პაპა დიმო (თავი მეორე)


სამან რეჯანი იღიმება, მისი პაპა დიმიტრი, რომელსაც შვილის-შვილმა პაპა დიმო დაარქვა, საგზალს ჰყიდულობს და ისევ მობარბაცებს. მოაქვს შაქარი, კარაქი, პური, ხიზილალა, ფორთოხალი და … ათიოდე ირისი! დიაღ ირისი! მართალია, რეჯანს არ უთხოვნია, მაგრამ უყვარს, ძალიან უყვარს, მაშასადამე…

მაშ რა დასაშურია ზედმეტი ორიოდე შაური!.. სხვა დროს ესეც სათვალავში ჩადიოდა, დღეს კი საანგარიშოდაც არ ღირს, რადგან მდიდარია დღეს პაპა დიმიტრი, მდიდარი! თხუთმეტი მანეთი აქვს ჯიბეში, თხუთმეტი! სამაგიეროდ, აღარა აქვს არც პაპიროსის მარაგი, არც პატარა სკამი, არც დიდი წითელი ყუთი, რომელსაც რეჯანმა „პაპას დუქანი“ დაარქვა.

დღეიდან დიმო აღარც დღე-ღამეს გასტეხავს ორიოდე აბაზის გულისთვის. სიცხე, წვიმა, თოვლჭყაპი, ყინვა, ქარი და მტვერი, ცის ყოველგვარი რისხვა პაპა დიმოს თავზე ტრიალებდა დღევანდლამდე. ამასაც აიტანდა მოხუცი – რატომ არა, ნაცადია, ნაწრთობია! – მაგრამ ვერ იქნა, ვერ შეათავსა მუდამ გარეთ დგომაც და რეჯანის მოვლაც.

აგერ, ორი თვე გახდება, რაც შვილის-შვილი დარეჯანი, ერთადერთი რაჯანი ავად გაუხდა. ყოველ საღამოს სიცხეს აძლევს. იმ დღიდან დღეში ათჯერ მაინც ჰკეტავს პაპა დიმო თავის „დუქანს“ და რეჯანის სანახავად მორბის.

მუშტარი შეჩვეულ ალაგზე რომ აღარ ხედავს პაპიროსის ყუთს, სხვასთან მიდის. ორ თვეში ვაჭრობა დაელია და სამ თუმნიდან სამ მანეთამდე დავიდა.

საბრუნავი თანხა გამოეცალა ვაჭარს, აღარც „შოთა“ აქვს, არც „ოცნება“, აღარც „პროლეტარი“ – ექიმმა, აფთიაქარმა და სანოვაგის დუქანმა წაიღეს პაპას კაპიტალი. მოხუცმაც ასწია დუქნის ნაშთი და გაჰყიდა.

არა უშავს-რა! ოღონდ რეჯანი მოჯობინდეს, თორემ პაპა დიმო კიდევ იშოვის ლუკმა პურს! ერთხელ და ორჯერ ხომ არ გასჭირვებია! ქვეყანა დიდია, საქმეც ბევრია! ოღონდ…

ოღონდ ის არის, რომ პაპა დიმო დაბერდა, ძალიან დაბერდა! ხუთი წელიწადიც არ იქნება, რაც თავის თმასა და წვრში ეძებდა და თითო ოროლად ჰპოულობდა თეთრ თმას. ეხლა კი შავს ეძებს და ვეღარ ჰპოულობს. დაითოვლა, დაივერცხლა პაპა დიმო!

ესეც არაფერი! თვალთ დააკლდა, სმენა დაუჩლუნგდა, მუხლი ედრიკება, ხელი უცახცახებს და თვითონაც ლასლასებს, თორემ სხვაფრივ… სხვაფრივ არა უშავს პაპა დიმოს!

– ეეეჰ, დასწყევლოს ღმერთმა ბედის ჩარხი, თორემ რა გვიშავდა უწინ, შვილო რეჯან!

და დარეჯანს მეოცე თუ მეორმოცეჯერ უამბობდა თავის ამბავს – უბრალოს, შორეულსა და სანატრელს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი