ჯარისკაცები
ჯარისკაცები დგებიან ადრე. რეზინის ჩექმებს ისწორებენ. ხელებს იფშვნეტენ. მორყეულ, უშნო მაგიდებთან უხმოდ სხდებიან. სიცარიელით ამოვსებული რკინის ჯამიდან - მოლოდინს თქვლეფენ. ეს რა თქმა უნდა, რომ არ არის ნაყინი-ბრიულე, არც ბრიჯის ფლავი – ცუკატებით და ქიშმიშებით. ჰორიზონტს იქით, გამოგონილ და შორ ქალაქში მათი ქალები ბრინჯს კენკავენ და... შიმშილობენ. ზნედაცემული ოცნებებით ივსებენ სხეულს. გარეთ წყვილები სეირნობენ მშვიდად ხელკავით. ჯარისკაცები წვებიან ადრე. თვალებს ხუჭავენ და მოსასვლელ ბილიკს ხერგავენ. დღეს რომ დაიღალოს ღამე, როგორც ჰოსპიტალში მედდა. იდგე. იქ არავინ იყოს. თვალში იგროვებდე თითბერს. მერე გაწყვეტილი მძივი – კართან უპატრონოდ ეგდოს. შენ კი, კრიალოსანს ტყვიის მასრებივით თვლიდე. მერე, რა თქმა უნდა ისევ, ანუ - ჩვეულებრივ. მთვრალი. მერე, რა თქმა უნდა ისევ, ანუ - უჩვეულოდ. მძიმედ. მერე, ძლივს იცვალე გვერდი. მაინც გეჩვენება ფართო. მერე, მიიკუნტე სადღაც. ისევ კედლის მხარეს გძინავს. დღეს რომ დაბრუნება აღარ. აღარ გამოვიდეს. რიგი უცებ გაიწელოს პურის. ქარი შემოუდგეს კარებს. ყოველ დაძინებას ახლა, უკვე უშენობით ვიგებ. ყოველ გაღვიძებას ალბათ, უკვე უშენობით – არა! დღეს რომ მხარი გამკრას ვინმემ - ფეხი ამერიოს სადმე. შენ კი მშვიდად ხდიდე ნამუსს, სადღაც მტრის ბანაკში სხვა ქალს. მერე, მოგონება ისევ, ვეღარ პოულობდეს ადგილს. მერე... არაფერი. კარი. თითქოს არაფერი. წახვალ. მათი ქალები დგებიან გვიან. უძილობისგან დაღლილ სახეზე ისვამენ “პუდრას” და სარკეებს თვალს არიდებენ. წითელი ლაქით იფარავენ დამტვრეულ ფრჩხილებს და მაგიდასთან, მოვერცხლილი პატარა კოვზით - ბრინჯს მიირთმევენ. მიირთმევენ და შიმშილობენ, ზნედაცემული ოცნებებით ივსებენ სხეულს, მტრის ბანაკში კი, თავს ძირს ხრიან ჯარისკაცები. ეს რა თქმა უნდა, სულ არ არის ლოდინი უხმოდ, არც ბრინჯის ფლავი, ცუკატებით და ქიშმიშებით. მათი ქალები წვებიან გვიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი