დე, იცი ..
დე, იცი... ღამით ცრემლი მომდის ხანდახან და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითვლი. ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი. დე, იცი... მე მაჩუქეს აპრილის კაბა და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი. მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა- არ ვიცი, მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი. დე, იცი მტკივა... სისხლისაგან დაცლილი გული, ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ, საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული რიჟრაჟით, ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ. დე, იცი... აღარ მინდა დავხუჭო თვალი, აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება. უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი რისთვისაც ხშირად ზედმეტია მონანიება. დე, იცი... დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას - ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს მე... გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას. დე, იცი... გაზაფხული მოვიდა, მგონი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი