როცა პეპლები მრავლდებიან


როცა პეპლები მრავლდებიან, როცა გზა საით-
კენ მიდის. იცის მხოლოდ შავ-თეთრმა დაფამ,
რომელზეც უკვე ხანდაზმული სიცოცხლის ნაცვლად,
იმ წლების ნაცვლად, მხოლოდ მგზავრის პატარა საგზალს
იტოვებ შენთვის და ხელები გევსება მიწით
და მერე მიწას საბანივით ნიკაპთან იწევ,
და ხვალინდელი მოგონება სულს ისე ღაფავს,
შენ კვლავ გგონია: ფეხი ცაზე გიდგას. და ჩანხარ,
იქ, სადაც უკვე სულერთია რამდენჯერ გზომეს
და წაქცეული მათარიდან იცლები. გაწვიმს.

წყალი დავღვარე. თვალწყალი მაქვს. მალე პეპლების მინდვრებზე. გროვა.
სისხლიან ხელებს ეხვევა და - ქალაქიდან ხომ შორსაა ომი.
კადრი: აქ ხმელი ხეებია. წვანან. დრომ ხავსი გაუნადგურა.
კადრი: აქ მწვანე ხეებია. დგანან. ხელოვნურ ტყეს იშენებენ.
ჩვენ არ გვაქვს ფერი ჩვენი სევდის. ასე რომ გვსურდა.
ჩვენ არ გვაქვს სუნი ჩვენი პურის, ვჯერდებით ნარჩენს.
ხელები მაშინ გვიგრძელდება
თვალები მაშინ გვეხილება
მუცელი მაშინ გვებერება
როცა დრო გვაჩენს.

როცა გგონია, ბანალური ჯვარედინ დროში
გაბმული რითმა, ჯვრის გარეშეც ტარება დროის
ისე უშნოა, როგორც შენი მეზობლის ცოლის
ძირს დავარდნილი საყურე და
გარეთ კი დროშებს აფრიალებენ!
გარეთ კი კივის ქარის ესტრადა,
უსაფუაროდ მოზელილ ცომის
სახე აქვს ქალაქს, ჭას რომ ჩავარდა.
შენ კვლავ გგონია: ცალი ფეხი დამალე ქარში.
და ჩანხარ, როგორც ანარეკლი შენივ ეტრატთან.

ცრემლი ამძაღდა. პირწყალი მაქვს. ქვეწარმავალნი გამზირებს ჭამენ.
მზე რა შორია გაზაფხულზე. მით უფრო თუ მშვიდობა მოაქვს.
კადრი: აქ სხვისი ქალაქია. აქ მშვიდობა. აქ ჭიქაზე ნახეთქი. ბზარი.
კადრი:აქ ჩემი ქალაქია. აქ ომია. და უსისხლო სიკვდილის ნდობა.
ჩვენ არ გვაქვს ნდობა ჩვენი მკვდრების, მიწა რომ ვთხარეთ.
ჩვენ არ გვაქვს ლოცვა ცოცხალთათვის, არც დრო გვაქვს ჩვენთვის..
ხელები მაშინ გვიგრძელდება
თვალები მაშინ გვეხილება
მუცელი მაშინ გვებერება
როცა დროს ვაჩენთ.

როცა პეპლები მრავლდებიან, როცა გზა საით-
კენ ქრება, ვეღარ ვიგებთ, ან როცა სათქმელს,
თვალგახელილ სიმართლეს სხვისას,
ვიგუბებთ პირში, თუნდაც ძალა აღარა გვქონდეს აღმართის ავლის,
ვიგუბებთ პირში, რადგან ჩვენი აღმართიდან შორია მიწა,
და საკუთარი მაჯისცემა გვიჭირავს ხელში
და საკუთარი ფანჯრებიდან მშვიდობას ვხედავთ,
მაშინ ომია, ოღონდ ომში არავინ კვდება
და საკუთარი ცხოვრების გზა გვამებზე მიგვაქვს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი