პაპა დიმო (თავი მეშვიდე)


შეშა დაიწვა, ტიოკოლიც გამოილია. წყლის ფულს მეათეჯერ თხოულობენ. მენავთე იბღვირება. მედუქნე იღრინება. მერძევე წრიპინებს. ხაბაზი ცივ უარზეა. ექიმი ამრეზილია. თითქოს პირი შეჰკრესო, აღარავინ იძლევა ნისიად.

ბავშვი ქათმის ფრთას თხოულობს – უყვარს ფრინველის ხრამუნი, ზოგჯერ ხიზილალას გაიხსენებს, ხან ფორთოხლის წვენით მოისურვებს სიცხის განელებას. მაგრამ პაპა დიმოს აღარაფერი აქვს. არც საბანი, აღარც ბალიში, არც ქურქი -არაფერი, აღარაფერი!

მთვრალივით დაბორიალობს დაცარიელებულ ოთახში და თვალით ეძებს გასაყიდს. არაფერი! აღარაფერი!

ამას წინათ ექიმმა თავის ფულით მოუტანა წამალი. ესეც გამოილია. დღესაც უნდა შემოიხედოს. ან ეგებ აღარც მოვიდეს!

– ვაი მე!.. ვაი მე, შვილო!

– რა იყო, პაპა დიმო? – ეკითხება მილეული ხმა.

მოხუცს თავისივე კვნესის შეეშინდა:

– არაფერი, გენაცვალოს პაპილო… არაფერი, კბილები ამტკივდა, მეტი არაფერი.

და ბოძივით დაერჭო ოთახის შუაგულში. ნისლი თუ ჩაუსახლდა თავში. გამხმარი ტვინი აღარ მუშაობს. საფეთქლებში ჩაქუჩებს უკაკუნებენ. გაქვავებული ძვლები უკვნესიან, დაღლილი ტანი უბჟუის, ემტვრევა და უცახცახებს. ალბათ გაცივდა პაპა დიმო.

ჰსურს რაღაც მოიგონოს, რაღაც მოისაზროს, იწურება, მაგრამ ამაოდ, არ იცის, ვის მიადგეს, ვის შეეხვეწოს, ვის გაუშვიროს ხელი. არ იცის ქვას ახალოს თავი, თუ ქვა ითხლიშოს თავში. აქამდე ფართხალებდა მაინს, ეხლა კი იძირება, ლოდივით იძირება!

– ვინა ხართ ქრისტიანი, – აგონდება შეჩვეული შეძახილი, – ვინა ხართ ქრისტიანი, უშველეთ დარეჯანს, პატარა რეჯანს! – ჰკვნესის გულში და გაცრეცილ კედლებს ათვალიერებს.

მაგრამ ნესტიანი კედლებიდან და ბინდიანი სარკმელიდან ორივე თვალით სიკვდილი იჭყიტება.

უცებ რაღაც მოაგონდა პაპა დიმოს:

მორკალული წელი გაისწორა, გაიღიმა და დაფაცურდა. ჩქარა ქუდი! მალე, ქამარი! მაზარა, მაზარა რა იქნა? ჰო, მართლა: მაზარაც ბაზარში წაიღო. არა უშავს-რა! უმაზაროდაც აირბენს. აქვეა, მეხუთე სახლია აქედან.

გარეთ ცივი ქარი ზმუის, ჰკვნესის, ღრიალებს. პაპა მგონი ავად არის, მაგრამ… რა დროს ეგ არის! აბა, ჩქარა, სირბილით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი