ემიგრანტი


„დაგვლოცე, დედი, ობლები ვართ“....
ოთარ ჭილაძე


კადრი პირველი:
მე, აქ საკუთარ სამშობლოში
შენს დაკარგულ განთიადებს ვეძებ
და ხელისგულზე დიდი მეტალის მზე მიბრწყინავს.
შენ კი გგონია, ერთი მერცხალიც თუ გადმოფრინდა
ჩემი ბუდიდან შენი ქვეყნისკენ
- გაზაფხულია.
კადრი მეორე:
მე, აქ საკუთარ ქვეყანაში,
ფასადურად მომღიმარი ტელეეკრანიდან
საკუთარ ფსევდოპორტრეტს ქუჩაში ვხევ და მოვდივარ.
შენ კი გგონია, გზები მოკლდება ჩემს და შენს სულებს შორის
და ერთხელაც, როცა შევხვდებით
გზა არ გვექნება.
კადრი მესამე:
შენ, იქ სადღაც სხვა ქვეყანაში
მონატრებისგან დაცლილ საწოლზე
გადაჭრილი კუნძივით წევხარ და ნერგს ვერ ახარებ.
მე კი მგონია: გაიქეცი. ანუ გაქვავდი.
შენ კი: დავნებდი. დავრჩი. მიწა შემოვიყარე.
და ჩვენ ორს შორის სად არის ღმერთი...



და რომ ჩვენს შორის დევს ერთი მოჭრა. მიწა ან პური.
ერთი გზა დიდი. ერთიც უფრო ნაკლები. მცირე.
მდინარე, ორი ნაკადულით გავინაპირე.
წყლები დავღვარე და…ნაპირზე გარიყულს მცივა.
მხედავ?! აქედან გიღიმი და სველ ხელებს გიქნევ.
მაინც მგონია, რომ გაქცევა იყო. იოლი
და რომ ჩვენს შორის არის ბინდი, იმ მერქნის სისქის
ჩვენს ხეს რომ ჰქონდა და ორივეს მზერას გვიელმებს.
შენ ჩემზე მეტად გიხარია ადგომა დილით,
რადგან გგონია, კიდევ უფრო მიახლოვდები.
მე განთიადი საბალახოდ მთას გადავდენე
რომ უფრო მკრთალად დაგანახო შავი სახლები.
ჩვენ ერთი ძაფის ორი ბოლო, აქეთ და იქით.
ერთი გორგალის ლაბირინთი. ანდა ბორბალი.
ერთმანეთისკენ გამოპარულ წყალ-წყალა ფიქრებს,
ერთმანეთისგან გაქცევით თუ ყოფნით ვიბრალებთ.

კადრი ოცდამეხუთე:
მე, აქ საკუთარ სამშობლოში
შენს დაკარგულ განთიადებს ვეძებ
და ხელისგულზე დიდი მეტალის მზე მიბრწყინავს.
შენ კი გგონია,რომ წელამდე ბავშვობის მინდორში ვდგავართ-
და ამ დიდ გორგალს,
ძაფებს ვუსინჯავთ.

„დაგვლოცე, დედი, ობლები ვართ“....
დაგვლოცე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი