შიში


გითხარი გამოდი ჩემიდან, ჩემიდან გადმოდი, ჩემიდან გადმო –
დი. დიდია ქალაქში, ქალაქში, რომელიც ცხოვრებას გაურბის, გაურბის ცხო –
ვრებას. სიცრუე. სიყალბე.შიშველი ცხედრები. შიში და ჩანასახ –
დაკარგულ სამყაროს კისერზე დამხრჩვალი ბატკნები ჰკიდია.
გითხარი. – წყლებიდან. წყლებიდან ვიმღვრევი. ვიმღვრევი სადმე თუ–
კი არ დავიბადე. უბრალოდ მოვკვდი და სიზმარში ავცხადდი -
დილამდე. გეთქვა და დილამდე. დილა კი, მნათობებ-
დაკარგულ ცაზე წევს. ისვენებს. გითხარი: გადმოდი. გადმოდი.

გეძებდე, გეტყოდე: - მხრებს უკან ღამეა, კბილებით დაძიძგნილ
ველ-მინდვრებს ქორი და. სცილა და. ქარიბდა. სცდებიან ერთმანეთ-
დაკარგულ ხეობებს. წვიმა და. ქარი და. ხელები ხეების
მაგივრად ჰამაკებს აბამენ. ავადობს. ჩავარდა ლოგინად -
ხმელეთი. მიწაა. მიწაზე ძვლები და. ცარცი და. დაფიდან
ნაფშვენებს ვაკავებთ. ვბერდებით შიგნიდან. ფუღუროს შიგნიდან -
გვეზრდება ნაძვები. ტყეა და სიჩუმე. გვეძებენ ქალაქებ-
დამარხულ მოწაზე. გეძებდე,გეტყოდე: - არ გინდა. რად გინდა.

ვიტყოდე: დარჩი და ჩემიდან გადმოდი.გადმოდი. გადმოდი ჩემი-
დან. ყელი და ბაწარი. გზები და შეხვედრა. ვიტყოდე: დარჩი და -
დილაა. დილა და სიბნელე. სიბნელე. დილა და. ნაპირებ-
მოხერხილ ღამიდან გამომაქვს ტანი. და უნიჩბო ნავიდან -
კიდურებ-დაკარგულს გაძინებ. გითხარი: – იმღვრევა წყლები და
იწყება მოქცევა. ვიძინოთ. ვიძინოთ. აქ უკვე მიწიდან
გვხედავენ. დილაა. დილა და სიბნელე. სიბნელე. დილა და
გითხარი: გამოდი ჩემიდან, ჩემიდან გადმოდი, გადმოდი ჩემი-
დან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი