გვალვა


ასეთ ღამეებს რა გალევს.
წელზე ბაფთად შემოსალტული გამთენია მენჯის ღრუში
წვეთ-წვეთ რომ გაღვრის მარტოობას
და გახრიოკებულ მინდვრებზე შემთხვევით ამოსული
მზესუმზირები წყურვილით იხრჩობიან.
ყმუილით მოგდევს ქარბუქი.
განჯღრევს.
საკუთარი ჩრდილიდან გამოდიხარ და
წვერ-ულვაშივით ამოწვერილ მოლოდინს
მტვრის კორიანტელში თესავ.
იპოვე? ვერა?
აი, შენი დაკარგული ხელი გზისპირას გდია.
სისხლის კვალი კი არ ეტყობა.
გეგონება, - გაღეჭაო ვინმემ.
ვიღაც დიდმა.
შენზე დიდმა და ღონიერმა.
„ტყე-ტყე იარეო“ - გითხრეს და შენი მარჯვენა თვალი
ხის კენწეროს უყუნწო ალუბალივით შესობია -
გადამფრენებმა რა ხანია გადაიფრინეს.
ეს რა წყალ-წყალა ამბები მოუტანია მდინარეს..
გამოღმა კაცის გვამი ჩამოუტარებია და იცინის.
გაღმა - ქორწილია და ტირილით თვალებს ისიებს.
იქაც შენი მოგლეჯილი ფეხი საფლავის სვეტად დაუდევს და
ზედ საქორწილო სუფრა გაუშლია.
მიდი და იზეიმე დასახიჩრება.
გასიებული ენა, კბილებს შორის უცხო სხეულივით რომ გამოგჩრია,
შენი ხელით ამოიგლიჯე და და იმ უყველპურო დღეებს
ლორის ცხიმიანი ნაჭერივით გადააწვინე.
უპოვართათვის მადლია.
შენთვის - ზედმეტი.
გაუდაბურებული ტანიდან სათითაოდ ამოკრიფე:
შეხვედრის კრისტალები;
მოლოდინის ქინძისთავები;
მარტოობის სათითეები;
განშორების - მაკრატლები;
გაფინე მერე თეთრი ზეწარი
ხმაურით დაუშვი სიმძიმე შენი სხეულიდან,
გუდასავით გამოკარი და პირველივე მგზავრს აჩუქე.
რა იცი, რაში გამოადგეს,
რა იცი, რა დროს დაუღამდეს.
შენი ცარიელი გული კი,
მომლოდინე კოკასავით შემოდგი სადმე -
წყაროსთან.
გამოივლიან და მწყურვალნი დარჩებიან.
გამოივლიან და გვალვა დააწყლულებთ.

მერე გაიქეცი,
ამ გახრიოკებული მინდვრებიდან გაიქეცი
და ნამდვილ მიწაში ჩამარხე შენი ნაკლული სხეული.
იქნებ საკუთარი ჩრდილიდან გამოსულს,
ვინმე შემოგხვდეს და გაგამთლიანოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი