ტრი-დე
ნეტავი რისთვის გამაჩინე ადამიანად განა არ გესმოდა, დედის მუცლიდან როგორ გიბრახუნებდი ასწლოვანი მუხისთვის მისაბარებელ ხელებს სამყაროს ჭიპი აქ გადის და ნუ გამომიყვანთქო. ტბა ტბა მირჩევნიაო?! გზისპირა სახლში წელამდე აივანზე გადმომდგარი კაცი - მამაჩემი იყო. ადრე ზურგით ბეტონისგან ნაშენ ორასტონიან აივანს დაათრევდა და წვიმა სულ წვეთ-წვეთ ჩამოსდიოდა. მერე ადგა და ნაბდით გადახურა. აბა, ნაბადი რას დაიჭერდა, ციდან სეზონურად მოთქრიალე სითხეს ვაშრეთ-ვაშრეთ-ვერ გავაშრეთ სიტყვა დაგვისველდა და ვკეცეთ-ვკეცეთ-ვერ დავკეცეთ შარაგზაზე ეგდო უპატრონო კენჭივით. მგზავრმა გამოიარა და ზურგჩანთაში ჩაუძახა. მერე ვიღაცამ თქვა, ნეტავი იმათ, მზე რომ წინ უდგათ და მთვარის შუქზე ვერშემდგარ პაემნებს მისტირიანო. გული ხელით უჭირავთ და წუთში სამოცჯერ ღალატობენო, ფეხებქვეშ მიწა ეცლებათ და ჰაერში ცათამბჯენებს აშენებენო. თავზე აწვიმთ და სიტყვა ვერ დაულბიათო. ვტირი და ვერცა ვტირი, გიყურებ და ვერცა გხედავ, გელაპარაკები და ხორხში ჭადის პატარა ნამცეცივით მეჩხირები. ახლადფეხადგმული შენს კალთაზე რომ დავბობღავდი ყოველ შეხებაზე მთები მეჭეჭებივით რატომ გეზრდებოდა?! ვარსკვლავების დათვლა ბავშვობაში ადამიანებში რომ არ გყვარებოდა, ცაზე მნათობებს დავთვლიდით ახლა. მე კი, შენი სიბერისაგან დანაოჭებულ კანს ვუთვლი ცხოვრებას და ვარსკვლავების ჯიუტად თვლისთვის ხალებად დამჩნეული გორაკები- ჩემი ბავშვობა სამუზეუმე ექსპონატივით მიდევს წარსულის სკივრში. დღეს დილით ჩემს ოცდაექვსი წლის დეიდაშვილს ყელიდან ხვიარა ამოეზარდა და მიწიანი ფრჩხილებით რომ არ ამომეგლიჯა დაახრჩობდა კიდეც. შენ რას გაიგებ ამ ყველაფრისას... კარაქიანი პურივით ლუკმა-ლუკმა უნდა ჩაგიდო შოშიასავით დაღებულ პირში ეს ამბები და ნაკეც-ნაკეც გავშალო გზა. ვერც იმას მიხვდები, საიდან გაჩნდა ეს კილოკავი ჩემს ზედმეტად ქალაქურ დიალექტში კავი გამოუდია ვიღაცას სიტყვა კილოობით აწონილა. დამძიმებულა. ჩემი ქალობა გაგიკვირდება მკითხველო, მაგრამ იმაზეც თუ იფიქრე რომ სქესი ზოგისთვის იარაღია, ზოგისთვის კი ფიზიოლოგია- გაგივლის ალბათ. ადამიანთა ცხოვრება სიკვდილი რომ ყოფილიყო გარდაცვალებას რაღას დააარქმევდი ნეტავ? ბევრი ხომ არ მოგივიდა მკითხველო? რაც არ მოგეწონოს, გადაფურცლე. რამაც დაგღალოს, ამოხიე. რამაც შეგაშინოს - წარმოიდგინე, რომ კინოთეატრში ზიხარ და “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” გადის. უბრალო მონათხრობი როგორ გაგილღობს აისბერგივით გაქვავებულ ოცდამეერთე საუკუნის ტრი-დე ეფექტებით სავსე გულს მეგობარო. მაგრამ ერთი წუთითაც რომ გააპარო შენი ფსევდოგალანტური, დაღლილი მზერა- საქმეა ეგეც. მკვდართა გარდაცვალებისა გსმენია? ხილვა-წინათგრძნობებისა? გარდასახვა განსხეულებისა? დროში აცდენისა? დაბრუნებისა? დაბრუნებისა თუ იცი რამე? მაშინ გამომყევ. ამ შავ მსოფლიოში. სივრცეში ორბიტის. აცდენილ გზებით და თანავარსკვლავედით. რამდენი უსახო ლანდი დააბოტებს. რამდენს, უსათუოდ სიკვდილს ვავალებდით. რამდენს, დაბრუნება სულ არ ეჩქარება. რამდენს წასვლა უნდა, ფეხის მონაცვლებით. რამდენი დაწვეს და წაიღეს ქარებმა გზადაგზა დაფანტეს ფიქრები... განცდები... ახლა კი ნაცრიდან ვაგროვებ ძვლებივით იმ ძველ სამკაულებს, გახვრეტილ მონეტებს, ერთხელაც, აქ როცა მიწა დაიძრება და ცაზე ყულფების ასეულს დატოვებს, სადღა გადარჩება თქმული თუ სათქმელი, მიწის დაბარვა თუ ასფალტით დაფარვა, ხმელეთზე მიათრევს ცხოვრებას-აქლემი როგორც გათელილი დარდების ქარავანს. და მე შევძახე, ჰოი სულნო მოგვიახლოვდით თუ შესაძლოა, რომ გიხილოთ და შეგესიტყვოთ!—დანტე. ვიწყებით. (პროლოგის დასასრული)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი