შემთხვევა


აი, ჩემი დაბადება, ღმერთო.
ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ სამშობიაროში
ჩემი ვარდისფერი ფეხისგულებით მოტანილი დაბადება.
პირველი შვილის მოლოდინით თვალებაციმციმებულ დედას
იავნანა რომ ეგონა და მე უკვე ვიცოდი,
იმ ათასობით დაუბადებელი ბავშვიდან
გადარჩენა მხოლოდ იმიტომ მერგო წილად,
რომ ამ ჭრელ ქალაქში
სიტყვები ფეტვის ნამცეცევივით მომეპნია,
არარსებული ცხოვრების პარტერიდან კი,
იმ დაუბადებელი ბავშვების თვალები გამომყოლოდა გზაზე,
სადაც ყველაფერს შემთხვევა დავარქვით,
რომ ერთმანეთი უნებლიედ გაგვმართლებოდა.
აი, ჩემი მარტოობა, ღმერთო.
ჩემი სიტყვების სანაცვლოდ,
ლატარიაში მოგებული მარტოობა,
ბილეთის საფასურის პირდაპირპროპორციული მოგებით
იმ ახდენილი ლექსებისთვის საზღაურს რომ მიხდიდა და
ვერაფრით ვუხსნიდი ჩემს შვილს,
რატომ ვიცოდი ყოველთვის წინასწარ,
როცა სიკვდილი ვინმე ჩემიანს ხელს მოხვევდა და
მეცამ ცარიელ ჭაში ჩაგუბებული,
იქიდან პეშვებით ამოღებული სიცარიელით ვიკვებებოდი.

რომ დგახარ გზაზე. ან არ დგახარ. ან უკვე იყო.
რომ შეგხვდა გზაზე. ან არ შეგხვდა. ან როგორც არის.
რომ დაგხვდა კვერცხი საქათმეში. მძიმე, ან ლაყე.
რომ სახლი ნახე და შედიხარ. ან თუნდაც გარეთ,
რჩები. ან თუნდაც, ჩაუვლი და ვერ ამჩნევ თითქოს.
რომ გარეთ მზეა, ან პირიქით, მსუბუქად ბარდნის.
რომ ქარი, ჭრელი თავსაფრიდან მომავალს გიქნევს,
ან თუნდაც დგახარ და ვერ ზომავ მისასვლელ მანძილს.
რომ სადმე მგელი გადაგაწყდეს - მშიერი ფაშვით.
ან თუნდაც ნადირს სავსე ჰქონდეს კუჭი და წასვლა
შეგეძლოს მშვიდად. ან პირიქით, არაფრით გიშვებს,
რომ გაჭრილ მუხლზე გადაგისვას ხორკლივით ენა.
რომ შეგხვდა კაცი, ან არ შეგხვდა, ან უკვე იყო.
რომ ღამით ებრძვი მარტოობას. ან უკვე - აღარ.
რომ შეგიძლია იმშვიდო და სხვა ბილიკს მიყვე.
ან სულ პირიქით, - მის თითებში ცვილივით გალღვე.
რომ მიხვდე, შენ სხვა არჩევანი აღარ გაქვს თითქოს.
რომ გზაა შენი ასეთი და ვერაფერს შეცვლი.
და არ გჭირდება - ეს ცხოვრება, ზიხარ და ფიქრობ.
და შენ გჭირდება ეს ცხოვრება - აქ ტუჩის საცხი,
გადაისვი და დაელოდე, რომ სადმე იქით,
გელოდებიან, როცა დროა. როცა დრო. იცდი.

აი, ჩემი ქალაქისხელა თვალები, ღმერთო.
უამრავი ქალაქის წრეებად დაზოლილი სიმუქე
ფანჯარაში უნებლიედ გამკრთალი მზეების სანაცვლოდ
რომ გამოვიგონე და თავის ტვინში სხვაგან მოხვედრილ არტერიას
ექიმებმა განვითარების მანკი დაარქვეს,
რომ ჩემი ცხოვრების თანამდევი - თავის ტკივილი,
თავისივე სამედიცინო ცნობაში გამმართლებოდა.
აი, ჩემი ხეიბარი სიყვარული, ღმერთო.
ყამირ მიწაზე შემთხვევით მოხვედრილი
და ჩემი მლაშე სხეულიდან იასამნის ტყედ ამოზრდილი,
ტოტების დამტვერვის სანაცვლოდ,
საბანქვეშ მაისის მზიან ამინდებს რომ მალავდა
და ამინდის პროგნოზში გამოცხადებულ ცვალებად უამინდობას
სარეცხის თოკზე ფერადი სარჭებით ამაგრებდა,
რომ ფესვები ჩვენი სახლის ჟოლოპიდან თქრიალით წამოსული,
გამდინარე წყლით არ ამოვსებოდათ,
და ერთმანეთში გადარჩენილებს,
ვითომ შემთხვევით გვეთქვა:
-წვიმამ გადაიღო.
რომ წვიმას მთელი დედამიწის დატბორვის სანაცვლოდ,
ჩვენს ძარღვებში ეთქრიალა და ერთმანეთით გამართლებულებს
ვითომ შემთხვევით ჩაგვძინებოდა.

აი, ჩემი დაბადება, ღმერთო.
ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ სამშობიაროში
ჩემი ხორკლიანი ფეხისგულებით მოტანილი დაბადება.
აი, წითელი კვერცხი გაგორდა ღმერთო.

პარასკევია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი