ჯვარედინი


გზა ჯვარედინი. ჯვარედინი რითმის მაგიერ. გზა.
ჩემს უკან შენი ზამთარია. გზა დაბრუნდება უკან ისევ. ზეგ.
ზღვარგადასული. ზღვით ავსებული ნაპირები აქვს მას.
ზღვადაკარგული. უცხო ქალაქის მონატრება - მე.
ხელისგულები. ნიჩბებივით უღონოა. დღეს,
ან ხვალ ისევ გათენდება. დღეს თუ არა და ხვალ.
გზა დამალული სათქმელია. წასვლა თუ აღარ ღირს.
გზა - დაწერილი სიტყვებია. თუკი გაგკრავენ მხარს.
მზეა. ჩვენს შორის ახლა მზეა. მზეა. მზის იქით
აქეთ და იქით, სათიბებზე დამწვარან გზები.
მზეა. და ახლა დროულია სიკვდილი, - ფიქრობ,
მზეა და ახლა მზის გადასწვრივ მიწაზე მგზავრობ.
მზეა. და ახლა ისე შორი მზეა. მზეა. მზის აქეთ
ცვილის სახლებში კაცნი ბჭობენ. კაცნი უბნობენ.
მზეა. ვწევართ და ტანზე ზამთრით ნახანძრალს ვიქრობთ
და თვალებს ვხუჭავთ ჩვენს დაკარგულ ფერად საბნებზე.
-გზა ჯვარედინი. ჯვარედინი ნასკვის მაგიერ. შენ.
შენს უკან მთელი სამყაროა. მზე დაღამდება ალბათ. თუ.
ხმას თუ არ იღებს ნასახლარი. ნასახლარზე თუ არწევენ ჩვილს
ხმადაკარგული იავნანით. არ გაიარო. იყუჩე. ჩუ..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი