ფრთხილად..
აქვე, ბალახზე წამოაწვინეთ ფრთხილად... ჭრილობას უადრესატო კონვერტივით პირი გახსნია. ყაბალახაკრულ სინამდვილეს ებრძვის ინფანტა, როცა ქალაქი გტოვებს შენ და გადის სახლიდან დილა ლამპიონჩამქრალი და თავის იარაღს ტუჩის მოჭმით და ცარიელი ვაზნით გატოვებს, დღეს ემბრიონებს მთვარის შუქზე წიხლებს ურტყამენ შენ კი, წართმეულ რუშ-ხავერდით კაზმავ საცოლეს წარბაწეული დღე გაგათრევს ოთხად მოკეცილს, შენ ცარიელი დაგრჩა სახლი. ვერც კი ისროლე... რა გელოდება დამარცხება თუ ბნელ კარცერში გამომწყვდეული ოცნებები. ანდა სასულეს გადაცდენილი ტკივილი და ყოველ ორშაბათს გაზეთით ხელში ჯდომა ისევ ტელევიზორთან, იმის გაგება, რომ ვიღაცამ ისევ მოშარდა ზედ რუსთაველზე ახლად დარგულ მწვანე გაზონთან. გიჩანს თვალებში ნაპერწკლების გაათმაგება წითელი ღვინით სავსე დოქი, ერთი ხელადა... ყალბი პათოსით ცრემლით სავსეს მთების გადადგმა სადღაც ზღვას იქით უკანონო ბავშვის ხველა და... და ისევ მერე მოღრიალე ხალხის ყიჟინა ანგრევს პროსპექტებს და რა გქონდა და რა დაკარგე?! როცა ქალაქი გტოვებს შენ და შენი სახლიდან ვიღაც უცნობი გადმოკიდებს ჯვრიან ნაქარგებს შენ ტირი ალბათ და ტირილი უადგილოა შენ ერთი ტყვიაც ხომ არ გქონდა და ვერ ისროლე... ყაბალახაკრულ სინამდვილეს ებრძვის ინფანტა, და ცრემლებს ისევ მიწიანი ხელით იშორებ. ფრთხილად, ბალახზე წამოაწვინეთ ის დაჭრილია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი