერთმანეთის სიძულვილით ვიღლებით, როცა ჩვენ დროს ვიცილებთ. სხეულიდან ვშლით ჩვენს საათებს. როგორც ქვიშაში თამაშისას, ისე გვრჩება ფრჩხილებში ჭუჭყი, და ჩვენ ვერავინ გვეშველება, როცა გვჭირდება. და ვერც ვერავის ვეშველებით, როცა მათ უჭირთ. და ახლა ჩვენ ვთქვით: რომელმან კაცთა, ყოველთა კაცთა და მთელ მის ნაშიერთ მოგვაგე პური, და პური, და წყალი, და ღვინო, და ჩვენ კი მაინც, მოუხნავს ვყლაპავდით ბელტებს იმ ცისას, იმ ზღვისას, იმ მთისას, და ქალაქში ვეძებდით დამჭკნარ სამყურებს იმ ცაში, იმ ზღვაში, იმ მთაში რომ ვძირკვეთ და მაინც ზევიდან დავყურებთ - სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცოცხლობთ და ვკვდებით, და რომელშიც ვივსებით ცოდვით, სამყაროს - რომელშიც ვსუნთქავთ, და გვიჭირს, და უჰაერო სივრცეებს ვგავართ. რად არ ჩანდიო, ხომ გითხარი, ბოლოს რომ ავხდი, კუბოში მეწვა დედამიწა. ტიროდა სახლი და უარყოფას, ან არყოფნას ვითხოვდი. გთხოვდი და უარყოფად, ან არყოფნად ქალაქში ვთოვდი, და მოვდიოდი ისევ ისე მოხრილი წელში დასასრულიდან ვიწყებდი და საწყისად გწერდი. რად არ ჩანდიო, ჩამომხედე, წითელი ზონა დროს იფართოვებს, მე გადაღმა კაბას ვიზომავ, იქ სადაც, ვინმე გაამართლებს სიშორის მიზეზს სადაც მიწიდან უცნაური თვალებით მიმზერ - მე გეუბნები: გადავშენდი, აქ ვეღარ მოვალ. - ყველაფერი გაიღეს. აღარაფერი დარჩათ უკვე ჩემთვის სათქმელი. წყალმა თქვა: მოსვლა დამაცადე, თავად მოვალ და წყალმა თქვა: მოსვლა დამაცადე, თავად მოვალ და შენ უკვე ტანით დიდ მდინარეს მიადგაფუნებ - ცხოვრების. დღის დასასრულში, რომელიმე ღამის არყოფნას საკუთარ თავში, სინანულით რომ დავიმძიმებთ, და როცა ციფრი, ცხოვრებაზე არ გაიყოფა და როცა აბი, არ გვჭირდება მისთვის საძილედ. ჩამობნელდება იმ ზღაპარში, სადაც ნაყოფი ვკრიფეთ სიზმრების. სარკეებიც - დაგვივიწყებენ. პირი. მესამე: ჩვენ სიძულვილი დაგვაბრალეს. არავინ გვძულდა. ბრძოლის ველზე ხბორებივით გაგვრეკეს და ერთმანეთის გაგვაძღეს ხორცით. ჩვენ ერთმანეთი შევითავსეთ, ისიც ხანდახან, და როცა გვიყვარს, მაშინაც კი ერთმანეთს ვხოცავთ. ჩვენ მარტოობა დაგვაბრალეს. ჩვენ მარტო არ ვართ. უსინათლო თვალები აგვიხვიეს, რომ გადარჩენა გვეპოვა კენტად. ჩვენ ვერასოდეს გამოვაღწევთ შენი მუცლიდან ვერც ვერასოდეს შევსახლდებით ამაზე მეტად. სიჩუმე მოდის. ჩვენ არ ვფხიზლობთ. და გვეჩვენება, რომ ეს სამყარო - მზის გადმოსწვრივ ჩავარდა ჭაში და როცა ფიქრებს სამშვიდობოს ჩუმად გავხიზნავთ, როცა თვალებში გუბეები დაშრება, მაშინ - ჩვენ გავიღვიძებთ. ცხოვრებაში გაგვეღვიძება. და ისევ ისე გავაგრძელებთ დარდსა და გმინვას. ადამიანებს, არ ელიან, როცა მიდიან. ადამიანებს იქ ხვდებიან, სადაც ჩვენ მივალთ. და ვთქვით: რომელმან შექმენ სამყარო და რომელმან შეგვქმენ ჩვენ და რომელსაც გკლავდით ყოველდღე გკლავდით და გძირკვავდით და სტომაქებს ვივსებდით სისხლით რომელსაც შიშველ, ხან გასანთლულ, ხან დალეწილს, გიშვერდით მკლავებს და მერე სუფთას, ხან გასანთლულს, ხან სისხლიან სუდარებს ვხევდით და შენ რომელმან შექვმენ ჩვენ და შენად და ჩვენად და მსგავსად და ხატად და ჩვენ, რომლებსაც გვასწავლეს სისხლი და ომი და ზიზღი და კარგვა - პირისპირ ვდგავართ. ჩვენ ყველაფერი დაგვაბრალეს. ჩვენ უბრალოდ გამოგვიგონეს. ჩვენ ყოველდღე ერთმანეთს ვკარგავთ. ჩვენ არაფერი გაგვაჩნია, გარდა ხმელეთის, მოშიებული, წყალნაკლული ხმელეთის გარდა. - სამშვიდობოს იძინეთ. გაღვიძებამდე ზამთარია გადასავლელი. წყალმა თქვა: წყალზე თუ ჩამოხვალ ფეხებს დაგბან და წყალმა თქვა: წყალზე თუ ჩამოხვალ ფეხებს დაგბან და შენ უკვე წევხარ. გაღვიძებას უკვე არც ელი - იწყები. გამიმეორე - უნდა აგიხდე თვალი დავხუჭო სიზმარივით გამოგეცხადო, იქ, სადაც უკვე სიზმარია ეს ყველაფერი და სადაც იქნებ, არასოდეს დავბადებულვართ.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი