ბავშვები უნდა გადავმალოთ ..


ბავშვები უნდა გადავმალოთ.
საშოში უნდა შევიბრუნოთ და პირი ცხელი ნემსით ამოვიკეროთ.
ბავშვები უნდა გადავმალოთ.
თვალებიდან მზეები ამოვუძენძოთ და გამომშრალ ძვლებზე ცარცი გადავუსვათ.
ბავშვები უნდა გადავმალოთ.
ხერხემლიდან სანგრები ავაშენოთ და გულხელდაკრეფილები დავაძინოთ.
ბავშვები უნდა გადავმალოთ.
სახეები დავმანჭოთ და დაბადება გადავდოთ.
ბავშვები უნდა გადავმალოთ.
წურბელებივით გავიბეროთ სისხლით და სიცოცხლე გადავუსხათ.
დაბადება უნდა გადავდოთ.
საკუთარი თავები მოვიგონოთ და ბავშვები გადავმალოთ.

„ნეტარ არიან მორწმუნენი“...
ღვთის გზაზე მებრძოლნი,
ღვთის სახელით მებრძოლნი,
ღვთის სახელით შემოსილნი.
„ნეტარ არიან მორწმუნენი“...
ცრუ სახელით მებრძოლნი,
ცრუ გზაზე მებრძოლნი,
სიცრუით შემოსილნი.
„ნეტარ არიან მორწმუნენი“...
ჯვაროსნური ომების სახელით მებრძოლნი,
ჯიჰადის სახელით მებრძოლნი,
ღვთის სახელით ბავშვების მკვლელები.
„ნეტარ არიან მორწმუნენი“...
მომხვეჭელობის გამო მებრძოლნი,
სამოთხის გამო მებრძოლნი,
სიკვდილის გამო მებრძოლნი...

„ალაჰ აკბარ!“ - დიდება შენდა ღმერთო ერთო,
დიდება, შენდა.
შენ, ვინც მოგვიგონე ჩვენ და მოიგონე ომი და მოიგონე სამოთხე.
შენც, ვინც აგვასხი იარაღი და მოგვიწოდე ჭეშმარიტი რწმენის დასაცავად.
შენ, ვინც გვიპატრონე მარტო დარჩენილთ და უსასოოდ მიტოვებულთ.
შენ, ვინც მოგვეცი ძალა და თავგანწირვა და რწმენა და იმედი.
შენ, ვინც მოგვეცი პური და წყალი და ღვინო და 
აგვასხი ხორცი და ძვალი და შთაგვბერე სული.
შენ, ვინც მოგვმადლე სიცოცხლე და სიკვდილი და მორჩილება
და გვითხარი:

„ნეტარ არიან მორწმუნენი“...
-„ალაჰ აკბარ!“ - დიდება შენდა ღმერთო ერთო,
დიდება, შენდა.“

და მხოლოდ მაშინ, როცა დაბადებას გადავდებთ
და მხოლოდ მაშინ, როცა გადავადებულ დაბადებებში დავბრუნდებით
და მივხვდებით, ეს სხვა ცხოვრებაა,
არა ისეთი, რომელიც მოგვეცა,
არამედ ისეთი, რომელიც მოგვიგონეს,
სადაც მოხუცები და კბილებჩაცვენილები ვერაფრით გავიზარდეთ
ჩვენ, რომლებმაც სიკვდილი მოვიგონეთ
და ჩვენ, რომლებმაც სიცოცხლეც მოვიგონეთ, -
გულ-ხელ-დაკრეფილები უნდა დავდგეთ.
გულზე ხელი უნდა დავიკრიფოთ და 
ბავშვები გადავმალოთ,

რადგან არსებობენ სიკვდილები სიყვარულის სახელით
და არსებობენ დაბადებები სიყვარულის სახელით
და არსებობენ ომები სიყვარულის სახელით და

„ნეტარ არიან მორწმუნენი“...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი