სტუმარი


და მივდიოდე. 
იყოს ბინდი. 
ხმა არ ისმოდეს. 
გზაზე დუმილი იწვეს, როგორც ბალიშზე სევდა. 
თმასავით უკან ავიკეცო გაზაფხული და 
შიშველ კისერზე ჩამოვარდნილ ყვავილის ღეროს, 
ეთერზეთივით გასდიოდეს ცრემლი ტყეების. 
იქვე ლავანდა ყვავილობდეს 
მე კი ხელებზე, 
მაყვლოვანივით მეზრდებოდეს 
შენი ეკლები. 
შემომხვდეს ბაღი. 
ყვავილები იდგნენ მორცხვად და 
ფუტკრები პირში იგროვებდნენ აკრძალულ ნაყოფს. 

ტკაც! დაიძახონ ჩემმა მყიფე ძვლებმა 
ბაღში კი, 
ხეებმა დილას განთიადი გადაუმალონ. 
სატაცურივით ატრიალოს წვივი მთვარემ და 
ნაკვერჩხალს, უკვე მოშიებულ პირსავსე ლოგინს 
წლები დაჭრილი მორებივით გადააყაროს- 
თავზე მორი-მორ. 
ნელ-ნელა....ჩუმად... 
დაგინახავს, როგორ იწყება 
გამოსვლა მაშინ, როცა გტოვებს ყველა სიზმარი?! 
მხოლოდ საკუთარ გარდასახვას ემორჩილები 
როგორც სხეულის, საკუთარი თავის სტუმარი, 
უეცრად რჩები გამოღებულ სახლის კარებთან 
და ხვდები, უკან გაბრუნება ვერ მოასწარი. 

მიდი სტუმარო, სახლი სხვისი დაისაკუთრე- 
შენია ახლა. 

ტკაც! დაიძახოს ჩემმა თეთრმა, გლუვმა კანმა და 
მიწას სისხამზე დაებზაროს შავი კედლები. 
ნაფლეთებიდან ჩანდეს ბაცად, 
ზევით მცოცავი 
და მკერდის ძვალთან ამოზრდილი ტყე პიონების, 
რომლებსაც ხელებს კიდებდე და 
არ გქონდეს ხელი, 
რომელსაც ტუჩებს ადებდე და შხამი გდიოდეს. 
რომლებსაც თვალებს ჩუქნიდე და 
მზერა ამოთხრილ 
ორმოებივით ნაკრძალებზე გადადიოდეს. 

მოდი სტუმარო, სახლი ჩემი დაისაკუთრე- 
შენია ახლა. 

და მოვდიოდე. 
იყოს ბინდი. 
ხმა არ ისმოდეს. 
გზაზე დუმილი იწვეს, როგორც ბალიშზე სევდა 
რა ნამდვილი ვარ. რა შიშველი. 
ეს სინამდვილე გიმძიმებს ნაბიჯს 
სწორედ მაშინ, როცა ვერ მხედავ 
და როცა დაცლილს საკუთარი სიკვდილისაგან 
შენ მოგინდება დაბრუნება, სწორედ ამ ბაღში 
დაჯდები სადმე, რომელიმე ხის ან ამ ცის ძირას- 
თვალებს დახუჭავ 
და ლავანდას კანიდან მაცლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი