თვითმკვლელთა შვილებს


ამ ჭიაღუებს დაბადება დაუგვიანდათ.
პეპლის ჭუპრიდან გამოჩეკილ ადამიანებს,
ფრთამოგლეჯილი ოცნებები ერგოთ საგზლად და
გათენებულზე - საკუთარ ხორცს ხარბად იჭამენ.
გადამწიფებულ დედამიწას სხვა რა შემორჩა,
თუ არა ომებს დააბრალოს კუზის ამოზრდა,
ხმელეთის გასწვრივ ამოსული არქიპელაგი.
ეს ნაწილ-ნაწილ მორღვეული კიდურები კი
ყრია, გგონია რომ ბავშვობის სათამაშოებს
ვიღაცამ მჭრელი, ბასრი დანა სიგრძივ დაუსვა
და დედამიწა დაიმტვერა მათი ნახერხით.
აქ სიკვდილია.
საფეთქელს და საფეთქელს შორის,
მიედინება წყალი მდორედ - გრძელ დერეფანში. 
თვითმკვლელთა შვილებს - გადარჩენა გვიგვიანდება,
თვითმკვლელთა შვილებს - სიყვარულსაც არ გვპატიობენ
გრძელ სიცოცხლეში
და...
მე, ვისაც სამყარო ამ ერთი უძილო ღამისთვის მებევრა,
ლოცვისთვის განკუთვნილ სეფისკვერს - გაყინულ თითებში ვმალავდი.
მე - ვინც გაციებულ კოცონს ვასუნთქებდი სიცოცხლის საბერველს
და ღამეს ვუყოფდი, შემზარავ, სისხლიან, უძილო მოლოდინს.
მე - ვისაც არასდროს, არცერთი წუთით და წამით და საათით,
ცხოვრება _ ბორბლებზე შემდგარი ურჩხული, მარტოს არ მტოვებდა.
მე - ვინც ეს დუმილი, უსისხლო, უსახლო, ვერაფრით გავათბე
და წლობით ვატარე, სულები, ჩრდილები, თვალებში მსტოვრებად.
შვიდი თაობის საზიდ ხურჯინს მოვათრევ ზურგით,
ჭუპრებით სავსეს, და ხელები მევსება მიწით.
და როცა პეპლებს მოლოდინი ააფრთხიალებთ,
ან როცა ფრთებით საიდუმლოს დაიფერთხავენ,
ყველა ჭუპრიდან გადარჩენა, როგორც სათუო
გზა ისე ჩნდება, როგორც ექოს ჩავარდნა ჭაში.
აქ სიკვდილია.
საფეთქელს და საფეთქელს შორის,
მიედინება წყალი მდორედ გრძელ დერეფანში 
თვითმკვლელთა შვილებს თვითმკვლელობაც გვეპატიება,
თვითმკვლელთა შვილებს სიყვარულიც გვეპატიება,
თვითმკვლელთა შვილებს დავიწყება გვეპატიება
იმ სიცოცხლეში...
შენ - ვისაც ამ ერთი უძილო ღამისთვის, არ შეგრჩა ძალები,
სხეულზე ჯვარსა და სულში კი ლოცვების მაჩვევდი ტარებას.
შენ, ვისაც გიცილებ და მაინც ამ გულში ტკივილად ძვალდები
და მაინც ახლოს ხარ, ყოველთვის მარცხნივ და საგულე კარებთან.
შენ - ვისაც ვერასდროს, ჩემი სიძულვილი ვერაფრით მოგწვდება,
და ჯვარი დამასვი ასეთი მძიმე და სასტიკი. ასეთი,
შენ მაინც ჩემში ხარ, ტუჩებთან, ხელებთან, თვალებთან, ღაწვებთან,
მოკვეთილ საფლავთან ტუჩებით, ხელებით, ცრემლებით მაერთებ.
ამ ჭიაღუებს დაბადება დაუგვიანდათ.
აქ სიკვდილია.
თვითმკვლელთა შვილებს
შეგვინდე, ღმერთო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი