მლაშე ტბა


მომკიდე ხელი,
ტბაში ჩემსავით გაშლილ დუმფარებს თვალის გახელას
ნუ აუკრძალავ.
ვტივტივებ წყალზე
ჩემს შიგნით ახლა ნაკრძალია
და საძვალეში დახვრეტილი ფიქრები ძალას
იკრებენ ბოლო თვითმკვლელობას რომ არ გავექცე
უშენობისგან შეციებულ წუთისოფელში.
ნეტარ არს კაცი - ჩემამდე რომ ვერ მოაღწია.

იარეს გზაზე,
ასი ფუთი მარილი ჭამეს,
რომ ერთმანეთი მლაშე ტბებად გადაექციათ.
პირისპირ დარჩნენ,
მაშინ როცა უკვე საცერში გაიცრა მათი კაცადყოფნა
და შეაციათ სურვილით შავად ანთებულმა ამა სოფელმა.
ლაზარეს შემდეგ ვეღარ აღვდექით.
ნეტარ არს დილა - მამლის ყივილს თუ ვერ მოესწრო.

მესროლოს, ვისაც,
შეუცოდავს ნაკლები ჩემზე .
მესროლოს ,ვისაც
შეუძლია წასვლით შეჩერდეს
იქ, სადაც ქარიც ერიდება უკვე ჰორიზონტს
და მოტეხილი ფრთები ვეღარ იმაგრებს ჩიტებს
დაჭორფლილ კანზე ნისკარტები შემომაზომეს-
სხედან-მკენკავენ.
ნეტარ არს მტრედი, სამრეკლოში თუ ვერ შეფრინდა.

გადალამბული ბუმბულიდან წვეთავს სიცოცხლე
როგორც ნაწყვეტი გათელილი ყოფიერების.
ზევიდან ისე ჩამცქერი სულში
თვალებში გინდა აღმებეჭდოს თითქოს ფირებად
შავ-თეთრი ღამე
ნაწყვეტი კადრის
იქ, სადაც ფსკერზე დაუყრიათ საფირონები.
მომკიდე ხელი,
ქარის ხმა არხევს ჰორიზონტს და შეღამებულზე
მე იქნებ დავრჩე.
ვტივტივებ ტბაზე.
თუნგში დუმფარად ვიშლები და
დღეების სარჩევს ვაზავებ წყალში,
რომ უშენობა არასოდეს აღარ დამჩემდეს.
ჩამოდგი ფეხი .
ნეტარ არს ღმერთი, ჩემამდე თუ შემოაღწია.

მესროლოს, ვისაც,
შეუცოდავს ნაკლები ჩემზე .
მესროლოს ,ვისაც
შეუძლია წასვლით შეჩერდეს
ფსკერზე ხავსად რომ იტოტება,
მე როგორც თავშალს
გაფარებ ამ თმას
და საძვალეში დარჩენილი ფიქრები ძალას
იკრებენ ბოლო თვითმკვლელობას რომ არ გავექცე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი