ჩამოეშალა წვიმის თმები ლურჯთვალა ზეცას ..


ჩამოეშალა წვიმის თმები ლურჯთვალა ზეცას
და თუმცა იწვი, ვერ ინთები ო, გულო შენცა!
შენც მემუქრები, ქვის ავგაროზი გკიდია გულზე,
აღარ დავწერო, სახით გოროზით, - მთხოვ სიყვარულზე.
თხოვნა კი არა, იგი უფრო არის ბრძანება:
დაღონებულ გულს რომ ჩაუქრო რაც ეძალება!..
ქვა გაქვს გულადაც, ქვა გკიდია მკერდზედაც, გარეთ,
თუ ცეცხლში დამწვავ, ფიქრობ დიად ძეგლს დაგიდგამენ?
თუ ასე გინდა იყავ მშვიდად აწ და მარადის!-
წადი იმასთან, ვისაც ენდობი ცის კამარამდის...
ო, ამ ტკივილებს, - ვიცოდი წინათ, - შენ ვერ გაიგებ,
ჩემს მწუხარე ხმას, ქარი და წვიმა ფეხქვეშ გაიგებს...
დავრჩები ისევ მე ჩემს მაღალ სიმარტოვეში.
უნდა მცოდნოდა, სხვასთან წახვალ, მიმატოვებდი...
შენ ხომ ქალი ხარ, სულში გიზის ეშმაკი, ჭინკა,
და სურნელებით უცხო ნარგიზის ბევრს შეშლი ჭკვიდან!
მეც წავალ მარტო, ჩემს მშვენიერ, ბობოქარ ზღვასთან,
სულ უცხო კაცის მივიღებ იერს, - რომ გნახავ სხვასთან...
თუ ასე გინდა იყავ მშვიდობით აწ და მარადის!
მე კი... მე მაინც ვერ დაგივიწყებ კუბოს კარამდის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი