საზეპირო ადგილები


რა ბუნებრივად და მარტივად შეიძლება რომ
ჩაგხედო სულში. გითანაგრძნო. დავრჩე. ცოტა ხნით.
არ იყოს ღამე. მოვიგონოთ. ანდა უბრალოდ
გავტეხოთ ძილი. როგორც ყავის ჭიქა. ოთახში
მოვიდეს მარტი. დაჩრჩილული კაბა ლოგინზე
გადაფინოს და ბავშვობაში ნასწავლი წიგნის
გამეორება ჩვენ რატომღაც ისევ მოგვინდეს.
გაგიმეორო, როგორც ადრე ნასწავლი ლოცვა.
თვალები _ შავი პარაფინით სავსე სასანთლე.
წლები გასული ჩვენს გარეშე _ ვთქვათ რომ შეცდომა.
წლები გასული ერთმანეთში _ ვითომ სიმართლე.
და მერე ერთხელ როცა უცებ ქარი მაღლიდან
ამ გაზაფხულებს ყვავილებად ჩამოარიგებს
დადგება დრო და ჩვენ ერთმანეთს კვლავ ვუღალატებთ,
რომ არ დავბრუნდეთ.
რა ბუნებრივად და მარტივად შეიძლება რომ
მოვიდეს მარტი. მე ვერ ვიტან წვიმებს. სეზონურს.
ყოფნა ერთად და თანაგრძნობით — არის გაძლება
ყოფნა ცალკე და უჰაეროდ _ სიტყვა მოვზომე.
გაგიმეორებ საზეპირო ადგილებს წიგნის
რომლებსაც დიდხანს ვერ ველევით
ან ვერ ვივიწყებთ.
რა ბუნებრივად შეიძლება ვზომავდეთ. ვჭრიდეთ.
თარგებს. ერთმანეთს.
საზეპირო ადგილებს.
წვიმდეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი