მწვანე მონასტერი (დაბრუნება)
შემხედე. მოვდივარ თვალებახვეული ასფალტზე, შიშველი ფეხებით ქალაქის მტვრიან გზას მოვათრევ. გვირილას ფურცლები შარაზე შორი-შორ დავფანტე ხელების ცეცებით ვკარგე და კვლავ ვპოვე სიმართლე. ქარი წამომჯდარა ღრუბლების სალოსად ხიდისთავს, ხიდსიქით ელავს და იღვრება გობიდან ცრემლები. მეც ვტირი ხანდახან, იმდენჯერ წავაგე სიკვდილთან, მეც ვაგებ ხანდახან... ხანდახან ვდუმვარ…და ვჩერდები შენს წინ და თუ მაინც მწვანეში, მწვანით ვერ ვიწყები ქვას ხელი არ ახლო! წყენით მეუბნები. მდინარემ ოცდაორ კალმახად ტანზე დაიყარა წინწკლები ვიდინე ტაძრამდე, დინებამ ხანდახან მინარეთს მიმაგდო და მაინც მტვრიანი შიშველი ფეხებით მოვედი ქალაქის დაღლილი ნაცემი ღამიდან. შენ იცი, რომ წავალ და მაინც სველ შუბლზე მეხები, შენ იცი, რომ წავალ და სიკვდილს დავიწყებ თავიდან. რამდენ ხანს გეძებდი. რამდენ ხანს... უთუოდ იცოდი მერე რა, თუ მაინც მწვანეში არ ჩანდა სამრეკლო, დამსაჯეს და ალბათ მე ხარკად დამადეს სიცოცხლე რომ ამ ჯოჯოხეთის კარები ლექსისთვის გამეღო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი