მე არ ვიყავი ..
მე არ ვიყავი ამ საფლავთან მდგარი მარტოხე. არც სინანული, წამომსკდარი ამ ნერგებიდან და მე მჯეროდა, თუ ამქვეყნად არის სამოთხე- ამ სამოთხეშიც უპირობოდ იკარგებიან, რომ შენი წილი ჯოჯოხეთის გადასარჩენად შვიდჯერ მოკვდე და შვიდივეჯერ სცადო აღდგომა. მე არ მიყვარდი- ისე როგორც უბრალოდ მძულდი და არც მტკენია მკვდარ სხეულზე რომ დამაბიჯე. სტოკატოს გრძნობდი ჩემი სისხლის სამოცჯერ წუთში და მერე წნევას უზომავდი შვილმკვდარ ამინდებს რომ სველ გაზაფხულს ვადამდელი არჩევნების დღეს შენ, ამპლიტუდის მომატებას ქრთამად დაჰპირდე. ვიშიმშილებდი, რომ შემეძლოს ნიშნად პროტესტის, თუმცა სამალავდაკარგული კუჭი მაწუხებს . ხატავს საღამო ჩემს თეთრ პროფილს რაღაც გროტესკულ ჩანახატივით და რატომღაც დარჩენილ წუთებს მძიმე ლანგარზე მიაგორებს გარეთ ბადრაგი. სადღაც ქარია მოსწყენიათ ღრუბელებს მძევლობა მზე არ მაჩვენეს მზე კი იყო ალბათ ოდესღაც- ისეთი ახლო, რომ გისოსებს შორის ძვრებოდა. სადა ხარ, ღმერთო.. მტკივან სულზე როცა მაბიჯებ, ნუთუ, უბრალოდ ჯოჯოხეთის არ გეშინია?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი