დანა-შაული
რკინის რელსებზე გდია მიწა. ჩვენ კი მიწისქვეშ, მივათრევთ დღეებს, არ მთავრდება გრძელი გვირაბი და სიყვარული მესმის ასე: როცა ომია და ატყავებულ ხელისგულზე ვეძებთ მიხაკებს. ამ ჩონჩხადქცეულ სხეულში თუ არ შემოგიშვი ძვალი გალოკე, რადგან ხორცი აღარც იჭმევა . ჩემს ქვეყანაში არ სჭირდებათ გვამებს ნიშნული და დავიწყება ეფინებათ ანაბეჭდებად საფლავებს, სადაც ერთის ნაცვლად ორი სიკვდილი თავის ქალებით მიბჯენილან, რომ სასაუბროდ ადგილი ეყოთ და რატომღაც შემოკედლებულ სიჩუმეს სუსტი ხელისგულით ჩაებღაუჭონ. მერე რა, თუკი ერთის ნაცვლად გვამია ბევრი, მერე რა, თუკი ერთ საფლავში სივიწროვიდან გახრწნილ კიდურებს გადმოაფრქვევს ქარი და ბერად აღკვეცილ ტკივილს გამოაგდებს იმ საწოლიდან მკვდრისთვის, მიწაში ადგილიც რომ ვერ მოიძებნა, რადგან ეს მიწაც დაიღალა, ცოდვის ტარებით და როგორც დაფას პლასტელინად შემოაძერწეს სულები გლეხთა, მდიდართა თუ პურიტანების. სულს რას გაუგებ, საფლავშიც თუ ვერ მოისვენა, რადგან საფლავი უკვე ორჯერ გაყიდულია. ეს ღმერთი ტირის, თუ უბრალოდ ზეცის სისველე ტრიალებს ორთქლად ჭვარტლიანი საკვამურიდან. დადიან ხალხში აჩრდილები, დაულაგებელ ქუჩებში ყრიან “ბეჭდებიან” ნაფლეთებს ხორცის და მერე ქარი ელოდება თავის სარგებელს მუხლებზე დამდგარ მიწას თითო ნამცეცად აცლის ქვეყანას, უზანგს დროულად რომ ვერ გაუყარა ფეხი და კუპრში ჩამოწოლილ ეპოქას აწევს უცხო სხეულად და მდუმარე ციხის საყვირი დასასრულს ითვლის, როგორც უკვე გარდაცვლილ საწყისს. რკინის რელსებზე გდია მიწა. ჩვენ კი მიწისქვეშ, ვზივართ იქ, სადაც არ სჭირდებათ გვამებს ნიშნული და არ მაქვს მიწა, მხოლოდ ერთი ციდა სიშორე და ყოფნა ცოცხლად, მკვდართა უხმო დანაშაული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი