ამანა თქვა: მცივაო ..
ამანა თქვა: მცივაო. ავდექი და საწვიმარი გავიხადე. იმან: - მეც რომ არ მაქვსო? ავდექი და კაბა გავიხადე. მესამემ: - ღმერთი მოგვცემსო. გასახდელი არაფერი მქონდა და ღმერთი გავიხადე. -რომ არ მოგვცესო? მუცელში წვიმა ჩავიგუბე და შვილი გავიხადე. პატარამ: - მოვიპაროთო. ყურძენი დავსრისე და გული გავიხადე. ჩემი თვალებით უნდა შეხედო: ღამღამობით, როცა სახმელეთო ამბები სრულდება და საკუთარი სიზმრის ნაოსნობაში წასულები სხვის სიზმრებში იღვიძებენ, ღამღამობით, როცა საკუთარცხოვრებამიტოვებულები სხვის ცხოვრებაში იძებნებიან, ღამღამობით, როცა ენაგადმოტრიალებულები სხვის სიტყვებში ძვალდებიან და მომავალგადარბენილები წარსულში ერთი ნაჭერი ბედნიერებისთვის იქექებიან, რომ ნამცეცებით ამოვსებული სტომაქებიდან დრომ მათი წილი შიმშილი მოშიებული ჩიტივით არ ამოკენკოს და პირში ჭიაყელასავით არ დაეკლაკნოთ ის, რაც ხელისგულზე უხსოვარი დროიდან წაიწერეს და ცხოვრება დაარქვეს, რომ მერე, სიზმრის ტბაში ჩაგუბებულებმა და თევზივით ასხმარტალებულებმა საკუთარი ცხოვრება არ გადაყლაპონ და წარსულდაბრუნებულებს საკუთარი თავის არ შეეშინდეთ, ჰო, ღამღამობით, როცა ცხადში ჩაღეჭილი იასამნის ხუთფურცელა ფოთოლი მწკლარტე გემოს მიტოვებს პირში და წყლის დასალევად ფეხშიშველი გამოვდივარ სამზარეულოში, რომ მუნჯი სურვილები წყალს სიზმრებით გავაყოლო, მე ვხედავ, ხბორივით როგორ მივყვები საკუთარ ჩრდილს ჩემი მომავლის გამოქვაბულში და უკან დაბრუნებულს, საკუთარი თავი მშია. ამანა თქვა - მშიაო. მშია-მეთქი ვთქვი მეც და წყალი დავლიე. - რომ არ გვაქვსო? თევზები ენის კაუჭზე წამოვიცვი. მესამემ: - ღმერთი მოგვცემსო. ღმერთი სადღაა-მეთქი და ფარფლები ენიდან დავიფხიკე. იმან: - რომ არ მოგვცესო? ყელიდან ფხა გამოვიძვრინე. პატარამ: - მოვიპაროთო. მოვიპაროთ-მეთქი... და საკუთარი თავი ვიქურდე. „ბოლია, ბოლია, ხბო წითელია, ძროხა ჭრელია.“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი