ჭიანჭველები
ნეტავ თქვენ, უცნაურო ადამიანებო მზის ამოსვლისას დაღამებას რომ ნატრობთ და ჩასვლისას კი განთიადს ელოდებით. ნეტავ თქვენ, ცალი ხელით სხვის დასახმარებლად ხელგაწვდილო ადამიანებო, მეორე ხელით დედამიწის ღერძს მძლავრად რომ ჩასჭიდებიხართ და ქარის ხმაზე მაინც ლერწამივით აქეთ-იქით იხრებით. ნეტავ თქვენ, სხვის ტკივილზე სახედაღრეჯილო და გულში მოქირქილე ადამიანებო საკუთარი ცხოვრება დიდი ჯამიდან ჭყინტი ყველივით რომ ამოგიყვანიათ და რძის მაგიერ, სისხლი კი გასდის. ნეტავ შენ, მიწაო ჩემო. ასჯერ გაუპატიურებულ ვენახში მაინც ვაზს რომ ყრი და ცალი თვალი ცისკენ გიჭირავს- სეტყვამ არ მომისწროსო. რაღა დროის სეტყვაა, ცას მსხვილ კაკლებად ცივილიზაციის ნარჩენები სცვივა და “აბლი ბაბლი ოქროს ტახტი მზით ავიღე, მთვარით დავდგი”- თამაშობს ბავშვი. ჭიანჭველებს ყოველდღიურად რომ ამოწმებდნენ ადამიანებს რაღას იპოვიდნენ ცისქვეშეთში. ნეტავ შენ, დედაო ჩემო, ასჯერ მოკლულ შვილს საფლავზე კი არა, საკუთარ სახლში რომ დასტირი და იმას კიდევ თვალებიდან მელანი უჟონავს. და ნეტავ მე, მდუმარებაში მდგომ მარტოხესავით ფესვებზე რომ კირის ნაზავს მასხამენ და ადგილის დედას ვერ ვღალატობ მაინც. აბა, რითა ვარ ასე მშვიდი, როგორ მოვედი, ნაცვეთ ფეხებზე წამოცმული საბურავებით. ჭალაა ფართო. წყალი კი ღრმა. ირგვლივ ხავერდი. ამ ხავერდზე კი რა მარტივად აბურთავებენ საკუთარ თავებს, როგორ უჭირთ სიტყვის დაცდენა. როგორ მალავენ, სახელოში სველ ცხვირსახოცებს, და თუ ერთხელაც გზაზე ვინმე ნახეს ცალფეხა ჩაიმუხლებენ და სინანულს შეახოცავენ. და ნეტავ იმათ ვისაც სწვდება ყანა წელამდე და ვაი იმათ ვინც დახუჭა თვალი ნახვამდე, მზე ახლა წვება პირუკუღმა მუცლით მწვერვალზე და შეშლილ სახეს გარიჟრაჟის ფერად ახატავს. ნეტავ თქვენ, უცნაურო ადამიანებო მზის ამოსვლისას დაღამებას რომ ნატრობთ და ჩასვლისას კი განთიადს ელოდებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი