.. ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ


შენ, ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
რომელ უცხო მიწაში გაიდგი მზემოკიდებული ფესვები,
რომელ უთვისტომოს მიადექი მიუსაფარი,
ვის კარზე ითხოვე თანაგრძნობა მოწყალებასავით,
ვისი კაბა ჩაიცვი, - ფერი? – წითელი თუ შავი.
სახელი რა გქვია?
ეკატერინე? კატო? ეკა?
თმა ისევ ისეთი შავი გაქვს, თუ უკვე შეიბუდა
ჩრდილოეთის დათვმა და უგაზაფხულო დღეებში
მოხრილი თათი ისე ჩატორა,
გეგონება თაფლს იღებსო სკიდან.
თავი, თავი ისევ გაწუხებს?
როგორი გაგიშვი იქით. ახლაც გხედავ,
უძილობისგან შეშუპებული თვალებით,
მობარბაცე, მოლოდინით ავსებული სხეულით..
რამსიმძიმე სიკვდილისთვის გამიმეტებიხარ.
ნეტა თუ გივლის მანდ ვინმე?
იპოვე? ვერა?
ეს რა უგულოდ მოსთქვამენ ჩვენზე.
ჩემზე და შენზე.
შენზე _ იქ, სამუდამოდ წასულზე.
ჩემზე - აქ უშენოდ დარჩენილზე.
რას სტირის ეს ხალხი, ეკატერინე?
შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
ამდენ სიკვდილში თვალსა და ხელს შუა ისე მენგრეოდი,
საომრად შემართულს შენი ნამტვრევები
ტერფებში რომ მერჭობოდა,
პოლიეთილენის პარკებს ვავსებდი და ვყრიდი.
ვავსებდი და გყრიდი.
რას იტყვის ხალხი?
რატომ მაღელვებდა ეს ყოველთვის და
შენი მყიდე სხეულიდან თავისუფლებას
გაწყვეტილი კრიალოსანივით რისთვის ვფანტავდი.
რამდენი სიკვდილი იყო ეკატერინე..
მე და შენ
მე და შენ ვიცით მარტო.
მეტი არავინ.
და მაშინ, როცა შენ ოთხად მოკეცილი
კი არ ტიროდი, დაჭრილი ნადირივით გმინავდი,
მე მაგ გახსნილ ჭრილობებზე წურბელასავით გეკვროდი.
გწოვდი და ვწერდი.
და დილით, როცა სახეს მაკიაჟით შევისწორებდი,
ხალხს გმირი ვეგონე.
შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
ყოველ ღამით პირჯვარის გადაწერისას
ღმერთს ჩემს კარგად ყოფნას რომ სთხოვდი,
მე კი, ღმერთი მხოლოდ მაშინ მახსენდებოდა,
როცა დაწერილი სიტყვა განაჩენად მექცეოდა ხოლმე.
მხდალი ვარ ეკატერინე.
ყველაზე მხდალი.
და სიყვარული?
თვალწინ ბავშვივით თვალებანთებული მიდგახარ,
ხუთფურცელა იასამანს გამალებით რომ ღეჭავს და..
მე! მე სულ მეგონა, ვერ გაგიგებდნენ,
შენს გულწრფელობას სინამდვილე დაამარცხებდა,
და ამიტომ სიტყვას ვნაყავდი.
რა გამოვიდა..
ამდენ სტრიქონებსა და ფორმებში მობორიალეს,
ამდენი ტკივილებითა თუ ცოდვებით კმაყოფილს _
ვერ გამიძელი
სიტყვა-სიტყვა დაგკარგე სადღაც.
შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
რომელ უცხო მიწაში გაიდგი მზემოკიდებული ფესვები,
ვის კარს მიუკაკუნე მიუსაფარმა,
ისინი ნახე?
უთხარი, უთხარი რომ..

სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. მოთოვოს. მოთოვოს.
ბუხრის წინ ფეხების მოკეცვა. ეს ნიშნავს თანხმობას.
ხის სახლში დღეების ჭრაჭუნი. და ცხელი სათონე.
და მერე ღრუბლები. ერთად ან პირიქით. კვერების დაცხობა.
სიჩუმე. ეს როცა, პოულობ თავს. ან როცა იზრდები.
იმდენად დიდი ხარ, რომ კოცონს ყინულზეც თამამად დაანთებ.
და მხოლოდ ჩასვლაა საჭირო მიწისქვეშ, რომ შენივ აზრებში
შენივე სიკვდილში იპოვო თავიდან. დუმილი. სიმართლე.
სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. რომ გარეთ ბარდნიდეს..
და ჭრელი თავშალი დავხიო უამრავ სურვილად. ჭინჭებად.
და რომ მოგონებას დავარქვათ უბრალოდ - ჩუმი და ადვილი.
და რომ გახსენება დაიწყოს მარტივად, სიტყვიდან – მჭირდები.
და ამ ჩემს ხმაურში ისეთი შორია ხანდახან სიცოცხლე,
რომ ღამით ჩურჩული მაღვიძებს. და როგორც სათავე _
მდინარის მოვდივარ. მოვდივარ. და ზამთარს ვამარცხებ.
სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. გათოვდეს. გათოვდეს.

შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
სადღაც ჩემს მიერ გადაკარგულო,
ყველა ჩემს სიტყვაზე ნამდვილი ხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი