სამხეცე


შენ ხომ არ იცი, რამხელა შეიძლება იყოს ჩემი სიძულვილი
სიყვარულიდან _ სიყვარულამდე.
გაქცევიდან _ დაბრუნებამდე.
ერთადყოფნიდან _ კარის გაჯახუნებამდე.
მაშინ, როცა ცხოვრების გამას 
უკუღმა მოუყვებიან ჩემი შეციებული თითები
და სველ სიჩუმეში მობეზრებული სოლფეჯიოსავით ისმის:
-	მი. რე. დო. მი. რე. დო.
შენ ხომ არ იცი, რამდენჯერ შემიძლია შეგიძულო,
როცა გაუთავებელ დაბრუნებებს შორის,
შენი მტვრიანი ქალაქიდან წერტილივით მოსჩანს თავისუფლება
და ჩახლეჩილ იოგებში ჩაკარგული სიტყვები 
იღებენ ოქტავას. 
საკონტროლოდ.

მხრებზე სახლშედგმული კაცი მოდის გზად.
ტბები აუვსია პირამდე ქვირითს.
მინდვრებს შესევიან ალქაჯები, ზღა-
-პარივით მიაქვს ქარს ამბავი. 
ტირის...
და დღე იყოს ისეთი შორი, რომ თვალებში გიჩანდეს ცრემლები.
და მე ვიყო ისეთი შორი, რომ უკან დაგიბრუნდეს მდინარე.
და ყანა იმდენი თავთუხით, იდგე და ვერაფრით ცელავდე.
ირგვლივ კი, ათობით-ათასმა აჩრდილმა პირბადით იაროს...

შენ ხომ არ იცი, რატომ იკარგებიან ადამიანები
უერთმანეთო სივრცეებში კი არა,
ერთმანეთისგან შემჭიდროვებულ სიცარიელეში,
მაშინ როცა, ვნებადაცლილ სხეულებს
ერთმანეთის პირისპირ სავარძლებში ათავსებენ
და მდუმარებაში დაკარგულ ამოოხვრებს შორის
ღმერთის არსებობა ახსენდებათ.
მოშინაურებულიებული ნადირებივით
პატრონის ხელს თვინიერად რომ ლოკავენ,
და ხორცის გაგლეჯვის სურვილი კი ლაშებიდან
დუჟად მოსდით..

გზაზე დაუღამდა ხილულსა თუ ბრმას.
მიწა შეციებულთ ერთნაირად გვიშრობს.
მინა დაიბზარა, და ლოგინზე ბანგ-
-დალეულივით მიეგდო. 
შიში. 
და დღე იყოს ისეთი ახლო, რომ გვერდით ჩამოჯდომა მოასწრო.
და მე ვიყო ისეთი ახლო, რომ წვიმას გთავაზობდე პეშვებით.
და მერე ათობით-ათასი, აჩრდილი მინაზე მინაწერ
მოლოდინს, ათობით-ათასი წლების შემდეგაც ვერ აშრობდეს.

შენ ხომ არ იცი, რამხელა შეიძლება იყოს ჩემი სიძულვილი
შეცდომიდან სინანულამდე.
სინანულიდან გაქცევამდე.
გაქცევიდან თავისუფლებამდე.
მაშინ როცა, ოთხ კედელს შორის გამომწყვდეული მხეცივით
იატაკს ვჩიჩქნი,
გარეთ ჭექა-ქუხილი მოლოდინში ცა იბზარება,
აქ კი, უცნაურ სიჩუმეში მობეზრებელი სოლფეჯიოსავით ისმის:
მი. რე. დო. მი. რე. დო.

თითისწვერებზე გაიარე, ხომ მხედავ მძინავს.
რამენაირად იქნებ ძილი არ დამირღვიო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი