ჩანჩურა ( თავი მეხუთე)


ზაფხულის ცხელი დღე იყო.
ყასბებმა ისადილეს,იქაურობა მოჰგავეს,ტროტუარები მორწყეს და მოსვენებას მიეცნენ.ზოგი დუქანში სთვლემს,ზოგი ისევ მუშტარს ელოდება,ზოგნი კი დუქნების წინ დამსხდარან და ცალი ყბით მოპირდაპირე ყასბებს ეკლაპარაკებიან.მთელ ბაზარში მოძრაობა შეწყდა.ყველა ისვენებს,იშხლართება და მაძღრად ამთქნარებს.
უცებ ქუჩის ბოლოს რაღაც ხმაურობა და სიცილი გაისმა.დუქნების წინ რამდენიმე ყასბის ბიჭმა გაირბინა.
-ცირკი!ცირკი!-დაიძახეს აქეთ-იქიდან და ეს ამბავი უმალვე მთელ ბაზარს მოედო.ხალხი ქუჩდება.
ცოტა ხნის შემდეგ ბებერი ყასბებიც დაიძრნენ.ქუჩის ბოლოს ხმაურობამ და სიცილმა იმატა.ყველა იქით გარბის,საცა უკვე ასიოდე კაცი შეგროვილა,შუაში ჩანჩურა,მურა და არტუშა ჩაუყენებიათ და იცინიან,ხარხარებენ,ჰყვირიან.
გაცხარებული არტუშა აქეთ-იქით დარბის,შამფურს იქნევს და გაჰკივის:
-განი!განი!განი!
როცა ხალხმა განი მისცა,არტუშამ ქუდი მოიხადა და ყველას ჩამოუარა.
-თითო შაური!თითო შაური!აბა,ჰა,მოწყალება მოიღეთ.თორემ ოთხი დღეა ჩანჩურა მშიერია.თიტო შაური ჩამოდით,თითო შაური!
აქეთ-იქიდან შაურიანები და ორ-კაპიკიანები ბლომად ცვიოდა არტუშას ქუდში.ჩასუქებული და სიცხისგან გაწითლებული ყასბები ტროტუარზე იდგნენ და,თუმცა ჯერ არავინ იცოდა ახალი,,შტუკა”,მაინც ყველანი წინდაწინვე იცინოდნენ და ყვიროდნენ:
-არტუშ,იმედი არ გამიცრუო,თორემ,ღმერთმანი,შენ მაგივრად ჩანცურას ვცემ, აი!
არტუშამ ჯიბიდან წითელი სისხლიანი ფილტვი ამოიღო,ორად გასჭრა,ქუდში ჩაიწყო და ტროტუარზე ჩამოჯდა.
სანამ არტუშა ფილტვსა სჭრიდა,მურა იმის წინ იდგა,ტუჩებს ილოკავდა,კუდს იქნევდა,მოუთმენლად ტოკავდა და წკმუტუნებდა.
ჩანჩურას ორივე ხელით პატარა და ღრმად ჩამძვრალი ეჭირა,ტოკავდა,ჰკანკალებად,იცინოდა და თავის წვრილსა და სრულიად მისუსტებულ ხმას
ათასნაირად უქცევდა.მისი სიცილის მაყურებლებიც თავს ვერ იმაგრებდნენ და გულიანად ხითხითებდნენ.
არტუშამ ფილტვის ერთი ნახევარი აიღო და დაიძახა :
-აბა,მურა, ყოჩაღად იყავი,თორემ თავდაყირა დაგკიდავ!
მურა ერთი ნახტომით ჩანჩურას ამოუდგა და უფრო უარესად დაიწყო ტოკვა,კუდის ქნევა,წკმუტუნი და კუდის ქნევა წკმუტუნი და ყეფა.
ჩანჩურამ დაიმკლავა,სიცილი შეწყვიდა,ერთი ფეხი წინ წასდგა და არტუშას ისევ ჩააცქერდა,თითქოს ცსადაცაა გადახტება და მოპირდაპირეს ერთი დარტყმით ძირს დასცემსო.
ხალხი მიხვდა ,,შტუკას”,დაიძრა და ყვირილ – ხმაურით წამოვიდა.
-ჩანჩურ,მაგრა დადექ!მაგრა დადექ!
-ყოჩაღად იყავ,ყოჩაღად,შე დალეულო,შენა!
-ჩანჩურ არ შემარცხვინო თორმ ვაი შენი ბრალი!
ჩანჩურამაც,თითქო წაქეზება გაიგო,თავის მომხრეებს კბილები დაუკრიჭა,თვის დაქნევით გამარჯვების იმედი მისცა და ფეხი შეიცვალა.
-მურა,შე პატრონ ძაღლო,შენა!
-პირდაპირ ცხვირში ეცი მაგ ჩანჩურას,მაგას!
-ისე სთეთქვე ეგ ჩანჩურას,რომ სულ თავბედი იწყევლოს!
მურამ გაიგო,რომ იმას ჩანჩურაზე მეტი მომხრე ჰყავდა და უფრო გაგულადდა.
-მურა ჩემი ფალავანია! – დაიძახა არტუშამ.
არტუშას ფალავანი ერთ ადგილზე შეხტა.
-ჩანჩურა ჩემი ფალავანია!
-მურა ჩემია!მურა ჩემია!
-ჩანჩურა ჩემია,ჩანჩურა! -ჰყვიროდა ხალხი და ყვლა სიცილით და ხელების ქნევით ამხნევებდა და აქეზებდა თავის ფალავანს.ზოგიერთებმა ნიძლავიც დასდეს.
-მურა!- დაიძახა არტუშამ და ის ხელი, რომელშიც ფილტვი ეჭირა,მაღლა ასწია.
მურა უკანა ფეხებზე ჩაცუჩქდა,არტუშას დააცქერდა და გაშეშდა.
ყვირილი და სიცილ-ხარხარი ერთი წამით შეწყდა.
არტუშამ ხელი აიქნია,ფილტვის ნაჭერი ჰაერში ააგდო და დაიყვირა:
-მურა,შეხტა!
მურამ ისკუპა თვალის დახამხამებაზე ჩანჩურას მხარზე მოაჯდა,მერე იქიდანაც ნახევარი ადლის სიმაღლეზე შეხტა,მაგრამ უკანვე გადმოვარდა.
ფილტვი,ჩანჩურა და მურა ერთად დაეცნენ მიწაზე,იმავე წამს ბრბომ ჰაერში შეანძრია.
მურა და ჩანჩურა მტვერში გორაობენ,ფართხალებენ და გაცხარებით იბრძვიან.ფილტვის ნაჭერის ერთი ნახევარი მურას უჭირავს პირში,მეორე ნახევარი და თვითონ მუირა კი-ჩანჩურას,რომელსაც ერთი ხელი მურასთვის ყელში წაუჭერია და მის დახრჩობას ცდილობს ,მეორე ხელით კი ფილტვს თავისკენ ეწევა.
-არიქა,ჩანჩურ არიქა!
-დაახჩე,ჩანჩურ,დაახჩე,დაახჩე!
-ზეზე ადექი, შე ჩანჩურავ, შენა!
-ა-აპა-პა-პა!ადგომა არ შეიძლება,არ შეიძლება!
მურა,შე პატრონ ძაღლო,შენა!
არ გაუშვა,არ გაუშვა!
ყველანი ჰკივიან,წინ მიიწევენ,იგინებიან,ხელებს იქნევენ,ერთმანეთზე,იწევენ და ერთმანეთს იჭერენ.ერთ ბიჭს პირში ოთხი თითი ჩაუდია,`მტვერში ამოგორებულ ჩანჩურას და მურას გარშემო ურბენს,და რაც ძალი და ღონე აქვს,უსტვენს.
განი,განი,განი!-სჭყივის არტუშა თან ციბრუტივით ტრიალებს ბურთივით დახტის და ჩანჩურას მომხრეებს შამფურივით ფეხებში სცემს.
-ნუ იცემები თორემ სუ კბილებს ჩაგამტვრევ!
-ნელა შე ვირთაგვა,შენა!
-არტუშ,დაჰკა!არტუშ,დაჰკა!-აქეზებენ მურას მომხრენი და არტუშაც გაორკეცებული სისწრაფით დარბის,შამფურს ელვასავით იქნევს და ხრინწიანი ხმით ჰყვირის:
-უკან,უკან,უკან!აბა,განი,განი,განი!
მურა თანდათან სუსტდება.ყვირილმა იმატა.ყასბებს მეტის სიცილისაგან თვალები დაეხუჭათ, ჩვრებივით ჩამოვებული ლოყები აუწითლდათ,ძარღვები დაეჭიმათ და მთელი ტანი უფამფალებთ.მთელი ბაზარი ჰგრგვინავს და ზანზარებს.პატარა ბიჭი მებრძოლთ ისევ გარშემო ურბენს და უსტვენს.იქვე ჩანჩურას და მურას მომხრენი ჩხუბობენ.გამარჯვებამ თითქოს ჩანჩურასკენ გადაიწია.
-არ გაუშვა!არ გაუშვა!
-ჰა ა-აი შე სამგლევ,შენა!
-ჰარიქა,ჩანჩურ,ჰარიქა,ჰარიქა!
მურამ ფილტვის ნაჭერს პირი გაუშვა.ძაღლის მომხრეებმა კიჟინა დასცეს და წინ წაიწიეს.ჩანჩურამ მტვერში ამოსვრილ ხორცს ხელი დასტაცა და თავის პირისაკენ გააქანა.
მურა გაკაპასდა,გაცეცხლდა,გაწიწმატდა.ერთი ნახტომით ჩანჩურას ზედ თავპირზე დააჯდა და ხორცის მეორე ნახევარს ეცა.
-უ-უჰ ,შენი ჭირიმე,შენი!
-ჩანჩურ,შეჭამე,შეჭამე,შე უბედურო,შენა!
-ცხვირში ეცი ,ცხვირში,მაგ ჩანჩურას,მაგას!
მურამ თავის მომხრეთა ბრძანება გაიგო,ფილტვს პირი გაუშვა და ჩანჩურას ეცა.ჩანჩურას ფილტვი ისევ პირში ეჭირა და გორაობდა,ხან პირქვე ხან გულაღმა წვებოდა,ორივე ხელით თავპირს იფარებდა და მხიარულად წკმუტუნებდა.მურა გარშემო ურბენდა.კბილებს აწკაპუნებდა,წინა ფეხებით თავპირს აკაწრავდა და ჰყეფდა.
მალე მურა და ჩანჩურა თავიანთ გორაობით და ფართხალით აყენებულ მტვერში გაეხვივნენ.ყასბებმა სიცილს ვეღარ გაუძლეს.
-ვაიმე დე -და!
-მოვკვდი..მიშველეთ!..
-ო-ო-ო,შე ეშმაკო შენა,შენა!
-ჩანჩურ,შენ გაგიწყრეს ჩემი გამჩენი,აჰა!
-განი,განი,განი!
-მურა,შენ გენაცვალე,შენა!
-ჩანჩურ,შე უბედურო,შენა!დაახჩე რაღა ეგ წუწკი, ეგა!
ყველანი აირივნენ,ატოკდნენ,შეჯგუფდნენ და მებრძოლთ ერთი ადლი ადგილიღა დაუტოვეს.
მტვერი გაიფანტა და ფალავნები ისევ გამოჩდნენ.ჩანჩურა გულაღმა იწვა,ორივე ხელი მურასთვის წაეჭირა,ფეხებს იქნევდა,ფართხალებდა ჰღმუოდა.მურა ჩანჩურას გულზე აჯდა და მისი დიდი ცხვირი კბილებით ეჭირა.ფილტვი იქვე მტვერში ეგდო.ხალხმა ყიჟინა დასცა და წინ წაიწია.
-აჯობა!აჯობა!გააშველეთ!-დაიყვირა უმეტესობამ და გასაშველებლად გაიწია.
-ჯერ არა!ჯერ არა!
-ვერ აჯობა,ვერა!-ყვიროდნენ ჩანჩურას მომხრენი,მაგრამ ვიღაცამ მურას ხელი დავლო,ჩანჩურას ცხვირს ძლივს ააგლიჯა,პირსისხლიანი ფალავანი ჰაერში აისროლა და მიაძახა:
-მურას გაუმარჯოს!ურა -ა-ა-ა!
-ურა-ა-ა-ა-ა!ურა-ა-ა-ა!-ჰგრგვინავდა ხალხი და შიშისაგან შეშლილ მურას ზევით ისროდა,ჰაერში იჭერდა და ისევ ისროდა.
გამარჯვებულნი ზევით წამოვიდნენ.წინ პატარა ბიჭები მორბოდნენ,ზოგნი კიდევ ძალზედ მოკუზულიყვნენ,პირში თითები ჩაედოთ,ხალხში თაგვებივით დაძვრებოდნენ და უსტვენდნენ.იმათ ერთი პატარა ბიჭი მისდევდა,რომელსაც ტალახში ამოსვრილი ფილტვი ნადავლივით თავზე დაედო და ნელი და ამაყი ნაბიჯით მიდიოდა.გამარჯვებული არტუშა წინ მიუძღოდა,ლოტბარივით შამფურს იქნევდა და ხრიწიანი ხმით მღეროდა:
-მოვდივართ,მოგვი-ი-ხარიან,მოგვყავს წითელი მურ-ააო-ო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი