კურდღელი (თავი პირველი)
პროფესორ მიხეილ ასათიანს, რომლის ნაამბობმა დამაწერინა ეს მოთხრობა. ავტორი – სიდონი, შვილო სიდონი! – დასჩურჩულებს სიბნელეში მართა საწოლზე გაშოტილ თავის ერთას. – გესმის, შვილო? – რა გინდა, რა გაყვირებს?! – წყრომით ჰკივის პასუხი. – ადე, შვილო, სტუმარი მოგვივიდა. – სტუმარი? – შეალბილა სიდონიამ – ვინ არის? – პროფესორია, შვილო, პროფესორი ფრიდონ დორაშვილი. – მართლა?! ეხლავე გამოვალ. და ელექტრონის ჭაღმა უცბად გაანათა თეთრად მორთული საწოლი ოთახი: თეთრი კედლები, ორი თეთრი ლოგინი, თეთრივე მარმარილოს მაგიდა და ახალგაზრდა ქალი – ისიც თეთრ-კაბიანი და თვითონაც იმ სათამაშო კურდღელივით თეთრი, რომელიც მკერდზე აქვს მიხუტული. თეთრმა ძაღლმა – პატარა შპიცმა – თეთრი ზეწრიდან დედოფალას მსგავსი თავი ამოჰყო და, ტალანიდან უცხოს ხმა რომ გაიგო, ისკუპა და კაპასი წკავწკავით მეორე ოთახში გავარდა, თანაც გრძელი და აბურძვნილი ბალანი რხევით და პენტვით გაიტანა. ბალიშზე მოხვეულმა კატამ, ისევ თეთრმა და გრძელ-ბეწვიანმა, წელი მოირკალა, თათით ცხვირი მოიწმინდა. მერმე იმანაც ისკუპა და ვეფხური ნაბიჯით შპიცს გაჰყვა. მართაც გავიდა და კარი გაიხურა. სიდონია კი სატუალეტო მაგიდას მიუჯდა და ისე დააშტერდა სარკეს, თითქოს იქ, იმ სარკის უკან, უცნობი ქალი იჯდაო. ძლივსღა იცნო თავისი თავი. სიდონია ისედაც ფერმკრთალი იყო, ეხლა კი… დღეს კი მართლა იმ კურდღელს დაჰმსგავსებია, რომელიც ისევ მკერდზე აქვს მისვენებული. ლოყებიც ისე ჩაუცვივდა, როგორც ჯუანშერს ჰქონდა ჩაცვივნული – ჯუანს, ჯანს, ჯონს, ჯანშეს, თავის შვილს, ოთხი წლის ბიჭიკოს, ფუნთუშას და ფუნჩულას, რომელიც დღეს დამარხეს… ასე ამბობენ, დამარხეს… სხვები ამბობენ, თორემ… ნამდვილად… ჯუანშერი ხშირად ჩაუჯდებოდა დედას კალთაში, იღლიაში იმ თეთრ კურდღელს ამოიდებდა, ეხლა რომ სიდონიას ჩაუხუტებია, და ხან დედას შესცქეროდა, ხან კურდღელს ჩააშტერდებოდა და აიჩემებდა: – დედილო, შენ ჩემ ბაწიასა ჰგევხარ. – ჰო, შვილო, ვგევარ. – უპასუხებდა. – ბაწიაც შენა გგავს. – ჰო, გენაცვალოს დედა, მგავს. ეხლაც გაიღიმა და გუნებაში უპასუხა – იმას, ვინც… რომელიც (რომელიც თუ ვინც?)… იქ, შავ მიწაში წევს (წევს თუ დევს?) – სწორი თვალი გაქვს, (გაქვს, თუ გქონდა?) ჩემო ფუნთუშა, ჩემო ჯუან… ჯანშე… ჯუანშერ: მე და შენი ბაჭია ძალიან ვგევართ ერთმანერთს. და სარკეში უცებ თვალი მოჰკრა გაბზარულ ღიმილს. კურდღელი სარკის წინ დასდო. ჩაცუცქულან პირისპირ თეთრი ბაჭიები და გაოცებით უმზერენ ერთმანეთს. – ამ კურდღელმა მეორე გააჩინა, აგერ ის, სარკიდან რომ იჭყიტება, – ფიქრობს დედა, – როგორც მე გავაჩინე ის… ჩემი ბაჭია, ეხლა რომ სადღაც მიწაში (წევს თუ დევს?)… ერთი კურდღელი ჩემია, მეორე კი იმისია, ჯუანისა, რომელიც ეხლა იქ… (მაინც არ იცის, წევს თუ დევს?). ჩააშტერდა მეორე ქალსაც, სარკეში რომ იჯდა, და სახე რომ კირით ჰქონდა შელესილი. სიდონიასი აღარაფერი აქვს იმ დედაკაცს: დაბერებულა, შავი თვალები უფრო შავს ორმოში ჩასცვივნია, და იქიდან უცნაური ნაპერწკლები ელავენ – მოუსვენარნი, უაზრონი, არეულნი. მარტო თმა-ღა შერჩა სარკის ქალს სიდონიასი – ხშირი, აპენტილი, მუქი ჩალის-ფერი – ალბათ ისიც სიდონიასავით ოქსიჟენს ხმარობს, წყალბადის ჭარბჟანგით იღებავს. – ცხადია, – ფიქრობს სიდონია და თეთრი ხელებით მარდად ივარცხნის და ილაგებს იმ თმას, – ცხადია, მე სხვა ვარ, ეს ქალი კიდევ სხვა ვიღაც არის. მე ვარ სიდონია, სიდონია სტავრიშვილისა, ის კი უცხოა, უცნობია. რაკი ეს ქალი ხმას არ იღებს, რადგან მუნჯია, მე თვითონ დავარქმევ სახელს – თუნდაც სალომეს. ორივემ ერთმანეთს სალამი მისცეს, გაუღიმეს, თითქოს ურთიერთის გაცნობა გაუხარდათო. სიდონია მართლა გამხიარულდა. – მაშ ასე: – განაგრძო ფიქრი თავისთვის. – მე სიდონი მქვიან, ამას კი – სალომე. და ესეც სტავრიშვილის გვარისა იყოს, ედიშერის ცოლი, ხა-ხა! რა კარგია! ჩემს ქმარს ორი ცოლი ეყოლება – სიდონია და სალომე. ხი-ხი! გათათრდეს და ჰარამხანა გახსნას, ხი-ხი-ხი! რადგან მე არა ვყოფნი, მეორეც გაიჩინოს. მუდამ სჩივის – ცივი ქალი ხარო. ეხლა ცხელიც ეყოლება. ხა-ხა! ალბათ მე თავს დამანებებს, მომასვენებს. ან განა ღირსი არა ვარ! ხუთი წელიწადია მტანჯავს. დღესაც ვერ გამიგია, რა აგიჟებთ ხოლმე ცოლ-ქმარს. სიყვარული ადამიანს თავსაც კი მოაკვლევინებს, მაგრამ ის… ფუჰ! მადლობა უფალს, თითქმის ხელი აიღო ედიშერმა ჩემზე – გადავაჩვიე. ეხლა შენ ემსახურე, სალომე, – ეჩურჩულება სარკეში მჯდომ ორადს და ნიშნის მოგებით თავს უქნევს. სალომეც თავს უქნევს, თითქო სარკიდან თანხმობას უთვლისო. სიდონია კი ისევ აგრძელებს: – ეს კიდევ არაფერი: მე ბედნიერი ვარ, რადგან ორივე შვილი ცოცხალი მყავს, შენ კი – საწყალო, უბედურო! – შენ პირმშო ჯუანშერი მოგიკვდა… აგერ ის, დღეს რომ დამარხე. უმცროსი კი, პაწაწა კატო (ღმერთო ჩემო, რა უშნო სახელი დაგირქმევია!) ისე შეიჯავრე, რომ შენმა ქმარმა ედიშერ სტავრიშვილმა (ეს გვარიც უშნოა!), შვილი მოგაშორა და თავის ძმის ოჯახში გაჰგზავნა. საწყალო დედავ!.. უბედურო!.. საბრალოვ! და ერთმანეთის სიბრალულით ორივე დედა სტირის – ცოცხალიც და ორადიც. ორივეს გამხდარ ლოყებზე მსხვილი ცრემლი ჩამოსდის, თან უმარილი ჩამოაქვს და ღაპა-ღუპით მარმაროს ფიცარზე იღვრება. – მართლა, სტუმარი! – გაახსენდა სიდონიას. ორივე დედაკაცი – სიდონიაც და სალომეც – უმალ გამოცოცხლდნენ: პირსახეები გაიშალეს. ერთმანეთს გაუღიმეს და წამოდგნენ. – მაშ ასე: გათავებულია, ქალბატონო სალომე. – მცირე რწმენით ეუბნებოდა გუნებაში სიდონია ორადს. – გადაწყვეტილია: თქვენი სახელი ამიერიდან სალომე იქნება – ეს პირველი. დღეიდან მე დავისვენებ, თქვენ კი ედიშერს ცოლობას გაუწევთ. ნუ შესწუხდებით, თქვენს მაგივრად მე ვიმუშავებ, ყველაფერს მე თვითონ გავაკეთებ, ოღონდ ჩემს ქმარს ამიერიდგან თქვენ უნდა მოუკლათ ჟინი. ამის მეტი საქმე არ გექნებათ, – ესეც მეორე. უფროსი ვაჟი – ჯუანშერი – თქვენ მოგიკვდათ, და თქვენ სინიდისსაც თქვენვე უნდა მისცეთ პასუხი, რადგან… მიზეზი თქვენც კარგად გეცოდინებათ, მე ნუღარ მათქმევინებთ, – ესეც სამი. ვინაიდგან ჯუანშერის სიკვდილი თქვენ გედებათ, ამიტომ დარდიც თქვენვე უნდა აიკიდოთ. თუ გნებავთ და შეგიძლიანთ, ზიდეთ სიკვდილამდე, თუ არა და – ვერის ხიდი აქვეა, – ესეც ოთხი და უკანასკნელი… მე კი თავი დამანებეთ და მომასვენეთ. დღეიდან თქვენთვის აღარ მეცლება… ორი შვილი მყავს გასაზრდელი – ჯუანშერი და კატო… რად მიცქერით აგრე? გიკვირთ, განა! საკვირველი არაფერია: მეც თქვენსავით ორი შვილი მყავს, დიაღ, ორი: ერთი ოთხისაა, მეორე – სამისა. თქვენი შვილებიც სწორედ ამ ხნისანი არიან. ჩემსას და თქვენსასაც ერთნაირი სახელები აქვთ – ჯუანშერი და კატო, ანუ კიტი. ისევ გაოცდით? საოცარი აქაც არაფერია. მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ჩემები ცოცხლები არიან… რამ გაგაოცათ, რა ვქნა?! ორივენი ცოცხლები არიან მეთქი – ჯუანშერიც და კატოც. თქვენი ჯუანშერი კი მოკვდა… დიაღ, მოკვდა. მონაწილე ვარ თქვენი მწუხარებისა… მესმის… ვგრძნობ. მეცა მყავს შვილები… მეც დედა ვარ, მაგრამ… ბოდიშს ვიხდი, უკაცრავად, სტუმარი მელის. ნახვამდის, საწყალო სალომე! მშვიდობით, უბედურო დედავ! სიდონიამ თეთრი კურდღელი ჩაიხუტა – სალომემაც. სიდონიამ ახალ დედას სიბრალულით შეჰხედა და დაბლა დაუკრა თეთრი თავი – სალომემაც. სიდონია კარებისკენ გამოტრიალდა – სალომემაც ზურგი შეაქცია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი