ზავი
არაფერია, გადაგივლის მალე წყენაც და კვლავ გაიღიმებ უარაფრო ღიმილით კაცის, ხელში უფილტრო სიგარეტის კოლოფს რომ ჭმუჭნის და მთელი ქუჩის სიმარტოვე კვამლის საკაცით- მიაქვს ქალაქში, სადაც ისე იკარგებიან- ბგერის ამოთქმას ვერ ასწრებენ კუთხიდან-ტუჩის და მარტოობის დასიცხული ქვეშაგებიდან წვეთავს სიჩუმე. მუდმივობის ერთი ლაყუჩი მოაჭერი დროს, რომ უშენოდ ვერ შეძლოს სუნთქვა, გვირაბის ბოლოს უკანასკნელ ბრონქოსპაზმამდე, შენს თავს თუ გაცდი გაცდი შენს თავს და მაინც გინდა უკან დაბრუნდე ან უბრალოდ ისევ დაზავდე შენივე თავთან და ეს წყენა არ გიღის სულაც, არ მოგენატროს დარჩენილი თავს უკან რაღაც იმად, რომ შენი სამარშრუტო ტაქსი წასულა დაიგვიანე. ან მარტივად, იქნებ დაგღალა გაჩერებებმა შუქნიშნებთან, როცა ქალაქში, იკარგებიან უნებართვოდ და გაფრენიდან სრულ დაშვებამდე- ან სრულ შვებამდე ვერ ასწრებ ლოცვას, ვერ ასწრებ ღიმილს როცა უცებ დამუხრუჭება- სხეულს, უფილტრო სიგარეტის ყუთივით ჭმუჭნის ეშვები ღიმილს და კარს უკან მზე იხუჭება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი