პაპა დიმო (თავი მეექვსე)
იმ დღიდან პაპა დიმო თითო აგურს აცლის თავის ქოხს: ჯერ ‘ზედმეტი“ ჭურჭელი გაიტანა ბაზარში, მერე ორი სკამი გაათრია, შემდეგ რეჯანის პაწაწა მაგიდა აიკიდა, ბოლოს ხის ტახტიც მიაყოლა. – არა მიშავს-რა, – ინუგეშა, – ტახტიც და იატაკიც ერთი მასალისაა, ესეც და ისიც ხისგან არის ნაკეთები. და კედლის ძირში დაიგო გაცვეთილი ლოგინი. შემოდგომა თავდება, ღამღამობით სუსხი წვება პაპასთან ერთად. შემოდგომას ფეხდაფეხ ზამთარი მოსდევს. ზედაზენის ხერხემალი დიმოს თავივით აჭაღრავდა, მაგრამ… – ზამთარი ჯერ შორს არის. – თავს იტყუებს პაპა დიმო და ზამთრის საბანსაც ბაზარში მიათრევს. რაც ზღაპრები იცოდა ან ოდესმე რასმეს მოჰკრა ყური, ათჯერ მაინც უამბო მოწყენილ შვილიშვილს. ეხლა თვითონვე იგონებს და ჰქმნის – ბორძიკით და ნაძალადევად. – იყო და არა იყო-რა. იყო ერთი ქალი… – რა ერქვა? -აწყვეტინებს სნეული. – რეჯანი ერქვა, ნესტან დარეჯანი. – ვიცი, არ მინდა. რიგ-რიგობით გავიდნენ ოთახიდან პაპას ქურქი, ძველი ჩექმები, დახეული ლექსიკონი და დაკონკილი საცვალი. ტიოკოლი ძვირი წამალია. ბალიში თუ იყიდის – ბუმბულის ბალიში! არა უშავს-რა! პაპა დიმო რეჯანის წიგნებს ამოიდებს თავქვეშ. და გაცრეცილი მოხუცი ამერიკულ ბაზარზე ხრიალებს: – ბალიში!.. ბუმბულის ბალიში!.. იმ ღამეს თეთრი ზამთარი ზედაზენიდან ქალაქში ჩამოცოცდა და იმ პაწაწა ოთახშიაც ჩასახლდა. პაპა დიმო ციებიან ქათამივით მოიბუზა, რაც რამ იყო დასაფენი, რეჯანს დაახურა, მაინც ვერ უშველა. – პაპილო, ცივა. – ეხლავე, შვილო, ეხლავე… მოითმინე, შეშას ვიყიდი. და ბაზრისკენ ღელვით მიდის მატყლის ლეიბი. ხოლო მის ქვეშ ჩანჩალით მოაბიჯებს ორი გამხდარი ფეხი. ცივ იატაკზე ცივი ძვალი ვერ გათბება. პაპა დიმო ოხრავს. კვნესის სიბნელეში, ჩუმი ცრემლით სტირის. – პაპილო, მოდი ჩემთან, დავეტევით, – ეპატიჟება რეჯანი. პაპა დიმო კბილებს აწკარუნებს და ბავშვის ლოგინში მიცოცავს, თან გაუგებარს ბუტბუტებს და კიდევ დიდხანს ცახცახებს. – უ-უ-უჰ, რა ცივი ხარ! გამყინე, – ჩურჩულებს რეჯანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი